რატომ არ დაუშვეს ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე?

რატომ არ დაუშვეს ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე?

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც წინა პროცესზე გააძევა, არც დღევანდელ სხდომაზე დაუშვა. 

 

"გვარამია ვერ შემოვა სხდომაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და შეგიძლიათ გაასაჩივროთ", - განაცხადა ურთმელიძემ.

 

ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას სასამართლო დარბაზში აჩვენეს "რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელი სატელევიზიო განცხადება. სასამართლომ დაუშვა დისკი, სადაც აღნიშნულია ჩაწერილი. დისკის დაშვების შუამდგომლობას არც ქიბარ ხალვაშის მხარე შეეწინააღმდეგა. ასევე აჩვენეს ტელეკომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლის მისვლის ამსახველი მასალა, სადაც იგი გვარამიას პროკურატურაში იბარებს. წარდგენილი მასალის საფუძველზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგიმლობა, რომ გვარამიას, რომელიც წინა პროცესიდან გააძევეს, მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება. ასევე იურისტებმა მოსამართლეს განუმარტეს, რომ "რუსთავი 2"-ის დირექტორზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. 

 

გვარამიას პროცესზე დაშვების აუცილებლობას ვერ ხედავს მოსარჩელე მხარე. ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განმარტა, რომ გვარამიას 2 ადვოკატი იცავს და მისი დასწრების აუცილებლობა არ არსებობს. 

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებით, გვარამიამ მოსამართლეს უვიცი უწოდა და შოუ დადგა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი მისი დასწრება, მისი მხრიდან გრძელდება სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა. ამ მოტივით ურთმელიძემ გაძევებული გვარამიას სასამართლო პროცესზე დაშვებაზე უარი თქვა.

 

ნიკა გვარამიას მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პროცესზე არ დაუშვებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: