თამარ სანიკიძე: მობილობის წესში გარკვეული შეზღუდვებია

თამარ სანიკიძე: მობილობის წესში გარკვეული შეზღუდვებია

კერძო სექტორი ზიანდება, როცა მშობელს კერძო სკოლაში შეყვანიდან 2-3 დღის მერე უნდა, პირველკლასელი შვილი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, სწორედ კერძოდან საჯარო სკოლაში პირველკლასელების ხელოვნური ნაკადის გადინების თავიდან აცილების მიზნითაა შემოღებული მობილობის წესში გარკვეული შეზღუდვა. 

 

"საქმე ეხება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სწავლა დაიწყო სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სწავლის თარიღზე უფრო გვიან და მხოლოდ პირველ კლასელებს. გარკვეული შეზღუდვა არის მობილობის წესში, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გვიან იწყებს სწავლას, პირველკლასელების მობილობა არ განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, ისე როგორც ხდება მეორე კლასიდან და ზემოთ. იმიტომ რომ, როდესაც დაშორება არის საგრძნობი, იქ ყველა დღეს მნიშვნელობა აქვს პროგრამის თვალსაზრისით. ასევე ამით ჩვენ გვინდა ხელი შევუშალოთ ბავშვების მექანიკური და ხელოვნური ნაკადების გადმოდინებას კერძო სკოლებიდან საჯაროში. არასწორია, როცა მშობელს უნდა საჯარო სკოლაში გადაიყვანოს პირველკლასელი შვილი კერძო სკოლაში შეყვანიდან მეორე და მესამე დღეს, რადგან იქ შეიყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ გვიან დაიწყო სწავლა და საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების მომენტში 6 წელი არ შესრულებოდა. ეს აზიანებს კერძო სექტორს, რადგან კერძო სკოლებს დაგეგმილი აქვთ რესურსი - პედაგოგი, მისი ანაზღაურება, საათობრივი ბადე, სახელმწიფოდანაც მიდის იქ ვაუჩერი, ამიტომ ასეთი ხელოვნური ნაკადების გადმოდინება არ იქნება სასურველი და კარგი არც კერძო სექტორისთვის და არც საჯარო სექტორისთვის", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: