გიორგი კვირიკაშვილი: ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ არასტაბილურია

გიორგი კვირიკაშვილი: ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ არასტაბილურია

გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის თემატურ სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე შეაჩერა.

"ადმიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ არასტაბილურია. სამოქალაქო მოსახლეობა მოკლებულია საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მინიმალურ გარანტიებს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები კვლავ მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და ზღუდავს მათ სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს", – განაცხადა მინისტრმა.

კვირიკაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არ მოქმედებს არც ერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი მრავალგზისი მცდელობისა, კვლავ უარს ეუბნებიან აღნიშნულ რეგიონებში შესვლაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისრის ნავი პილაის თქმით, რომელსაც ასევე უარი უთხრეს შესვლაზე, ცხინვალის რეგიონი იქცა "შავ ხვრელად" და ერთ-ერთ ყველაზე ძნელად შეღწევად ადგილად დედამიწაზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ ეძლევათ", – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენასა და უთანხმოებების აღმოფხვრის საქმეებს. " სრულად ვაცნობიერებთ, რომ შერიგების პროცესი, რომელიც კონფლიქტის შეწყვეტისკენაა მიმართული, ყველა მხარის უდიდეს ძალისხმევასა და თავდადებას საჭიროებს, და მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში"-დასძინა მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: