აჭარის ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

აჭარის ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 83-ე კმ-ზე მიმდინარე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. გზის აღნიშნული მონაკვეთი, ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია, რადგან უამინდობას მაშინვე მიწის ჩამოშლა მოყვება ხოლმე, რაც გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. შეჩერებული სამუშაოებისა და მკაცრი კლიმატის გამო, შესაძლოა  სამუშაოების დასრულება დროულად ვერ მოესწროს.


აქ მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ დაათვალიერა.


შოთა მურღულიამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.


აჭარაში ვიზიტის ფარგლებში  შოთა მურღულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა და მასთან ერთად  მდინარე ჭოროხზე ე.წ. გონიოს ხიდის მშენებლობის საკითხი განიხილა. აღნიშნული ხიდი გონიოს და სარფის ბათუმთან კომფორტულად დაკავშირებას შეუწყობს ხელს, მით უმეტეს, რომ გონიოს ტერიტორია ინვესტორებისთვის ძალიან მომხიბვლელია.


დასასრულს უახლოვდება საავტომობილო გზის 106 და 109 მონაკვეთებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. გზის აღნიშნული მონაკვეთების რეაბილიტაციის აუცილებლობა სათხილამური კურორტის მშენებლობამ გამოიწვია. როგორც კონტრაქტორი კომპანია ”ზიმოს” ხელმძღვანელმა განაცხადა, სამუშაოები დროულად დასრულდება.


აჭარაში ვიზიტის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა. ამ ეტაპზე სამუშაოები  გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: