"ახალგაზრდა ადვოკატები": მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ორგანიზაცია "მოქალაქესთან"

"ახალგაზრდა ადვოკატები": მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ორგანიზაცია "მოქალაქესთან"

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ე.წ  "ნარუშილოვკებთან" დაკავშირებით ექს-პრემიერ, ბიძინა ივანიშვილის  განცხადებას ეხმაურება. 

 

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე  გამოძიება  შესაძლებლად მოკლე დროში დასრულდეს. 

 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება შესაძლებლად მოკლე დროში უნდა დამთავრდეს. ბუნებრივია, "ნარუშილოვკების" გამოყენება შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სათანადო ნორმატიულ დოკუმენტში მაქსიმალურად ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, თუ ვის და რა შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით. აღნიშნულთან დაკავშირებული აქტი ასევე უმოკლეს დროში უნდა მომზადდეს, რათა არ შეიქმნას ვაკუუმი, რითაც  დაზარალდება ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების და სხვა საქმიანობაში მონაწილე სათანადო უფლებამოსილ პირთა ქმდებები. აბსოლუტურად სწორად მიუთითებს ყოფილი პრემიერი, რომ დაუმსახურებელი პრივილეგიით  სარგებლობა სამარცხვინოა როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან", - აცხადებს კაიკაციშვილი.

 

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" მიუთითებს ამ დაუშვებელი ფაქტის აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის მკაფიოდ ჩამოყალიბების აუცილებლობაზე და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტების მომზადებაში.

 

"ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, უფრო ღრმად, საგნობრივად და მიზანმიმართულად უნდა ვაყენებდეთ მსგავსი გამოვლინებების მორალურ-ეთიკური და ზნეობრივი ასპექტების გამო საჯარო პირების პასუხისმგებლობის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო შედეგიანად უნდა ჩავებათ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური სივრცისთვის ორგანული და ჩვენი ტრადიციებისთვის შეუსაბამო მოვლენების უარყოფის და ჩვენი ცხოვრების სინამდვილეში დაუშვებლობის მიმართულებით წარმართულ კამპანიაში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაც სწორედ ამას გულისხმობს. დემოკრატია არ არის მმართველი კლასისა და "ძლიერთა ამა სოფლისათა" განუკითხავი თვითნებობა, კანონის იგნორირება, ზნეობრივი დეკადანსი და უკანონო პრივილეგიებით სარგებლობა", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

 

"ახალგაზრდა ადვოკატები" მივესალმებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს: "კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის.

 

ჩვენი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" მზად არის, ითანამშრომლოს ორგანიზაცია "მოქალაქესთან" და სათავეში ჩაუდგეს არასამთავრობოთა კოალიციას, რომელიც დემოკრატიული, ცივილიზებული, თავისუფალი საქართველოს სინამდვილიდან უღირს და მიუღებელ კანონდარღვევებსა და გადაცდომებს შეებრძოლება", - აღნიშნავს "ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: