"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა": საინტერესოა რა მიზანს ემსახურება ნიკა გვარამიას განცხადებები და ვინ უნდა დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა

"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა": საინტერესოა რა მიზანს ემსახურება ნიკა გვარამიას განცხადებები და ვინ უნდა დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა

"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის წინააღმდეგ წარმოებული დავა ქართული საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესის საგნად იქცა.

 

"ეს არცაა გასაკვირი, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბედი, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი საინფორმაციო გარემო მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის. სწორედ, რომ გამოხატვის თავისუფლების არსებობით, მისი ხარისხით იზომება დემოკრატიულობა და პლურალიზმი სახელმწიფოში. ამ ბუნებრივი ინტერესის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება ყურადღების ეპიცენტრი მოპასუხე ტელეკომპანიის, მისი წარმომადგენლების განცხადებებისა და სიუჟეტების გამო. მაგალითად, დავაში მოპასუხე მხარედ მონაწილე "რუსთავი 2"-ის დირექტორის ბატონი ნიკა გვარამიას განცხადებები შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს. ის უნდობლობას უცხადებს დავის განმხილველ მოსამართლეს და დავის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოსამართლის მიკერძოებულობის საფუძვლებად სხვადასხვა სახის გარემოებებს ასახელებს. ტელეკომპანიის დირექტორმა ერთ შემთხვევაში მოსამართლე მოიხსენია მოქმედი იუსტიციის მინისტრის გუნდის წევრად და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფ "ზონდერ მოსამართლედ", მეორე შემთხვევაში მოსამართლე კორუფციაში, უფრო კონკრეტულად დავის მიკერძოებულად გადაწყვეტის სანაცვლოდ დიდი ფულის აღებაში დაადანაშაულა და მესამე შემთხვევაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მოსამართლე მისი ოჯახის წევრის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამო პროკურატურის ტყვედ მოიხსენია. ამ წინააღმდეგობრივი განმარტებების ფონზე ობიექტურ დამკვირებელს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვები - რომელია მოსამართლის უნდობლობის საფუძველი? არსებობს კი მოსამართლის მიუკერძოებულობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველი? რა მიზანს ემსახურება ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებები? უნდა ითქვას, რომ თავად ბატონი ნიკა გვარამია იძლევა ამ კითხვებზე პასუხს. ის არ მალავს, რომ მისი ყველა გამონათქვამი ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, რომ საქმის განხილვას ჩამოცილდეს კონკრეტული მოსამართლე.

 

წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოება თუ ის არ ზრუნავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამ ინტერესის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც კი. ეს იმით არის განპირობებული, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის კანონიერ ინტერესებს შორის ღირებულებათა კონფლიქტის დროს "სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის" საჯარო ინტერესთან ერთად, კონფლიქტის ერთ მხარეს ექცევა "სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის" ინტერესიც. სწორედ ამიტომ, მართლმსაჯულების (და არა კონკრეტული მოსამართლის) ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

 

1. განსახილველი საქმის შესახებ ინფორმაციების გადაცემა არ უნდა გადაიზარდოს "პარალელურ სასამართლო პროცესში";

 

2. თავიდან უნდა იქნეს აცილებული საზოგადოებაში წინასწარი შთაბეჭდილებისა და განწყობის შექმნის შესაძლებლობა.

 

ამ ორი კომპონენტის დაუცველობა საფრთხეში აგდებს სასამართლოში სამართლიანი განხილვის ფუნდამეტურ უფლებას, რომელიც გულისხმობს უფლებას მიუკერძოებულ სასამართლოზე. ასეთ ვითარებაში, კონკრეტულ საქმეზე ნებისმიერი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივ შედეგსაც არ უნდა ადგენდეს იგი, შესაძლოა აღქმული იქნეს როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული.

 

ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ვერ იქნება გულგრილი ამ ფაქტის მიმართ. ეს არაა მხოლოდ რიგითი, კონკრეტული შემთხვევა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. მას შეიძლება მიენიჭოს პრეცედენტის მნიშვნელობა და სხვა მრავალ შემთხვევაშიც განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს და დისკუსია გაიმართოს სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის კანონიერი ინტერესის დაცვის კუთხითაც და იურიდიული საზოგადოების მხრიდან შეფასება მიეცეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის და მისი წარმომადგენლების მოქმედებები თუ რამდენად ექცევა გამოხატვის თავისუფლების საჯარო ინტერესის ფარგლებში.

 

სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებულობის უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მათ უნდა იმოქმედონ ადეკვატურად ყოველი მოსამართლის დაუსაბუთებელი კრიტიკის, მით უფრო, კრიტიკისადმი შეუთავსებელი გამონათქვამების კვალდაკვალ. იმედია, ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, იურიდიული საზოგადოება და თავად მასმედიის წარმომადგენლები საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საზრუნავად არ მიატოვებენ და ერთად ვიზრუნებთ კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დეკლარილებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინტერესის დასაცავად. სამოსამართლო საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის გარეშე მართლმსაჯულება შესაძლოა იქცეს მხარეთა თუ დავის შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირთა სუბიექტური ზრახვების განხორციელების მსხვერპლად, რაც უპირველესად დააზარალებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მასთან დაკავშირებული ყოველი ადამიანის ინტერესს ჰქონდეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა სამართლიან, მიუკერძოებულ და დამოუკიდებელ სასამართლოში".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: