აგვისტოს ომის საშინელება და ცოცხლად “დაღუპული” კახა კოშაძე?

აგვისტოს ომის საშინელება და ცოცხლად “დაღუპული” კახა კოშაძე?

2008 წლის 11 აგვისტოს გორში, სოფელ შინდისთან რუსეთ-საქართველოს ომის ყველაზე ცნობილი ბრძოლა გაიმართა. შინდისის რკინიგზის სადგურთან, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხარეო-საინჟინრო ასეულის ჩვიდმეტმა მებრძოლმა, რუსეთის 58-ე არმიის, 70 მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლებს გაუხსნეს ცეცხლი. რუსების მეთაურმა ხარიტონოვმა დამატებითი ძალები გამოიძახა. ბრძოლამ თითქმის 1.20 წუთს გასტანა. რამდენიმე ასეულ რუს ჯარისკაცს 17 ქართველი ვაჟკაცი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა, საგრძნობლად აზარალეს, მაგრამ ბოლოს რუსებმა ალყაში მოაქციეს და ჩვიდმეტივე ვაჟკაცმა გმირულად დადო თავი ბრძოლის ველზე. ამ ომის ყველაზე გმირული ეპიზოდის დასრულების შემდეგ, როცა რუსებმა ყველა მებრძოლი გაანადგურეს და მათი ცხედრები გადათვალეს, გაოგნებულნი დარჩნენ: ისინი ბრძოლის ველის ახლო-მახლო ტერიტორიაზე ეძებდნენ გადარჩენილ ქართველ ჯარისკაცებს, რადგან ვერ წარმოედგინათ, რომ რამდენიმე ასეულ რუს მეომარს, თითქმის საათნახევრის განმავლობაში, მხოლოდ 17 ვაჟკაცი აკავებდა. განცვიფრებას ვერც მათი მეთაური, ხარიტონოვი მალავდა. მან ამ უჩვეულო ბრძოლის შესახებ რუსულ პრესასაც მოუთხრო და არც დაუმალავს ჩეჩნეთის ომგამოვლილს, რომ გმირობის ამგვარი მაგალითი პირველად ნახა.


ოფიციალური ინფორმაციით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე კაპრალი კახა კოშაძეა. მას ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენიც მიენიჭა და მთელმა ქვეყანამ გმირად შერაცხა. კახა კოშაძის საფლავი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა შინდისის გმირების გვერდით. თუმცა, მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამ საფლავში კახა არ განისვენებს. ისინი ამტკიცებენ, რომ კახამ შინდისის ბრძოლის ცოცხლად დააღწია თავი და ამ ბრძოლის დასრულების შემდეგ, ის ცოცხალი და უვნებელი რამდენიმე ადამიანმა ნახა. "კახა დაჭრილიც კი არ ყოფილა" — აცხადებს მისი ძმა, თამაზ კოშაძე.


თამაზიც 2008 წლის ომის მონაწილეა, ისიც სენაკის მე-2 ბრიგადაში, ოღონდ სხვა ბატალიონში მსახურობდა და ომში ძმაზე 1 დღით გვიან წავიდა.


კოშაძეების ოჯახში კახას მკვდრად არ თვლიან, მასზე როგორც ცოცხალზე, ისე ლაპარაკობენ. საამისო საბუთები და არგუმენტები კი, ნამდვილად გააჩნიათ.


ამ უცნაური ისტორიისთვის ნათელი რომ მოგვეფინა, ამისთვის თამაზ კოშაძეს ვესაუბრეთ.


— თამაზ, რატომ ფიქრობ, რომ კახა შინდისის ბრძოლაში არ დაღუპულა და ცოცხალია?


— ამას მრავალი გარემოება მაფიქრებინებს. 4 წელი გავიდა ამ ომიდან, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ჩემი ძმა დაღუპულია. მოდი, ჩემი აზრით, უმთავრესიდან დავიწყებ. შინდისის ბრძოლა დილით, დაახლოებით 11 საათისთვის დაიწყო და მან 1 საათსა და 20 წუთს გასტანა. მოდი, 2 საათი ავიღოთ ბრძოლის ხანგრძლივობად. ყველა ვარიანტში, ის შუადღის საათისთვის დასრულებული იყო.


11 აგვისტოს სოფელი შინდისი ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან თითქმის დაიცალა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი დარჩენილი იყო სოფელში. ისინი ადასტურებენ, რომ ბრძოლამ, ზუსტად იმ დრომდე გასტანა. ბრძოლის დაწყებისა და დასრულების დროც მათგან ვიცი მეც და, საერთოდ, ყველამ, ოფიციალური ინფორმაციაც მათ მონათხრობს ემყარება. მოდით, შევთანხმდეთ, რომ თუ ჩემი ძმა შინდისის ბრძოლაში დაიღუპა, ის 11 აგვისტოს, 1 საათის შემდეგ ცოცხალი ვერ იქნებოდა.


— ცხადია, მაგას რა შეთანხმება უნდა?


— შეთანხმება უნდა და გეტყვი, რატომაც. არის რამდენიმე მოწმე, რომლებმაც სხვადასხვა ადგილას ნახეს ჩემი ძმა ცოცხალი, დაჭრილიც კი არ ყოფილა. ყველამ 11 აგვისტოს დღის 1 საათის მერე ნახა, როცა შინდისის ბრძოლა კარგა ხნის დასრულებული იყო და კახა, ოფიციალური ინფორმაციით, ამ ბრძოლაში დაიღუპა.


— ვინ და სად ნახა კახა?


— გეტყვი. მანამდე მინდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გავუსვა ხაზი. ვინც კახა ცოცხალი ნახა, ყველა კარგად იცნობდა მას, ან მისი ბატალიონის წევრი იყო, ანდა მისი ბრიგადიდან. ასე რომ, სხვაში შეეშალაო, ამას ვერ ვიტყვით. პირველმა, სენაკის მე-2 ბრიგადის კაპიტანმა, ხაბულიანმა ნახა ცოცხალი, ნახა კი არა, ხაბულიანმა მითხრა, გორიდან მე გამოვიყვანე მანქანით კახა და ქარელის გადასახვევთან დავტოვეო. რა ვქნა, არ ვენდო ამ კაცს?


— რომელ საათზე გამოიყვანა კახა ხაბულიანმა?


— მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ქარელიდან უკან ხომ არ შებრუნდებოდა გორში და შინდისში ხომ არ ჩავიდოდა?


— კახა ხომ იყო შინდისში თავისი ბატალიონის წევრებთან ერთად?


— კი, იყო, მაგრამ ის ან ბრძოლის დაწყებამდე გამოვიდა იქიდან, ანდა შესაძლოა, მიიღო მონაწილეობა ამ ბრძოლაში, მაგრამ ვიდრე რუსებმა ალყა არ შემოარტყეს, მანამდე გამოაღწია იქიდან.


— მაინც, რომელ საათზე ჩამოიყვანა კახა კაპიტანმა ხაბულიანმა ქარელში?


— დაახლოებით, 12 საათისთვის ისინი ქარელში იყვნენ, ამ დროს შინდისში გაცხარებული ბრძოლა მიდის.


— კიდევ ვინ ნახა კახა ცოცხალი მაშინ, როცა წესით ის არ უნდა ყოფილიყო ცოცხალი?


— წესით არა, ოფიციალური ინფორმაციით არ უნდა ყოფილიყო ცოცხალი, თორემ წესით, ცოცხალია და იმ ბრძოლაში არ დაღუპულა. ოფიციალური ინფორმაციით, სამმანქანიანი კოლონის მესამე მანძილზე იჯდა კახა და იქ, ბრძოლისას დაიწვა. მაგრამ ხაბულიანი ამტკიცებს, რომ მესამე კი არა, პირველ მანქანაზე ისხდნენ ის და კახა და ბრძოლის დასაწყისშივე გამოასწრეს, ქარელის გადასახვევთან დატოვა კახა.


ჯარისკაცმა გოჩა ჩაჩანიძემ მითხრა, 4 წელი ვერ გეუბნებოდი, მაგრამ მგონი შენი ძმა მართლა ცოცხალი უნდა იყოსო. ჩაჩანიძე იმ ბრძოლაში დაიჭრა, 45 დღე ტყვედ იყო ვლადიკავკაზში. ჩაჩანიძემ მითხრა, "ლენდროვერში" ერთად ვიჯექით, მანქანიდან პირველი კახა გადახტაო. ჩაჩანიძე ხომ ცოცხალია, ხომ კარგად ახსოვს, ვინ მიიღო იმ ბრძოლაში მონაწილეობა? კახა იქ არ ყოფილაო, — ამბობს, რატომ არ უნდა დავუჯერო მას?


— გოჩა ჩაჩანიძემ ვერ გაიხსენა მანქანიდან რომ გადახტა, საით წავიდა კახა?


— ჩაჩანიძეს დიდხანს ვერ ვერლაპარაკე, რაც მითხრა, ჯერჯერობით, ესეც საქმეა. ვიდრე გოჩას შევხვდებოდი, მანამდე მითხრა ჩემი ძმის ბატალიონის რამდენიმე მებრძოლმა — ჩაჩანიძემ უნდა იცოდეს შენი ძმის ასავალ-დასავალიაო. მეც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც მითხრა, იმაზე მეტი იცის. აი, მეტი რატომ ატ მითხრა, არ ვიცი. დაღუპული რომ იყოს, მეტყოდა და ამით დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ პირიქით, მიმტკიცებს, ბოლოს ცოცხალი ვნახე, იმ ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებდაო. ჩემი ძმა დაღუპული არ არის, მისი გაუჩინარების ამბავი გამოსაძიებელია, ეს თავდაცვის სამინისტრომ უნდა ითავოს. არ შეიძლება, დაღუპულად მიჩნეულ კაცზე, ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობდეს. ამდენი თვითმხილველი არსებობდეს, რომელთაც ის ცოცხლად ნახეს მაშინ, როცა ოფიციალური ინფორმაციით ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო.


სამმა ჯარისკაცმა — ჟორჟოლიანმმა, კვიჟინაძემ და ღამბაშიძემ ჩემი ძმა რიკოთის უღელტეხილზე, სურამთან ნახეს. ლოგიკურია — თუ ხაბულიანმა ქარელის გადასახვევთან დატოვა, მაშინ კახა უპრობლემოდ მიაღწევდა სურამამდე. სამივენი კარგად იცნოდნენ ჩემს ძმას, არ შეეშლებოდათ სხვაში. თან ირწმუნებიან, გამოველაპარაკეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და ისე დავშორდითო.


ახლა ერთ ამბავსაც გეტყვით. 11 აგვისტოს, 4 საათზე, კახამ ჩვენს უმცროს ძმას, ზვიადს საკუთარი ტელეფონით დაურეკა. ზვიადმა მოიკითხა და უთხრა, სად ხარ, ხომ არ ჩამოგაკითხოთ და წამოგიყვანოთო. კახამ უთხრა, ნუ ნერვიულობთ, მე თვითონ ჩამოვალო. დიახ, 4 საათზე დარეკა, როცა შინდისის ბრძოლა კარგახნის დასრულებული იყო.
— საიდან დარეკა?


— ეს არ უთქვამს, მაგრამ სამშვიდობოს რომ იყო, ეს კი უთხრა ზვიადს.


— ვერ გაარკვიეთ, რომელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა კახას მობილური ტელეფონის ზარი?


— ვერ გავარკვიე. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. კახას "ჯეოსელის" ნომერი ჰქონდა, "ჯეოსელიდან" კახას სატელეფონო ზარების 5-10 აგვისტოს ამონაწერი მოგვცეს, 11 აგვისტოსი არ მოგვცეს — საიდუმლოაო. ჩემთვის საიდმლოა, მაგრამ ძიებისთვის არ იქნება ხელმიუწვდომელი. თუ მოინდომა თავდაცვის სამინისტრომ, იმასაც გაიგებს ბოლოს რომელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა კახას სატელეფონო ზარი.


— თამაზ, არსებობს დნმ-ის ანალიზი, რომლითაც დადასტურებულია, მუხათგვერდის სასაფლაოზე რომ განისვენებს მიცვალებული, ის კახა კოშაძეა.


— არ მჯერა დნმ-ის ანალიზის პასუხის.


— გაყალბებულია?


— ეჭვიც არ მეპარება, რომ გაყალბებულია. ამის საფუძველი კი მაქვს. 2008 წლის ოქტომბერში ჩატარდა დნმ-ის ანალიზი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 11 ნოემბერს მოვიდა ანალიზის პასუხი თავადაცვის სამინისტროში. მომცეს პასუხი, მაგრამ იქ კონკრეტულად არ ეწერა, უცნობი ჯარისკაცებიდან რომელი იყო ჩემი ძმის ცხედარი. ამბობდნენ, რომ ორი ცხედრიდან ერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომელი, — არ იყო მითითებული. მივედი სამინისტროში, — რა ვქნა, კამათელი გავაგორო თუ რა გავაკეთო, რომ მივხვდე, რომელია ჩემი ძმის ცხედარი-მეთქი — ვუთხარი გამომძიებელს. 2 კვირა ვარკვევდი, რომელი ცხედარი უნდა გადმომესვენებინა. ბოლოს მინისტრის მოადგილეს, მუჯირს შემახვედრეს. მან მომცა ფურცელი, სადაც ეწერა — 11/ და რაღაც ციფრი. მითხრა, მიდი სასაფლაოზე და რომელი ჯარისკაცის საფლავსაც დაემთხვევა ეს ციფრი, ის არის შენი ძმაო. თან მითხრა, თუ დაემთხვა, დამირეკე, თუ არა — მაინც დამირეკეო. თუ დნმ-ს ანალიზით გარკვეულია, რომელია ჩემი ძმის ცხედარი, ეს "თუ დაემთხვა" და "თუ არ დაემთხვა" რაღას ნიშნავს? თუ ექსპერტიზის პასუხი ეჭვმიუტანელია, იქ "თუ" აღარ უნდა არსებობდეს. იმ ორიდან ერთ საფლავს დაემთხვა მუჯირის მიერ მოცემული ნომერი. დავურეკე მუჯირს — დაემთხვა ერთ-ერთ საფლავს-მეთქი. ვიზიარებ შენს მწუხარებასო, — მითხრა, — ეგ არის შენი ძმის საფლავიო.


სამედიცინო სამსახურის უფროსმა კაბინეტში ცხედრის ფოტოებიც მაჩვენა. ჯერ ერთი, ყველა რაკურსით არ იყო გადაღებული, არაპროფესიონალის გადაღებული იყო. რაც იყო იყო, მაგრამ იმ ფოტოებზე "ჩემი ძმის" ცხედარი დამწვარი იყო, ფეხებზე "ბათინკები" ეცვა. მართალია, დამწვარი, დამდნარი, ჩონჩხად ქცეული გვამს მიწეპებული, მაგრამ ეცვა. 1 წელი არ მომცეს საფლავის გახსნის უფლება. ესეც გასარკვევია, რატომ არ მომცეს ამის უფლება. ბოლოს, როგორც იქნა, გავხსენით საფლავი და ფეხზე "ბათინკები" არ ეცვა გვამს. არადა, გამორიცხულია იმ მიმდნარ ტყავს ვერ გახდი, უნდა აფხიკო. ტერფის ძვალზე კი არც ანაფხეკის კვალი ჩანდა. თან დაუჯერებელია, რომ ყველა ჯარისკაცს, რომლებიც დაიწვნენ, ადტნენ და რაც დამწვარი "ბათინკებიდან" დარჩა, ის ააფხიკეს. ის ხომ მთლად წარმოუდგენელია, რომ მარტო ჩემს ძმას გახადეს "ბათინკები". მოკლედ, ფოტოები, რომლებიც მაჩვენეს და მიმტკიცებდნენ, შენი ძმის ცხედარიაო, აღმოჩნდა, რომ სხვისი იყო. აბა, სხვა რა ვიფიქრო?


— მართლა ძალიან ჩახლართული საქმეა. რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა თავდაცვის სამინისტროს, თუ მართლა გააყალბა დნმ-ის ანალიზი?


— არ ვიცი. თუ გაიხსენებ, 2008 წლის ომის შემდგომ რა განუკითხაობა იყო თავდაცვის სამინისტროში, ყველაფერია მოსალოდნელი. თან, თუ დავარწმუნე სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მესვეურნი, რომ ჩემი ძმა არ არის დაღუპული, უნდა დაინიშნოს გამოძიება, დაიწყოს მოძიების პროცესი, ხანგრძლივი, რთული, ეს უამრავ რესურსთანაა დაკავშირებული. თავდაცვის სამინისტროს ძველ ხელმძღვანელობას ჯარისკაცი არაფრად უღირდა, მით უფრო, ომში 4 წლის წინ დაკარგული. უბრალოდ, მგონია, რომ თავის ატკიება არავის უნდოდა თავიდან მოგვიშორეს მე და ჩემი ოჯახის წევრები.


ერთ ისტორიას მოგიყვები, რამაც კიდევ უფრო გამიძლიერა ეჭვი, რომ დნმ-ის ანალიზი გაყალბებულია. არის ერთი ჯარისკაცი, გვარად ბარდაველიძე, მე-4 ბრიგადიდან. მამამისი ეძებდა შვილს. უთხრეს, ცხინვალში დაიღუპაო და ეს დნმ-ის ანალიზითაც დადასტურდა. მამამისმა საფლავი გახსნა, ცხედარი ნახა და ლამის გაგიჟდა კაცი. ბარდაველიძეს მარჯვენა ხელი 3 ადგილს ჰქონდა მოტეხილი, სამივეგან პლატინა ჰქონდა ჩადგმული. იმ ცხედარს, შვილად რომ შეასაღეს, მარჯვენა ხელზე მოტეხილობის არანაირი კვალი არ ჰქონდა, პლატინაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი — არ აღმოჩნდა. დღემდე ეძებს თავის შვილს, თუმცა სამინისტროს მიერ მიცემული დნმ-ის ანალიზის დადებითი პასუხი სახლში აქვს. აი, ასე ტარდებოდა დნმ-ის ანალიზი. კაცმა არ იცის, რამდენს შეაჩეჩეს უცხო ცხედარი, რამდენ დედას ატირებენ სხვის შვილებს, შესაძლოა, ოს და რუს ჯარისკაცებსაც კი.


— კიდევ რას დაამატებ?


— უკან დავბრუნდები, ომის დასრულების პერიოდში. ომი რომ დამთავრდა, მთელი 2 თვე მეუბნებოდნენ სამინისტროს ჩინოვნიკები, — სად არის შენი ძმა, დროზე გამოჩნდეს, თორემ დეზერტირად გამოვაცხადებთო. ამასვე მეუბნებოდნენ ჩვენი, მე-2 ბრიგადის ხელმძღვანელები. ყველა დარწმუნებული იყო, რომ კახა ცოცხალი იყო. რაც მე ვიცოდი, ის ინფორმაცია მათაც ჰქონდათ, იცოდნენ, რომ რამდენიმე კაცმა, შინდისის ბრძოლის მერე კახა ცოცხალი ნახა, თან ხვადასხვა ადგილას. ვუმტკიცებდი, არ ვიცი სად არის, მეც ვეძებ-მეთქი. არა, იმალება და გამოჩნდეს, თორემ დეზერტირად გამოვაცხადებთო. 2 თვის მერე, რატომღაც ყველამ ირწმუნა, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო, ყველამ ირწმუნა დნმ-ის ანალიზის პასუხამდე.


— ახლა რას აპირებენ?


— თავდაცვის სამინისტროს ძველი ხელმძღვანელების იმედი აღარც მქონდა და კიდევ კარგი, დროზე შეიცვალნენ. ვიდრე არ გავიგებ რეალურად რა მოხდა, არ გავჩერდები. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელების იმედი მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც დამიმტკიცონ, რომ დნმ-ის ანალიზის პასუხი ყალბი არ არის, ხელახალი მასალა დნმ-ისანალიზზე გაგზავნონ უცხოეთში და ამით დამარწმუნონ, რომ ცხედარი, რომელზეც მიმტკიცებენ შენი ძმისააო, მართლა კახასი აღმოჩნდეს.


— თუ კახამ გამოაღწია შინდისიდან, მართლა ნახეს 3 სხვადასხვა ადგილას 11 აგვისტოს, თანაც, ქარელის რაიონში, სურამში, სად შეიძლება იყოს? აქამდე რატომ არ გამოჩნდა ან ხმა არ მოგაწვდინათ, თუ ცოცხალია?


— მე ვფიქრობ, გზა აებნა, რუსებმა აიყვანეს ტყვედ და ახლაც ტყვედ ჰყავთ. ან ოსებმა აიყვანეს ტყვედ. დიდი შანსია, რომ სადმე მტერს გადაეყარა და სამხედროფორმიანს არ გაუშვებდნენ. ეს ჩემი ვერსიაა, თუმცა, თუ გამოძიება დაინიშნა, იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც გითხარი, სხვა ვერსიების დამუშავებაც შეიძლება.

 

ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: