გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას პოლიტიკურად ეს რაუნდი წაგებული აქვს

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას პოლიტიკურად ეს რაუნდი წაგებული აქვს

პოლიტიკურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს რაუნდი მოიგო, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას.

 

რაც შეეხება საარჩევნო გზით "აბაროტის" აღებასთან დაკავშირებით უგულავას განცხადებებს, ხუხაშვილის აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების შანსი არ აქვს.

 

"პოლიტიკურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს რაუნდი მოიგო. ახლა ის შეეცდება, ამაზე ააგოს თეორია, რომ რევანშს აიღებს, ანუ ცდილობს, ფსიქოლოგიური უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოს და ამით გაიმყაროს თავისი პოზიციები. თუმცა, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით, საარჩევნო გზით "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური წარმატების მიღწევის საშუალება ნამდვილად არ აქვს, გამორიცხულია 2016 წლის არჩევნები მოიგოს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არის ცუდი, აგრეთვე ფიქრობენ, რომ ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით არის კიდევ უარესი. ამ ქვეყნის პრობლემა არის ზუსტად ის, რომ დღეს ჩვენ მთლიანად პოლიტიკური ელიტის კრიზისში ვართ. 

 

ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" შანსი არის არა 2016 წლის არჩევნები, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდი, რომლის გათამაშებაც მას შეუძლია და, როგორც ჩანს, პარტიის გეგმები ზუსტად ასეთია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა ციხეში ისევ შეაბრუნონ, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს "ქართული ოცნებისთვის" "მეორე უბედურება" იქნება.

 

"ხელისუფლებას პოლიტიკურად ეს რაუნდი წაგებული აქვს და წაგებული აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც. ახლა "ნაციონალური მოძრაობა" ზეიმობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ზეიმი არ იქნება ხანგრძლივი. დიდი შანსია, უგულავა შეაბრუნონ, მაგრამ მისი შებრუნება "ქართული ოცნებისთვის" მეორე უბედურება იქნება. წარმოიდგინეთ, როგორ დაინახავენ გიგი უგულავას ციხეში შებრუნებას უცხოელები, რომელზეც კითხვები ისედაც ისმის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადამიანი გამოდის ციხიდან და მეორე დღეს მას ციხეში აბრუნებენ, აქ უკვე ხელისუფლების მხრიდან არავითარი ახსნა არ უშველის. ის განწყობა, რაც დასავლეთშია, კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

 

უშუალოდ გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას კი ხუხაშვილი "სწორს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ "მთელი ამ აბსურდის სათავე" პროკურატურაშია.

 

"ის, რომ უგულავა გუშინ ციხიდან გამოვიდა, არის სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად დარწმუნებული ვარ, იმ ბრალდებების უმეტესობაში მაინც, რაც წაყენებული აქვს, ის დამნაშავეა, თუმცა ფაქტია, რომ პროკურატურამ ვერ მოახერხა გონივრულ ვადებში ამ საქმეების დასრულება. შესაბამისად, ის რომ გუშინ ციხიდან გამოვიდა, არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ემოციებით და პირადი დამოკიდებულებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ და 9 თვეზე მეტი ადამიანი მიუსჯელად ციხეში არ უნდა იჯდეს. 

 

მთელი ამ აბსურდის სათავე კი არის პროკურატურაში ჩადებული. ყველაფერზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი, რადგან ვერ მოახერხა განაჩენის დადგენა ვერც ერთ საკითხზე. განვითარებულ მოვლენებს სამართლებრივ ჭრილში თუ განვიხილავთ, თვალნათლივ ჩანს, რომ პროკურატურტა როგორც ბრალდების მხარე ვერ შედგა. იქ არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემები და ეს ახლა კიდევ უფრო გამოჩნდა. რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო ნელ-ნელა იწყებს ფორმირებას, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაც ნამდვილად პოზიტიურად უნდა იყოს შეფასებული", - განმარტა გია ხუხაშვილმა.

 

 წყარო ipm.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: