გიორგი მარგველაშვილმა "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" 20 წლის იუბილე მიულოცა

გიორგი მარგველაშვილმა "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" 20 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" 20 წლის იუბილე მიულოცა:

 

"ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ ორგანიზაციის საიუბილეო თარიღს. საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისთვის არსებითია ხალხის ინტერესების შესაბამისი, სტაბილური, ევროპული ტიპის  პოლიტიკური სისტემა.

 

ასეთი სისტემის ფორმირებისათვის კი საკვანძოა სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა. ამდენად, არჩევნები, მისი სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფოებრივი ძლიერებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია.

 

უკვე ორი ათწლეულია თქვენი ძალისხმევა სწორედ საარჩევნო სისტემის სრულყოფის, არჩევნებისადმი მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებისაკენაა მიმართული. ეს ისტორია ახლობელი და ძვირფასია ჩემთვის: მე კარგად მახსოვს "სამართლიანი არჩევნების" პირველი ნაბიჯები, უშუალო მონაწილე ვიყავი იმ ენთუზიაზმისა, რომელმაც მძლავრი და ხანგრძლივი სტიმული მისცა თქვენ საქმიანობას.   ამ წლებში გაწეულმა შრომამ დამსახურებულად მოგიპოვათ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია და გამორჩეული ადგილი არასამთავრობო სექტორში.თქვენ იცით, რომ საარჩევნო სისტემის სრულყოფის პროცესი ჩემი განსაკუთრებული ყურადღების საგანია.  იცით ასევე, რომ ყოველთვის მზად ვარ თანამშრომლობისათვის. მოხარული ვარ, რომ ერთიანნი ვართ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არჩევნების შესახებ  სამოქალაქო თანხმობის მიღწევას ესწრაფვის. ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით და მწამს, რომ ჩვენი, სხვა თანამოაზრეებისა და საზოგადოების კიდევ უფრო მეტი გარჯის შედეგი სულ მალე აისახება  გამართულ საარჩევნო სისტემაში, რომლისთვის შრომას დაუღალავად უძღვნით თქვენ ცოდნასა და ენერგიას.

 

 დაე, მომავალი მეტი წარმატებებისა და განვითარების, თქვენი შრომის ხელშესახები შედეგების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის."- აღნიშნავს პრეზიდენტი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: