დავით ბაქრაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

დავით ბაქრაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. 

 

 5 ნოემბერს, დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა ფორუმის სესიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების შესახებ და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამომწვევებზე, საფრთხეებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. 

"დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი 2015 ორდღიანია და მის მუშაობაში ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ოფიციალური პირები, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისა და მედიის, ასევე, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები მონაწილეობენ. ფორუმზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობენ", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში. 

 

მათივე განმარტებით, ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის, პოლონური დიასპორისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონრად პავლიკთანაც. 

"მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. კონრად პავლიკმა დაადასტურა პოლონეთის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატური ასახვის მნიშვნელობას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებებში, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით", - განმარტავენ უწყებაში. 

 

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებს. 

 

"პოლონეთისგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერი სახელმწიფოსგან, სადაც მომავალ წელს ნატო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, მივიღეთ კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ პოლონეთი დგას საქართველოს გვერდით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას უკავშირდება, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან კომუნიკაციასა და ამ კომუნიკაციის კოორდინაციას შეეხება. ვისაუბრეთ იმ აქცენტებზე, რომელიც უნდა გავაკეთოთ ბრიუსელის მინისტერიალის დროს, ნატო-ს სამიტის დროს", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

 

პოლონეთიდან სახელმწიფო მინისტრი ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. დავით ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს რიგის 2015 წლის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაში: "რა დაეხმარება საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში?" (What Will Bring Moldova and Georgia Closer to the EU?)

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: