კახა კახიშვილი: ვფიქრობ, ოქრუაშვილს არასაპატიმრო აღმკვეთ ღონისძიებას მიუსჯიან!

კახა კახიშვილი: ვფიქრობ, ოქრუაშვილს არასაპატიმრო აღმკვეთ ღონისძიებას მიუსჯიან!

ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით "ივერიონმა" კომენტარი სთხოვა პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს კახა კახიშვილს.


"გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების საკითხი, რომელიც პარლამენტის სასესიო სხდომაზე ხვალ უნდა გავიდეს. როგორც ჩანს, ოქრუაშვილმა ვერ მოითმინა და დღეს დაბრუნდა საქართველოში. მე, როგორც იურისტი, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს ოქრუაშვილთან მიმართებაში სავსებით ლოგიკურად მივიჩნევ, რადგან ის იყო დაუსწრებლად გასამართლებული და იმყოფებოდა "მიმალვაში".  ამჟამად საკითხავი ის არის, თუ რას მოიმოქმედებს პროკურატურა და როგორ აღმკვეთ ღონისძიებას მიუსჯის მას. ჩემი აზრით, მას არასაპატიმრო აღმკვეთ ღონისძიებას მიუსჯიან", _ განაცხადა კახა კახიშვილმა.


"ივერიონის" კორესპონდენტის კითხვაზე, რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მინიჭებას, ექსპერტი პასუხობს:


"ეს არ არის საქართველოში მოგონილი ტერმინი, ეს არის ევროპის სასამართლოს მიერ დადგენილი სტატუსი, რომელსაც შეესაბამება ყველა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, ადამიანს ენიჭება პოლიტიკური ნიშნით დევნილის, ან პოლიტპატიმრის სტატუსი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჰქონდა თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს სამართლიანი გამოძიების ან სასამართლოს მოლოდინი? ბუნებრივია არ ჰქონდა. ჰქონდა თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს საპყრობილეში მოთავსების შემდგომ იმის გარანტია, რომ მასზე და მის ოჯახის წევრებზე არ მოხდებოდა ფიზიკური და მორალური ზეწოლა? ჩემი აზრით, ირაკლი ოქრუაშვილს, ისევე როგორც, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სამართლებრივ სასამართლოში დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა", _ აცხადებს ჩვენთან საუბარში კახა კახიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: