დავით ნარმანია: გადამდგარი თანამდებობის პირები ეფექტურად მუშაობდნენ!

დავით ნარმანია: გადამდგარი თანამდებობის პირები ეფექტურად მუშაობდნენ!

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გადამდგარი თანამდებობის პირები ეფექტურად მუშაობდნენ, თუმცა გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ.

"რატომ დატოვეს თანამდებობა, უმჯობესია, მათ ჰკითხოთ. ჩემი აზრით, ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ. მათი ინტენსიური მუშაობა (ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების) განსაკუთრებით სტიქიის დროს გამოჩნდა, როცა ერთდროულად სტიქიასთან გამკლავებასაც ახერხებდნენ და მიმდინარე სამუშაოსაც ასრულებდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ. ისინი იყვნენ ჩემთან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს.

როცა ადამიანს სურს, გადავიდეს სამუშაოდ ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არ გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ნარმანიამ.


თბილისის მერის განცხადებით, თანამდებობიდან წასული პირები უახლოეს მომავალში ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან.

"მერია დიდი და ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია. ასეთი ცვლილებები ადრეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარვუდგენ საკრებულოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: