თედო ჯაფარიძე: ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რეფორმების განხორციელების პროცესშია

თედო ჯაფარიძე: ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რეფორმების განხორციელების პროცესშია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში სასამართლო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება:

 

"პატივი მაქვს, მოგმართოთ საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის სახელით. ამასთან, მოგმართავთ როგორც საქართველოს წარომადგენელი და ჩემს სიტყვაში სწორედ ამ მხრივაც გავაკეთებ შეფასებებს.

 

სოციალისტთა ჯგუფი სრულად გმობს წინასწარი პატიმრობის იმ პრაქტიკას,  რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ამ პოზიციის გათვალისწინებით,  მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ აგრამუნტს (რომელსაც დიდ პატივს ვცემ), იმისთვის, რომ მოცულობითი სამუშაო გასწია ამ ანგარიშის მოსამზადებლად.

 

ამასთან, ვშიშობ, რომ განსაკუთრებით დიდ მადლობას დღეს მას მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები გადაუხდიან, რომლებიც ჩემს ქვეყანაში ოპოზიციაში არიან და ისე მოხდა, რომ იმავე პოლიტიკურ ოჯახს განეკუთვნებიან, რომელსაც ბატონი აგრამუნტი წარმოადგენს.

 

სამწუხაროდ, ამ პარტიის წარმომადგენელთა  მიერ ტენდენციურად გადმოცემული ფაქტების ზუსტი ასახვა მოხდა ბატონი აგრამუნტის ანგარიშში, რომელსაც ობიექტურობაზე უნდა ჰქონოდა პრეტენზია.

 

მომხსენებელი მართლაც შთამბეჭდავად ახერხებს  კონკრეტული ფაქტების თუ მონაცემების გამოყენებას იმისთვის, რომ მსმენელმა  არასამართლიანი დასკვნები გამოიტანოს.

 

რამდენიმე ფაქტს, უფრო ზუსტად,  მხოლოდ ორ ფაქტს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას.

 

ფაქტი პირველი: ორი კვირის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს აღარცერთ შემთხვევაში არ აღემატება. ამ ზღვარის დაწესებით აღმოიფხვრა სამართლებრივი ხარვეზი, დაკავშირებული  წინასწარ პატიმრობასთან, რომელიც გაჩნდა 2010 წელს, ხაზს ვუსვამ, 2010 წელს, ჩვენი ახლანდელი ოპოზიციის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. "ენმ"-ს წევრებმა, რომელთა პოლიტიკურმა ძალამაც თავის დროზე ფართოდ გამოიყენა და ისარგებლა ამ  ხარვეზით, მოახერხეს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის და მათ შორის, სამწუხაროდ, ბატონი აგრამუნტის დარწმუნება იმაში, რომ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ დანერგა ის.

 

ფაქტი მეორე: 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ საქართველოში მმართველობის მთლიანი სტრუქტურისა და სისტემის რეფორმირება დაიწყო და პირველად ხდება, რომ ასე სერიოზულად ვცდილობთ, ვუპასუხოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას, განვახორციელოთ სასამართლო რეფორმა.

 

სასამართლოს დამოუკიდებლობა არ მიიღწევა სირთულეებისა და კრიტიკის გარეშე. კრიტიკა მისასალმებელია, თუმცა, კონკრეტული პირის დამნაშავედ ცნობის საკითხში დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება, როგორც "ბარბაროსულის",  ევროპული ღირებულებების შოკისმომგვრელ უარყოფას წარმოადგენს.

 

საქართველო კვლავაც ასრულებს თავის უფლებებს და შესაძლოა, დღეს ჩვენ არ ვართ იდეალური დემოკრატიის მქონე ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ ფუნქციონალური დემოკრატიის ქვეყანა, სადაც, მათ შორის, ჩვენი სასამართლოს რეფორმა ტარდება. ამასთან, გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ, რომ ნაადრევი დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რეფორმების განხორციელების პროცესშია", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: