ფიქრია ჩიხრაძე: ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ფიქრია ჩიხრაძე: ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

საქართველოს პრეზიდენტს ახალი პოლიტიკური მრჩეველი ჰყავს. "ახალი მემარჯვენეების" უკვე ყოფილი თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

 

"ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ვიყავით სავსე იდეალებით... გავიდა 30 წელი, ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ამ გზაზე ბევრი დრო დავკარგეთ. ჩემი ეს გადაწყვეტილება, მიმეღო პრეზიდენტ მარგველაშვილის შემოთავაზება - გავმხდარიყავი პოლიტიკური მრჩეველი - განაპირობა იმან, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ადამიანი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით დგამს გამიზნულ, შთამბეჭდავ და წარმატებულ ნაბიჯებს. მომავალში კი ეს ნაბიჯები უფრო წარმატებული იქნება.

 

ბუნებრივია, დიდ პასუხისმგებლობად და დიდ პატივად მიმაჩნია ეს შემოთავაზება და ამ გუნდთან ერთად მუშაობა. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ეს ყველაფერი აღმოჩნდეს წარმატებული. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება იქნება თითოეული ჩვენგანის და საქართველოს წარმატება", - განაცხადა ჩიხრაძემ.

 

გამართულ პრესკონფერენციაზე ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ის ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს.

 

"მე გახლავართ მოქმედი პოლიტიკოსი. ჩემს პარტიასთან, რომელთანაც მნიშვნელოვანი წლები გავატარე, ცხადია, კონსულტაციები მქონდა. მთავარ საბჭოსთან, ჩემს თანაგუნდელებთან 2 დღის წინ მქონდა გაფართოებული შეხვედრა. ისინი არამარტო გაგებით შეხვდნენ ამ ამბავს, არამედ მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩემს გადაწყვეტილებას. მათ წინაშე მოვიხსენი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა. პრეზიდენტის მრჩევლის ამპლუაში, ბუნებრივია, მე ვაჩერებ ყველანაირ პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეობას. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას მთელ პოლიტიკურ სპექტრთან, მედიასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: