ირაკლი სესიაშვილი:საზოგადოებას კარგად ახსოვს ლაფანყურის სპეცოპერაცია, მუხროვანის ამბოხი…

ირაკლი სესიაშვილი:საზოგადოებას კარგად ახსოვს  ლაფანყურის სპეცოპერაცია, მუხროვანის ამბოხი…

"როდესაც სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, სამართალდამცავებისგან ადეკვატური და დროული რეაგირება აუცილებელია", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისგან" გასაკვირი არაა.

 

"ნაციონალებისგან" მსგავსი პროვოკაციები არ უნდა გამოვრიცხოთ - ანალოგიურ სცენარებს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხშირად გვთავაზობდნენ. საზოგადოებას კარგად ახსოვს "მოდელირებული ქრონიკა", ლაფანყურის სპეცოპერაცია, მუხროვანის ამბოხი და სხვა. ბუნებრივია, გამოძიების დასრულებამდე არა გვაქვს უფლება, პარტიის წევრები დამნაშავეებად გამოვაცხადოთ, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების წარმოება და შესაძლო მოწმეების დაკითხვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ფონს თავად "ნაციონალური მოძრაობა" ძაბავს. არაერთხელ მოვისმინეთ არაკანონიერი მოწოდებებიც - კანონს არ დავემორჩილებით და ტელეკომპანიას ძალის გამოყენებით დავიცავთო. თუ ამ განცხადებებსაც გავითვალისწინებთ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში ლოგიკურად ჯდება. შესაძლოა, უშიშროების სამსახურში მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც არსებობს, თუმცა ამაზე გამოძიებამ თავად უნდა ისაუბროს", - განაცხადა სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: