ნინო ბურჯანაძე: რატომ არ გამოიძია "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული?

ნინო ბურჯანაძე: რატომ არ გამოიძია "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული?

"ბოლო პერიოდის განმავლობაში მოწმენი გავხდით განსაკუთრებული აჟიოტაჟისა "ქართული ოცნების" მხრიდან "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საინტერესოა, რა დაინახა ოცნების ხელისუფლებამ ახალი, რაც იმ სამი წლის განმავლობაში არ იცოდა, როდესაც ასე წარმატებულად იყო გართული "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციით. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დროდადრო წამოსცდებათ ხოლმე, რომ მათი მთავარი ამოცანაა "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა," "ქართული ოცნება" და ყველანი, ერთნი არიან - ეს ეხებოდა იუსტიციის მინისტრის განცხადებას აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით. დიახ, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ორი პარტია ნამდვილად ერთნი არიან. ყველაფერს აკეთებდნენ ოცნების წარმომადგენლები იმისათვის, რომ "ნაცმოძრაობა" გადაერჩინათ, შეენარჩუნებინათ და მოსახლეობა კვლავ იმ არჩევანის წინაშე დაეყენებინათ რომ აქცენტი გაეკეთებინათ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის.ეს დღეს ნათლად გამოჩნდა, როდესაც ხელისუფლებას გაახსენდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი დანაშაულებები. მე მინდა ვკითხო "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, უპირველეს ყოვლისა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას ითხოვენ, შეუბრუნონ ეს კითხვა თავიანთი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ჰკითხონ, რატომ არ გამოიძიეს მათ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და რატომ გახდა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის ჩამოსვლა საჭირო იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდი ტრაგედია გამოძიებული ყოფილიყო? რატომ არ გამოიძია "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული? 

ჩვენ, "დემოკრატიული მოძრაობა" და "სახალხო კრება", იმას რასაც დღეს ოცნების წარმომადგენლები ითხოვენ, სამი წლის წინ ვითხოვდით", - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე წარადგინა "სახალხო კრების" დარბაზის გადაწყვეტილება, რომელიც 2012 წლის 16 ოქტომბერს იქნა მიღებული, სადაც "სახალხო კრება" ითხოვდა "ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, ხოლო უმაღლესი პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.

ბურჯანაძემ ასევე გაიხსენა 2013 წლის 21 ივნისს მისი და თანაპარტიელების მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ხელისუფლებას დენაციფიკაციისაკენ - "ნაციოანლური მოძრაობის" აკრძალვისაკენ მოუწოდებდენ.

"ჩვენი და მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მოთხოვნა "ქართულმა ოცნებამ" არათუ მხოლოდ უყურადღებოდ დატოვა, არამედ ფეხქვეშ გათელა და ტყუილებით და კოჰაბიტაციით გამოკვება. "მივმართავ მოსახლეობას: ნუღარ მოტყუვდებით, რადგან ეს თითოეულ თქვენგანსაც და ქვეყანასაც ძალიან ძვირად დაუჯდება. ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს როგორც დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა", ასევე დამნაშავეებზე ხელის დამფარებელი "ქართული ოცნება". ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ "დემოკრატიული მოძრაობა", ძალა ვისაც შეუძლია დამნაშავე დასაჯოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნისათვის სასიკეთო იქნება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: