გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა განვიხილოთ აფხაზეთის „სხვა საქართველოსთან" რეინტეგრაციის შესაძლებლობაც!

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა განვიხილოთ აფხაზეთის „სხვა საქართველოსთან" რეინტეგრაციის შესაძლებლობაც!

ვიცე-პრემიერის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს და იმსჯელოს სხვადასხვა შესაძლებლობაზე, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული. 

 

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ლიტვაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის გუშინდელ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით, ამ საკითხზე ერთიანი სამთავრობო პოზიცია არ არსებობს, თუმცა ცუდი არაფერია იმაში, თუ აღნიშნული თემის ირგვლის საზოგადოება იმსჯელებს. 

 

"ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა გზაზე, თუ როგორ მოვახდინოთ დანარჩენ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოში აფხაზი ხალხის რეინტეგრაცია, აფხაზეთის რეინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მზად არის, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. შესაბამისი განცხადება ზაქარეიშვილმა გუშინ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას გააკეთა.

 

"ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტები და ხედვები, თუ როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: