ოთარ დანელია: ციტრუსის რუსეთში გატანით დაბრკოლებას არ ველოდებით!

ოთარ დანელია: ციტრუსის რუსეთში გატანით დაბრკოლებას არ ველოდებით!

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, მისი მრჩევლის, ზურაბ ჩეკურაშვილის "როსსელხოდნადზორში" ვიზიტის ფარგლებში ტექნიკური და მეთოდოლოგიური საკითხები შეთანხმდა.

 

როგორც ოთარ დანელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მრჩეველი რუსეთში იმყოფება და მორიგ შეხვედრას მართავს.

მინისტრის ცნობით, აღნიშნული შეხვედრები სისტემატურად იმართება იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ბაზარზე ფიქსირდება.

 

"ძალიან კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით. ციტრუსის კუთხით, რუსეთში ექსპორტის თვალსაზრისით აბსოლუტურად არანაირ დაბრკოლებას არ ველოდებით. ასევე, მწვანილის ნაწილში მივაღწიეთ შეთანხმებას. უფრო მეტიც, ენდობიან ჩვენს ექსპერტიზას და სპეციალისტები არ ჩამოვლენ საქართველოში რუსეთის მხრიდან, თავიდან ბოლომდე მოგვანდობენ ამ პროცესს და ჩვენ შევძლებთ ექსპორტის დაწყებას. ახლა პროცედურები მიმდინარეობს, რომ უწყებათაშორის მეთოდოლოგია განისაზღვროს. შენარჩუნებულ იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი, როგორც ციტრუსის, ისე მწვანილის ნაწილში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის მოცემულობა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის დაკონკრეტება იყო. 

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, დაფიქსირდა კომუნიკაციის, მიმოწერის პრობლემა, რადგან კორესპოდენციამ რამდენჯერმე დაიგვიანა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ვიზიტის ფარგლებში ტექნიკური და მეთოდოლოგიური საკითხები შეჯერდა და შეთანხმდა. 

 

რაც შეეხება მწვანე კულტურის ექსპორტის რაოდენობას, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს დაახლოებით 20-30 ათას ტონამდე მწვანე კულტურების ექსპორტის პოტენციალი აქვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: