ფრთხილად, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, ანუ, უნდა მოვუხადოთ თუ არა აფხაზებს ბოდიში?!

ფრთხილად, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, ანუ, უნდა მოვუხადოთ თუ არა აფხაზებს ბოდიში?!

ამ ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში ჩემმა ფეისბუქმეგობარმა ბატონმა ზვიად ტომარაძემ ერთი შეხედვით უწყინარი, სინამდვილეში კი სახიფათო (ყოველ შემთხვევაში არასასიამოვნო) სტატუსი გამოაქვეყნა.

 

არ მიყვარს სხვის „თეთრეულში“ ქექვა, მაგრამ ზემოთხსენებულ სტატუსში წამოჭრილი (მიძინებული და ხელოვნურად გაღვიძებული) თემა იმდენად მტკივნეულია ჩემთვის, საჭიროდ ჩავთვალე საკუთარი პოზიცია დამეფიქსირებინა. თუმცა, ვიდრე ჩემს კომენტარს გაგაცნობდეთ, გავარკვიოთ რა ეხებოდა ეს სტატუსი.

 

ბ-ნი ზვიადი (რომელსაც საკუთარი სტატიებით ვიცნობ და ხშირად მის პოზიციას ვიზიარებ) დღევანდელი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივას - „კამპანია ბოდიში“ _ იხსენებს, რომელიც მან თურმე 2007 წელს წამოიწყო (კამპანია უცხოური ორგანიზაციების მხრიდან სათანადო გრანტით დაფინანსდა).

 

როგორც ირკვევა, სტატუსის ავტორი არ ეთანხმება უჩა ნანუაშვილის მაშნდელ ინიციატივას, ანუ აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდას, მაგრამ ეს არ არის მთავარი, უფრო არსებითი ის გახლავთ, რომ მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს „სეფე-სიტყვა“ დაურტყამს და გრანტიჭამია ნანუაშვილისთვის ქუდით ქვა უსროლინებია (პრეზიდენტს „ფარდა აუხდია“ ნანუაშვილის მზაკვრობისთვის და გაუშიფრავს, რომ იგი ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებდა, რომ გრანტი მიეღო).

 

„რატომ უნდა მოვუხადოთ აფხაზებს ბოდიში?“ - რიტორიკულად სვამს კითხვას სააკაშვილი _ იმისთვის, რომ ვიღაცამ გამოგვყარა სახლებიდან, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს, რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, პატარა ბავშვები გაყინეს უღელტეხილზე და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს... არიან სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც იმაში იხდიან ფულს, რომ გრანტი აიღონ... ეს არ არის მარტო ბოდიში, ეს არის იურიდიული საფუძვლის შექმნა იმისთვის, რომ თქვენ იქ დაბრუნების უფლება აღარ გქონდეთ!“

 

გულწრფელად ვიტყვი: ეს სიტყვები მაშინაც რომ წამეკითხა, იგივე აზრზე დავრჩებოდი - ასეთი რიტორიკით ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ აფხაზებსა და ქართველებს შორის ხელოვნურად გაჩენილ უფსკრულს. თუმცა, სააკაშვილისგან უკეთესი არც იყო მოსალოდნელი...

 

მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული აფხაზეთის ტრაგედია, საჩოთიროდ მეჩვენა უჩა ნანუაშვილის 2007 წლის პროვოკაციული ინიციატივის ამოტივტივება და სტატუსის ავტორს მოკრძალებით დავუკომენტარე:

 

„ზვიად ბატონო, აფხაზეთი ძალიან ფაქიზი თემაა და ამიტომ, რაც ნაკლებად ვიხმაურებთ (ხაზს ვუსვამ, ვიხმაურებთ) მით უკეთესი.

 

ცუდია, როცა არგუმენტად სააკაშვილის განცხადება მოგყავთ, იმ სააკაშვილის , ვინც აფხაზეთის ჯერ კიდევ შენარჩუნებული ნაწილი ხონჩით მიართვა რუსებს(არაფერი მეშლება).

 

რაც იქ უბედურებებია ჩამოთვლილი, ყველაფერი იყო, მაგრამ, არ ვუფიქრდებით, რატომ მოხდა ასე?

 

ჩვენც დიდი შეცდომა დავუშვით და უფალმაც ჩვენსავე გამოსაფხიზლებლად ამ განსაცდელის (რეალობის) წინაშე დაგვაყენა!..

 

ახლა იმაზე კამათი, ჩვენ უფრო მეტი შეცდომა დავუშვით, თუ აფხაზებმა, ხეირს არ მოგვიტანს!

 

სხვა არჩევანი უნდა ვეძებოთ!“

 

ამ უწყინარ კომენტარს ბ-ნ ზვიადის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა - მან გაოცება ვერ დამალა და ისიც მისაყვედურა, რატომ „დავძვრები“ მის კედელზე (არადა, სტატუსი საჯარო იყო და მეც კომენტარის უფლება გამოვიყენე), ანუ, ამით იმის თქმა სურდა, რომ თუ არ მომწონდა მისი სტატუსი, უნდა „გამეტარებინა“.

 

დასაწყისშივე ვთქვი, სხვის „თეთრეულში“ არ ვიქექები-მეთქი, მაგრამ, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს, მითუმეტეს, ყველა ჯანსაღი ქართველისთვის ტკივილად ქცეულ აფხაზეთის პრობლემას ეხებოდა, გვერდს ვერ ავუვლიდი, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი საჩოთირო თემების შემოგდება არანაირად არ უწყობს ხელს ქართველთა და აფხაზთა შერიგების პროცესის დაჩქარებას. არადა, შერიგების და ურთიერთმიტევების გარეშე თანაცხოვრებაც შეუძლებელია...

 

რაც შეეხება თავის დროზე ნანუაშვილის მიერ შემოგდებული ქართველთა მხრიდან აფხაზებისადმი ბოდიშის მოხდის „კამპანიას“, ეს ზუსტად ისეთ განწყობას ქმნის და ისეთ შედეგს იძლევა, როგორც სააკაშილის განცხადებაშია დაფიქსირებული.

 

ჩემი პასუხიც ტომარაძის „გაოცებაზე“ ასე გამოვხატე:

 

„მაპატიეთ, მაგრამ, უფრო თქვენ მაოცებთ. რა შუაშია ბოდიშის მოხდა აფხაზებთან? 

 

როგორც ჩანს, ეს თემა საერთოდ, თავის დროზე პროვოკაციულად იყო შემოგდებული, მითუმეტეს, იმ ადამიანის მიერ, ვისაც დღეს სახალხო დამცველი ჰქვია და ვინც ტრანსგენდერული პროცედურების გამარტივებაზე საუბრობს! 

 

შემთხვევით არ მითქვამს კომენტარში, აფხაზეთის თემა ფაქიზი თემაა-მეთქი.თუ ჩვენ აფხაზეთის დაბრუნებაზე და აფხაზებთან თანაცხოვრებაზე ვფიქრობთ, კითხვა არ უნდა დაისვას: ვინ უფრო მეტად მტყუანია და ვინ უფრო მეტად მართალი. მე ვთვლი და ამას სარწმუნო ინფორმაციების და ხანგრძლივი ანალიზის საფუძველზე ვამბობ, რომ, ორივე მხარემ შესცოდა-არა აქვს მნიშვნელობა, ეს ცოდვები ქართველი ჩინოვნიკების კისერზეა თუ უბრალო ადამიანების (ფორმიანების თუ უფორმო მოროდიორების), ფაქტი ერთია - ჩვენ დავისაჯეთ!

 

მე გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი აფხაზეთში და მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ 80-იან წლების დასაწყისში ვგრძნობდი მოახლოებულ საშიშროებას! 

 

ასე, რომ, აფხაზეთი სრულიად საქართველომ დაკარგა... უფრო სიღრმეში ამ ეტაპზე არ შევალ! არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტ კოლხს, მე ძალიან მტკივა აფხაზეთი და ისიც მაქვს გააზრებული, როგორ შეიძლება იმ გაუცხოების შერბილენა და ხელოვნურად აღმართული კედლის დანგრევა, რომელიც უგუნური პოლიტიკით თავს მოგვახვიეს სატანისტებმა. თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ ჩვენივე ხელშეწყობით!

 

ჯერ ერთი, არ მესმის ეს თემა დღეს რაში დაგჭირდა, მეორეც, ჭრილობა მარილით არ იკურნება - მოსაშუშებლად უფრო „მალამოებს "იყენებენ! 

 

რაც შეეხება ბოდიშს, თუ ამაზე მიდგა საქმე, ბოდიში ორივე მხარემ უნდა მოვიხადოთ-სხვანაირად ვერ შევრიგდებით! დამიჯერეთ, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მარტო აფხაზებია დამნაშავე, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ!“

 

ეს არის ნახევრადემოციურ დონეზე გაკეთებული კომენტარი, რომელიც ბ-ნ ზვიად ტომარაძის ფეისბუქსტატუსს მოჰყვა. ამ თემაზე  საუბარს თუ უფრო დინჯად და გააზრებულად გავაგრძელებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთის ტრაგედია ათეული წლების მანძილზე მწიფდებოდა და მაშინ „გასკდა“, როცა ამის აუცილებლობა იგრძნეს!

 

აფხაზეთში ცხოვრების და მუშაობის მოკლე პერიოდში ვგრძნობდი, როგორ უცხოვდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და როგორ ცვლიდა იგი საკუთარ ეროვნებას სკამზე და კომფორტზე - სიცხადისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემს საყვედრუზე, რატომ ჩაეწერე აფხაზად-მეთქი, ერთ-ერთი სამშენებლო ორგანიზაციის მოლარემ გვარად ანჯაფარიძემ მოურიდებლად მითხრა: „სად გამომადგება მე თქვენი ქართველობა და თქვენი ქართული ენა?!“ იგივე მიპასუხა ერთ-ერთმა ქართული წარმოშობის ჩინოვნიკმა, როცა რუსულ სკოლაში ბავშვების შეყვანა ვუსაყვედურე: „მე მათ თბილისში სასწავლებლად და სამუშაოდ არ გავუშვებ, აქ კი მთავარი ენა რუსული ენააო!“

 

ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ასე იქცეოდა, მაგრამ სამწუხარო ტენდენცია რომ იყო ჩამოყალიბებული, ფაქტია.

 

განსაკუთრებით ნეგატიურ როლს თამაშობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოალატური პოზიცია - როცა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ საეჭვოდ დუმდნენ - თითს თითზე არ აკარებდნენ აფხაზეთში ქართული სულისა და ეროვნული პოლიტიკის დასამკვიდრებლად. მეტიც, მოღალატური წაყრუებით უფრო დიდ სტიმულს აძლევდნენ კომფორტზე და სკამზე დახარბებულ „ღამურებს“ _ იქ ვინც ქართველობაზე უარს იტყოდა და აფხაზად ეწერებოდა, ყოველთვის ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდა!

 

აფხაზეთის ტრაგედია ჩვენთვის მარად მოუშუშებელი ჭრილობა იქნება, მაგრამ ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ საშინელებებს მხოლოდ აფხაზები სჩადიოდნენ (თუნდაც გაგრის მაგალითი, როცა ქართველების თავით, თურმე, აფხაზები ბურთს თამაშობდნენ), არც ქართველებს დაუკლიათ (განსაკუთრებული სისასტიკით, თურმე, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასული სამხედრო ფორმირებები და მოხალისეები გამოირჩეოდნენ). ასე, რომ, როგორც ჩვენ, მათაც ყველაფერი ახსოვთ!..

 

სწორედ ამიტომ დავწერე, თუ ბოდიშის მოხდაზე მიდგება საქმე, ბოდიში ორივე მხარემ უნდა მოვიხადოთ-მეთქი.

 

დიახ, ამ ძმათამკვლელ ომში მართალი (გამარჯვებული) არ არსებობს და ჩვენც ამას უნდა შევეგუოთ!

 

კიდევ ვიმეორებ: სხვანაირად ვერ შევრიგდებით. ისიც ფაქტია, რომ აფხაზეთს ომით ვერ დავიბრუნებთ - რუსეთს ყალბი რიტორიკით და „ნატოს“ ოინებით დღეს ვერ დავაჩოქებთ!.. გონივრული პოლიტიკით კი შეგვიძლია, თავად რუსეთს ვათქმევინოთ, რომ აფხაზებთან თქვენ მოილაპარაკეთო!!! მოლაპარაკებას კი არა ნანუაშვილის ავანტიურისტული ინიციატივის და სააკაშვილის ასევე ავანტიურისტული განცხადების ამოქექვა, არამედ ჭეშმარიტად სახალხო დიპლომატიის ამოქმედება სჭირდება, რომელიც სახელმწიფო დიპლომატიის „ნაზავით“ უნდა იყოს გაჯერებული.

 

სხვა ყველაფერი შეგნებული პროვოკაციის ხასიათს ატარებს და არაფერი აქვს საერთო საქართველოს სისხლხორცეულ ინტერესებთან!

 

ასე, რომ ბატონებო, ფრთხილად, ცეცხლს ნუ ეთამაშებით!!!

 

მინაწერი: მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, სოფელში მეზობლები რომ წაკინკლავდებოდნენ და ერთმანეთს მამასისხლად გადაეკიდებოდნენ, „მომრიგებელი მოსამართლის“ „მანტიას“ ვისხამდით და ვცდილობდით, როგორმე შეგვერიგებინა. თუ რომელიმე მათგანი ქვას ააგდებდა, თავს შეუშვერდა და იტყოდა, მე მართალი ვარ და იმან ბოდიში მომიხადოსო, ხელებს კი ჩამოვართმევინებდით, მაგრამ მათი „ჰარმონიული“ მეზობლობა ძალიან ცოტა ხანს გრძელდებოდა. ხოლო, თუ ორივე თავს დახრიდა და ჩაილაპარაკებდა: შენც უნდა დაგეთმო და მეცო, ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდებოდა.

 

ასე იქნება ქართველებსა და აფხაზებს შორისაც - თავი ორივემ უნდა დავხაროთ და ერთმანეთს პატიება ვთხოვოთ, უფალიც შეისმენს!

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: