ხათუნა ლაგაზიძე: "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმი საკვანძო მნიშვნელობისაა

ხათუნა ლაგაზიძე: "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმი საკვანძო მნიშვნელობისაა

"არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ დღეს მსოფლიოში არსებული უმძიმესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ ენერგეტიკული ბრძოლებიდან ჩვენ ისე შევძლოთ სამშვიდობოს გამოსვლა, რომ ეკონომიკურად მეტად მომხიბვლელი და მეტი უსაფრთხოების გარანტიებით, უფრო სასურველი გავხდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც", - ამ განცხადებას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე  სოციალურ ქსელში აკეთებს:

 

"ბოლოდროინდელი მოვლენები გვკარნახობს, რომ უნდა ვისწავლოთ აზროვნება და ცხოვრება ისე, რომ სხვისთვის ზედმეტ ტვირთად არ ვიქცეთ. სხვისი იმედით ცხოვრება და სხვის ხელში შემყურეობა, რაც ყოველთვის ანელებდა ჩვენს პროგრესს, განსაკუთრებით დღეს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი თავის პრობლემებშია ღრმად ჩაფლული, ხელიდან გაგვაშვებინებს იმ შანსს, რომელსაც დღევანდელი გარემოებები, გამოწვევების პარალელურად, გვთავაზობს: უმსხვილეს ეკონომიკურ პარტნიორთა დივერსიფიკაცია - ეს არის გზა, რომელზეც საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკური აღმავლობა, არამედ უსაფრთოების ახალი პარადიგმაც გადის.

 

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანი და ბულგარეთი საქართველოს გავლით სატრანსპორტო კორიდორს გახსნიან, ამ ეკონომიკური შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.

 

ასევე, კარგა ხნის შემდეგ პირველად უნდა ვაღიარო, რომ ხვალ და ზეგ დაგეგმილი "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმი, მართლაც საკვანძო მნიშვნელობისაა ამ ხელისუფლების საქმიანობაში. თემების ჩამონათვალი მოწმობს, რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოს, როგორც სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანას, სატრანზიტო, ენერგეტიკული, ფინანსური ნაკადების მოძრაობის კუთხით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით:

 

- "ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა";

 

- "აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება: ჰარმონიზაციის გზაზე არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა";

 

- "ენერგეტიკული აბრეშუმის გზა: ნავთობსადენები და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება" ;

 

- "საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები".

 

მონაწილეთა გეოგრაფია მოწმობს, რომ საქართველოს როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკვანძო ქვეყნის როლსა და ფუნქციას, სრულიად რეალურად და პერსპექტიულად აღიქვამენ: აშშ-ის კომერციის მდივნის მოადგილე და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე, თღAჩEჩA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი; უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ავღანეთის ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრები, ჩინეთის სინძიანის-უიღურეთის ოლქის გუბერნატორი. მართალია, უმჯობესი იყო, ჩინეთი უფრო მაღალი რანგის ოფიციალური პირით ყოფილიყო წარმოდგენილი ასეთ ფორუმზე, სადაც ჩინეთია სწორედ საკვანძო სახელმწიფო, თუმცა, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების ხარისხის გათვალისწინებით, ეს ფორუმის მნიშვნელობას დიდად არ აკნინებს.

 

რაც უფრო მეტი დიდი ქვეყნის დიდი ფული და შესაბამისი ინტერესი ჩაიდება საქართველოში, მით მეტი იქნება დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით. ამასთან, რუსეთი ათჯერ უფრო მეტად დაფიქრდება, თუ საქართველოში არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ საკუთარ პარტნიორთა, იმავე ჩინეთისა და ირანის ინტერესებსაც შეეჯახება. ასე რომ, ეს პროექტი არა მარტო ეკონომიკურად, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, ამას "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" ამერიკელთა მონაწილეობაც მოწმობს.

 

ასე რომ, მთავრობავ, ქვეყნის კარგი არავის სწყინს და ცუდი არავის უხარია. აკეთე კარგი საქმე და მხარდაჭერას არავინ დაგამადლის, ისევე როგორც კრიტიკას, აუცილებლობის შემთხვევაში", - წერს ლაგაზიძე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: