თამარ სანიკიძე: არ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება ვითარების დაძაბვის წამახალისებელი იყო

თამარ სანიკიძე: არ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება ვითარების დაძაბვის წამახალისებელი იყო

"არ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება ვითარების დაძაბვის წამახალისებელი იყო", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებას გამოეხმაურა.

 

სანიკიძის აზრით, ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს განცხადებებისგან, რათა სასამართლოზე ზეწოლის თავიდან აცილება მოხდეს.

"ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შევიკავოთ განცხადების გაკეთებისგან, რომ მოსამართლეზე რაიმე ზეგავლენის მცდელობა ავირიდოთ. ნებისმიერი განცხადება - პრეზიდენტის მხრიდან იქნება, პარლამენტის თუ მთავრობის მხრიდან, ეს იქნება ზეწოლა მოსამართლეზე. ჩვენ მოსამართლეს საშუალება უნდა მივცეთ კანონის შესაბამისად იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება, ზოგადად, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, განათლების მინისტრი პრემიერს ეთანხმება, რომ სახეზეა პროვოკაციები. 

 

"პროვოკაციები ყველა თემაზე ყოველდღიურად სახეზეა", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოუწოდებს, "ნაჩქარევი და ხისტი" გადაწყვეტილება არ მიიღოს. 

 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ყველას მოუწოდებს თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან. 

 

"მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: