დღეს რუსული კინოს ფესტივალი იწყება

დღეს რუსული კინოს  ფესტივალი იწყება

დღეს თბილისში რუსული კინოს მესამე ფესტივალი იწყება. ფესტივალის ორგანიზატორები  ხელოვნებისა და "კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი" და საპროდიუსერო ცენტრი "კინოპროცესი" არიან.


ფესტივალის პროგრამა აერთიანებს თანამედროვე რუსული კინოს 30-მდე უახლეს ნამუშევარს მხატვრული, დოკუმენტური, და ექსპერიმენტული ფილმების სახით. მათ შორისაა საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე და ჯილდოების მფლობელი ფილმები. ასევე  ფესტივალზე ნაჩვენები იქნება რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი „სიყვარული აქცენტით“.

ფესტივალს დაესწრებიან ცნობილი კინორეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და კრიტიკოსები: ალექსანდრე ბალაბანოვი, ანდრეი პროშკინი, ვადიმ აბდრაშიტოვი, პაველ კოსტომაროვი, რომან პრიგუნოვი, ვასილ სიგარევი, სლავა როსი, სერგეი სელიანოვი, ირაკლი კვირიკაძე, ანა მიხალკოვა, ანა ტროიანოვა, კირილ პირაგოვი და სხვები.

ფესტივალის პროგრამით დაგეგმილია ალექსეი ბალაბანოვის ფილმების რეტროსპექტივა; პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშვნა.

ტრადიციისამებრ, შედგება კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზის გადაცემა.

ფესტივალის პრეზიდენტია ელდარ რიაზანოვი. 2012 წელი მისთვის საიუბილეოა, მას 85 წელი უსრულდება.


ფესტივალი 25 ნოემბერს დაიხურება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: