ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება

"აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, "გაზპრომთან" მოლაპარაკების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საკითხი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან პოლიტიზებულია.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად განმარტა, რომ საუბარია ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებზე, რაც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

 

"გაზპრომის" გაზსადენი მრავალი წელია, მიაწოდებს სომხეთს გაზს და აქედან, ტრანზიტის სანაცვლოდ, ჩვენს ქვეყანას რჩება გარკვეული ოდენობის გაზი. ვინაიდან სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, მეტი გაზი მიიღოს ამ გაზრდილი მოცულობიდან. რა არის აქ უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, გაუგებარია. ეს არის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკება, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გარკვეული ოდენობის გაზს საქართველო იღებს "შაჰდენიზიდან" და სამხრეთის მილსადენიდან.

 

მთავრობის მეთაური ბაქოში მის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებსაც გამოეხმაურა.

 

"ჩვენ პრეზიდენტ ალიევთან გვაქვს ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა და ასე იქნება ყოველთვის, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთერთობის უნიკალური გამოცდილება. მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს სომხეთთან, თურქეთთან და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას იძენს, მეტი ინვესტორი ჩამოდის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილეს ჩინურ კომპანია POWERCHINA-სთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 108 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის საინვესტიციო პორტფელი რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია. მთავრობა მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, რიკოთის უღელტეხლზე გასაყვანი ახალი გზა.

 

პრემიერმა ოპონენტებს მოუწოდა, აქცენტი ამ პროგრესზე გააკეთონ და აღნიშნა, რომ უსამართლობაა კრიტიკის მოსმენა "ნაციონალური მოძარობის" წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც გაზსადენის გაყიდვას გეგმავდნენ და რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთელი სტარტეგიული ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის შედეგებს და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, სამი წლის თავზე დამტკიცა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელ ფართო რეგიონში - მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის და ეფექტიანობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერია.

 

"ხელისუფლება ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ჩარეულა არც ერთი ტელევიზიის საქმიანობაში. მედიის, სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა იყო ჩვენი პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ჩვენ დავასრულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და ვახორციელებთ პროკურატურის რეფორმას. ნებისმიერ სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა და თვის ბოლოს ვაპირებ სამწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც ვრცლად, სფეროების მიხედვით  ვისაუბრებ ჩვენი მთავრობის მიღწევებზე. არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიღწევა. თუ შევადარებთ წინა მთავრობის გაკეთებულ საქმეებს, მოსახლეობა თავად დაინახავს ძალიან დიდ სხვაობას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: