სცენის „ჯადოქარი“

სცენის „ჯადოქარი“

ელენე რატიანს პირველად პოეტ ეკა ბაქრაძის წყალობით ჟურნალ „გზაჯვარედინის“ პრეზენტაციაზე შევხვდი. მან თავისი ელეგანტურობით და დახვეწილი გარეგნობით უმალ მიიპყრო ჩემი ყურადღება, თუმცა, როცა ხელები გაშალა და დარბაზში ნამდვილი „ცეცხლი დაანთო“, ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა!..  პრეზენტაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ საკუთარი ანსამბლის შემაჯამებელ საღამოზეც მიმიწვია - იქ ნამდვილად ქართული სულის ზეიმი იყო!

 

ელენე ერთი შეხედვით, ზედმეტად თავდაჯერებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, თუ დაუახლოვდები, საკმაოდ ლაღი და უშუალო ადამიანი შეგრჩება ხელში. მაღალი, მოხდენილი გარეგნობისაა _ როგორც ამბობენ, მის დანახვაზე მამაკაცებს ელეთ-მელეთი მოსდით. თვითონაც გრძნობს მამაკაცებისგან მოჭარბებულ ყურადღებას და როგორც ნებისმიერ ქალს, მასაც სიამოვნებს.

 

დინჯი, მოზომილი, კომუნიკაბელურია - თითქოს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ, როცა კონტაქტში შედიხარ, ეს ეჭვი მაშინვე გიქრება.

 

იცის საკუთარი თავის ფასი და იმაშიც დარწმუნებულია, რომ წარმატებებს დაუშრეტელი ენერგიისა და მუდმივი ბრძოლის წყალობით მიაღწია!..

 

ვირტუოზია - შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, სცენის ნამდვილი „ჯადოქარი“. მისი ხასიათის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი მიზანსწრაფულობაა. რასაც აკეთებს, ყოველთვის გამორჩეულ შედეგს ელოდება. ღრმად სწამს, რომ შედეგი თავდაუზოგავი შრომის გარეშე არ მოვა - ამიტომაც ბოლომდე იხარჯება!

 

სულ ძიებაშია, მუდმივად ცდილობს საკუთარ შემოქმედებაში ახალი სტილი დაამკვიდროს. იმდენად კარგად გამოსდის, რომ მისი ნიჭისა და გაქანების თაყვანისმცემლები გაოცებას ვერ მალავენ!..

 

 

„ცეკვა ჩემთვის ყველაფერია“

 

ჯერ კიდევ 2 წლის იყო, როცა პირველად აცეკვდა და მერე არ გაჩერებულა - ცეკვავს და სხვასაც ასწავლის ამ ღვთივბოძებული ნიჭის საიდუმლოებას.

 

 

ელენე რატიანი: ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისე შევისისხლხორცე, ალბათ ამის გარეშე ვერც გავძლებ. დედაჩემი - მაყვალა რატიანი პროფესიონალი ქორეოგრაფი იყო (უმაღლესი ქორეოგრაფიული განათლებით), საკმაოდ წარმატებული და დაფასებულიც. ძნელია საკუთარ დედაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გადაუჭარბებლად გითხრათ, რომ იგი პროფესიონალიზმის და ქალური კდემამოსილების ჭეშმარიტი ნიმუში იყო - მკაცრი, მაგრამ სამართლიანი... მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ქორეოგრაფიის ნიჭიც გენეტიკურად დედისგან გამომყვა. ხაშურში სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობდა, საკუთარი ქორეოგრაფიული ანსამბლიც ჰყავდა, რომელსაც შთამბეჭდავი სახელი -„ფრესკა“ დაარქვა. სამწუხაროდ, ძალიან ადრე გამომეცალა ხელიდან - 62 წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა... მეამაყება, რომ დედის გაკვალულ გზას წარმატებით ვაგრძელებ!

 

 

გრუზინსკი კნიაზ“ - ელენეს ტკივილიც და სიამაყეც!

 

ელენეს მამა - რეზო რატიანი „კანონიერი ქურდი“ იყო - იმდროინდელი საბჭოთა რეჟიმის პირმშო. სხვათაშორის, „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი სწორედ საბჭოურ სისტემაში ჩაისახა და დღესაც აგრძელებს არსებობას (მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში „კანონირი ქურდები“ მკაცრად იდევნებიან, პოსტსაბჭოთა სივრცეში ისინი, მეტ-ნაკლებად წარმატებით მაინც „მოღვაწეობენ“).

 

„გრუზინსკი კნიაზ“ - რეზო რატიანს საკუთარი შეუვალობის და გამორჩეული სამართლიანობის გამო დაერქვა თურმე...

 

ელენე რატიანი: მამა არც მკვლელი ყოფილა და არც ნარკომანი (11 წლის იყო, როცა პირველად გააციმბირეს... მერე დიდხანს მოუწია იქ ყოფნა) თავისი გაგებით იგი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა ამიტომ ჰყავდათ მუდმივად იზოლირებული. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ციხეში გაატარა თვითნასწავლი და საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო. ბავშვობიდანვე, რადგან რუსულ გარემოში უხდებოდა ცხოვრება, ძირითადად რუსულად წერდა. მისი თხზულებები სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა თემებზე რუსულ პრესაში. როცა ციხეს თავი დააღწია, უკვე 45 წლის ასაკში ოჯახის შექმნაზე იფიქრა... დედა 25 წლით უმცროსი იყო მასზე - როგორც მიყვებოდა საკუთარი სურვილით გაჰყვა (მამა რაიონში ავტორიტეტად ითვლებოდა) და არც ნანობდა!

 

ათეული წლობით ციმბირის ჯურღმულებში ყოფნამ თავისი კვალი დაამჩნია მის ჯანმრთელობას და 57 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მე მაშინ 11 წლის ვიყავი.

 

მამა ხელის გულზე მატარებდა - უხაროდა რომ ვცეკვავდი, ვმღეროდი და სკოლაშიც საკმაოდ აქტიური ვიყავი. არასოდეს მქონია უხერხულობის განცდა, რომ მამაჩემს „კანონიერი ქურდის“ იარლიყი ჰქონდა - იგი ჩემთვის ტკივილიც არის და სიამაყეც!

 

 

გაბზარული სარკე

 

ელენეს სიყვარულში არ გაუმართლა - მეუღლესთან მხოლოდ 8 წელი იცხოვრა. სამწუხაროდ, ეს წლები მწარე მოგონებად დარჩა - ოჯახის შენარჩუნების მიზნით კარგა ხანს ითმენდა დამცირებას და შეურაცხყოფას, იყო შანტაჟიც, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერს აქვს საზღვარი და ერთხელაც მტკიცედ გადაწყვიტა წერტილი დაესვა...

 

ელენე რატიანი: დედასთან დავბრუნდი და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ქართული ხალხური ცეკვების დამდგმელი რეჟისორის სპეციალობით. პარალელურად ვმუშაობდი - შაბათ-კვირას დედას  ქორეოგრაფიულ ანსაბლის მეცადინეობაში ვეხმარებოდი.

 

უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე და დარჩენაც შემომთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი - უფრო პრაქტიკული საქმიანობა მიზიდავდა და მინდოდა წარმატებული ქორეოგრაფი ვყოფილიყავი... დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე!

 

რაც შეეხება შვილებს, გიორგი (გუდუნა) ოჯახის ტრადიციას გაჰყვა, დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ოსეთის სახელმწიფო ანსამბლ „ნართებში“ ცეკვავს, თავისუფალ დროს მეც მეხმარება. რაც შეეხება ქალიშვილს- სალომეს, წარჩინებით დაამთავრა თსუ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკყლტეტი, ახლა იტალიაშია და სურვილი აქვს ცოდნა გააღრმავოს და პროფესიონალად ჩამოყალიბდეს. ჯერჯერობით იტალიურ ენას ეუფლება და თან მუშაობს, - ეს მისი სურვილია, თორემ ჩემი მუხლჩაუხრელი შრომით იმდენს ვახერხებ, რომ დავეხმარო... ძალიან ლამაზი და მოხდენილი გოგოა, ამასთან, საოცრად თავმდაბალიც,  საოჯახო საქმეებიც კარგად ეხერხება...

 

 

 

როგორ მოხსნა ნინო რამიშვილმა ელენე რატიანი ფილარმონიის სცენიდან!

 

ელენე რატიანი: სკოლის პერიოდში საბავშვო ანსამბლში ვცეკვავდი. 1988 წელს (16 წლის ასაკში) ფილარმონიაში ქორეოგრაფიული ნამუშევრებისა და მოცეკვავეების გამოვლენის კონკურსი ტარდებოდა. მე სოლისტის ამპლუაში ვიყავი. მახსოვს, ლეგენდარული ნინო რამიშვილი ამოვიდა სცენაზე, შეიძლება ითქვას „მომხსნა“ სცენიდან და პირდაპირ სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლში „მიკრა“ თავი... მეამაყება, რომ მაშინ ქალის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული და პრიზი თავად ნინო რამიშვილმა გადმომცა!...

 

სუხიშვილებში სულ 9 თვე ვიცეკვე, მერე სიტუაცია აირია ქვეყანაში, მეც გავთხოვდი და ქორეოგრაფიაში თითქმის 9-წლიანი პაუზა მქონდა!

 

 

წარმატებები ისე არ მოდის!..

 

ელენე რატიანი დღეს წარმატებული ქორეოგრადის იმიჯით რომ სარგებლობს, ეს ბუნებრივ (თანდაყოლილ) ნიჭთან ერთად მისი დაუშრეტელი ენერგიის, საკუთარი პროფესიისადმი უზადო სიყვარულის და შრომისმოყვარეობის შედეგია. ბუნებრივ ტალანტსა და ფანტაზიას, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფრესკას“ (ნიშანდობლივია, რომ „ფრესკა“ ქალთა და ვაჟთა ანსამბლია,  რომელსაც, როგორც ქორეოგრაფი მარტო უძღვება) დახვეწა-განვითარებაში აქსოვს და წარმატებებიც არ აყოვნებს...

 

ელენე რატიანი: „ფრესკა“ ჩემი სულის ნაწილია. როგორც ქორეოგრაფმა, ფეხი აქ ავიდგი და ძალიან მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო ახალ „სიმაღლეებს“ ვიპყრობთ. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამომდის და ყოველთვის ფორმაში ვარ... თითქოს არც ვიხარჯები, დაღლასაც არ ვგრძნობ. ვინც ჩემი მუშაობის სტილი იცის, დამეთანხმება, რომ ეს ნამდვილად ასეა.

 

 

მაქვს საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია, რომლის ბაზაზეც ივსება „ფრესკას“ შემადგენლობა. ამ ბოლო წლებში მოიმატა ბავშვთა კონტიგენტმა და გავაძლიერე ანსამბლიც. ეტყობა, მეც გავიზარდე, როგორ ქორეოგრაფი (შემოქმედი) და წარმატებებიც ბუნებრივად მოდის. რომელი ერთი გავიხსენო: 2013 წელს „ფრესკამ“ ბულგარეთში „გრან-პრი“ მოიპოვა, 2014 წელს ლიტვაში ჩატარებულ ფესტივალზე საკმაოდ წარმატებულად გამოვედით, იმდენად წარმატებულად, რომ წელსაც მიგვიწვიეს.

 

ჩვენთან, ქობულეთში ტარდება სერიოზული ფესტივალი, სადაც შარშან პირველობა მოვიპოვეთ - ეს პროფესიული ანსამბლების ფესტივალია, კონკურენცია და პასუხისმგებლობაც დიდია.

 

ახლა აგვისტოში კი  საბერძნეთში გახლდით საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 4 ნომერი შევასრულეთ და დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ...

 

„ფრესკას“ რეპერტუარი საკმაოდ ფართოა. იგი ძირითადად ქართულ-ხალხურ ცეკვებს მოიცავს - „ქართული“, „აჭარული“, „მთიულური“, „კავკასიური“, „ოსური“, „ლაზური, „ხორუმი“, „სვანური“, „მუხამბაზი“, „ყახბეგური“... ეს არასრული ჩამონათვალია რეპერტუარისა, რომელსაც „ფრესკა“ ასრულებს.

 

 

 

ელენე რატიანი: ვაპირებ დავამუშავო „ფარიკაობა“ სრულ მასაში, რომელიც საკმაო რისკს და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არ მეშინია - აუცილებლად დავძლევთ...

 

- რა არის შენი წარმატების საიდუმლო?

 

- საკუთარი თავის რწმენა, გენეტიკური კოდი, რომელიც ბებიისგან მოდის და შრომისმოყვარეობა, ამასთან, ჩემი დაუოკებელი სურვილი, რომ ვიყო წარმატებული!..

 

ხომ არ გიქმნის უხერხულობას (ან დისკომფორტს) პროვინციაში რომ მოღვაწეობ? დედაქალაქში რომ ყოფილიყავი, უფრო წარმატებული იქნებოდი?

 

- არანაირ დისკომფორტს პროვინცია არ მიქმნის. წარმოიდგინეთ, აქ უფრო ძნელია დამკვიდრება, ვიდრე თბილისში - თუ ძლიერი არ ხარ, არ მიგიღებენ.

 

თუმცა, ვფიქრობ თბილისში რომ ვყოფილიყავი უფრო წარმატებული ვიქნებოდი - უკეთესი ბაზა მექნებოდა, კონკურენციაც მეტი იქნებოდა და მეც უფრო გავძლიერდებოდი. ისე, თუ ვინმე ჩემზე უკეთესად აკეთებს საქმეს, ადვილად შემიძლია ვაღიარო და პატივისცემაც გამოვხატო. სხვათაშორის, კონკურენციის შეგრძნება საკუთარი ძალების მობილიზებაში მეხმარება.

 

- რას ვერ პატიობ ადამიანს?

 

- ზოგადად პატიება შემიძლია, მაგრამ პატივს არ ვცემ მატყუარებს და ფარისევლებს, ასეთ ადამიანებთან კონტაქტის სურვილიც მეკარგება და ადვილად ვიშორებ...

 

- როგორ ფიქრობ, მტერი ბევრი გყავს?!

 

- ეს სიტყვა საერთოდ არ მიყვარს. რატომ უნდა მტრობდნენ ადამიანები ერთმანეთს არ ვიცი, მაგრამ იმას ნამდვილად ვგრძნობ, რომ ჩემს ირგვლივ ბევრია ისეთი, ვისაც ჩემი წარმატება არ უხარია და მკორტნის და მკორტნის... გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არავის ვმტრობ და არც არავისი მშურს - ყველას საკუთარ გზაზე გაუმარჯოს!

 

- რა რეაქცია გაქვს, როცა მამაკაცები ვნებიან მზერას გაყოლებენ...

 

- ყურადღება ყველა ქალს სიამოვნებს...

 

- რა აზრის ხარ ლგბტ-ს წარმომადგენლებზე?

 

- როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებზე არ შეიძლება დადებითი წარმოდგენის ვიყო - მე ტრადიციული ოჯახის მომხრე ვარ - უფალმა ქალისა და კაცის ურთიერთობა დააკანონა. თუმცა, არ შეიძლება ლგბტ-ს წარმომადგენლებზე, „ჯვაროსნული ომი“ გამოვაცხადოთ - ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან. ოღონდ, მათი ორიენტაციის პოპულარიზაციის მომხრე კი ნამდვილად არა ვარ!

 

- დეპრესიული ხარ?

 

- კი. მიჭირს, როცა ახლობლებისგან ზურგში მახვილის ჩაცემას ვგრძნობ, როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები სხვა სამყაროში გადასახლდებიან, როცა განსაცდელს მომივლენს უფალი...

 

- ხშირად ყოფილხართ განსაცდელის წინაშე?

 

-  ადამიანებს განსაცდელი დაფიქრებისთვის ეძლევათ... მეც ვცდილობ საკუთარ თავს ჩავუღრმავდე და საკუთარ ცოდვებზე ვიფიქრო... უცოდველი ხომ არავინაა...

 

- ეკლესიური ხარ?

 

- ეკლესიაში დავდივარ, სანთლებს ვანთებ, მაგრამ აღსარება არასდროს მითქვამს, არც ზიარება მიმიღია. სხვათაშორის, პირველი „აღსარება“ შენ ჩაგაბარე... ამდენი პირად საკითხებზე არასდროს მისაუბრია! ჯერჯერობით ბარიერი ვერ გადავლახე და ეკლესიური ვერ გავხდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაგის დროც მოვა!

 

როგორი მეოჯახეა ელენა რატიანი?

 

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიის გამო ძალიან დაკავებული ვარ, საოჯახო საქმეები ძალიან მეხერხება. სხვათაშორის, ყველაფერი ჩინებულად გამომდის. ვფიქრობ, ოჯახის ქალი უპირველესად ამ თვისებით უნდა ფასდებოდეს!

 

 

ჭორების აბლაბუდა...

 

რას არ აბრალებენ ელენე რატიანს, რანაირ ტალახს არ ესვრიან - ხანდახან, ისეთ რამეს „მოთხრიან“, ნორმალური ადამიანის ტვინში არც შეიძლება მომწიფდეს... როცა ერთი სიბინძურით ვერ ახერხებენ მისი წონასწორობიდან გამოყვანას, მეორეს, უფრო დიდ სიბინძურეს „გამოაცხობენ“ ხოლმე... მოკლედ, სულ ჭორების აბლაბუდაშია გახლართული.

 

ელენე რატიანი: ყველა თავისი ცხოვრების წესით აგებს უფლის წინაშე პასუხს და არ ვთვლი თავს ვალდებულად, ვინმეს ანგარიში ჩავაბარო. ჭორებს უკვე შევეჩვიე - ზოგი ისეთი ბინძურიც იყო, მიკვირდა, რატომ არიან ადამიანები ასეთი ბოროტები... თავიდან მაღიზიანებდა და ემოციებს ვერ ვმალავდი, ახლა რეაქციაც არა მაქვს... გაოცებული ვარ, სადამდე მიდის ადამიანის ბოროტი ფანტაზია - ისეთ რაღაცებს მიგონებენ, განმეორებაც არ მინდა. მათ სინდისზე იყოს, მე ამით ვერაფერს დამაკლებენ!!!

 

 

 

ბოლოთქმა: ელენე რატიანი ჩემთვის სილამაზის, სინატიფის, გულწრფელობისა და შრომისმოყვარეობის ცოცხალი მაგალითია.

 

იმდენად საინტერესო რესპოდენტია, ისე ადვილად „იხსნება“, რომ  „ნიღბის“ ჩამოხსნაც არ არის საჭირო!

 

 

რაც შეეხება ჭორებს, ჭორიკანა ადამიანებს რა გამოლევს დუნიაზე. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“-ო.

 

 

 

               ზაურ ნაჭყებია 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: