ლაშა გახარია - ქართულ პოეზიაში მოვარდნილი გრიგალი

ლაშა გახარია - ქართულ პოეზიაში მოვარდნილი გრიგალი

გუშინ დიდი დღესასწაული იყო ჩხოროწყუში - უკვე ტრადიციად ქცეულ ჩხოროწყუობას, თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის ლაშა გახარიას მშობლიურ სოფელში - მუხურში, მისი სახლ-მუზეუმის გახსნა დაემთხვა.

 

კოპწიად გამოიყურებოდა ლაშას ოდაბადე - აქ თავი მოეყარა მისი პოეზიის თაყვანისმცემლებს დედაქალაქიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. მრავლად იყვნენ ჩხოროწყუელებიც, რომლებიც მადლიერებას გამოხატავდნენ თვითნაბადი პოეტის აღიარების გამო.

 

საკმაოდ შთამბეჭდავი იყო სახლ-მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი. ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორის, ცნობილი ფილოლოგის ქ-ნ ნაირა ციმინტიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სახელდახელოდ მომზადებულმა რეპერტუარმა გულგრილი არ დატოვა პოეზიის თაყვანისმცემლები - სცენაზე უხვად „იღვრებოდა“ ლაშას პოეტური მარგალიტები.

 

საკმაოდ ემოციურად იყო დამუხტული საზეიმო ცერემონიალში მონაწილეთა გამოსვლები - სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ რაიონის გამგებელი - დავით გოგუა; პოეტი, ლაშა გახარიას პოეტური კრებულების უცვლელი რედაქტორი, ლია ნაროუშვილი; პოეტი ლაშა გვასალია; ლაშა გახარიას მეუღლე, ცნობილი სპორტსმენი როზა ბერიკაშვილი; პოეტი და კრიტიკოსი  იკა ქადაგიძე; პოეტი მერაბ კვიცარიძე, ცნობილი ჟურნალისტი გვანჯი მანია; ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სპორტული ჟურნალისტი ელგუჯა ბერიშვილი; პოეტი მანანა თექთუმანიძე; ახალგაზრდა პოეტმა, ოთო ფალიანმა წაიკითხა ლაშას ლექსები.

 

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის კომპოზიცია, რომელიც ქალბატონ ნაირა ციმინტიას ხემძღვანელობით წარმოადგინეს ადგილობრივმა მოსწავლეებმა - სცენაზე მხატვრული შესრულებით ცოცხლდებოდა ლაშას პოეზია...

 

ამ საზეიმო განწყობას ლაიტმოტივად გასდევდა ახალი კრებულის „ლაშა გახარია _ ქართულ პოეზიაში მოვარდნილი გრიგალი“ სულისკვეთება. როგორც წიგნის ანოტაციაშია ნათქვამი: „ლაშა გახარია ქართულ პოეზიაში მოვარდნილი გრიგალია. იგი ისეთი ხმაურით შემოიჭრა ქართული პოეზიის დაბირინთებში, გზის გასაკვლევად ხელის ცეცებაც არ დასჭირვებია. წერდა, მაგრამ მის საჯაროდ გამომზეურებას არ ჩქარობდა - სიცოცხლეში მხოლოდ ორი წიგნის გამოცემა მოასწრო!..“

 

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არა ლაშას მეუღლე - ქალბატონი როზა ბერიკაშვილი და მისი ერთგული მეგობრები ლაშა გახარიას პოეტური მაერგალიტები ჭეშმარიტი პოეზიის თაყბვანისმცემელთა გულებს ვერ დაიპყრობდა.

 

...ლაშა არაორდინალური „მოლექსე“ და ასევე არაორდინალური პიროვნება იყო - იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თვითნაბადი ნიჭით და ქართველი ვაჟკაცისადმი დამახასიათებელი საუკეთეო თვისებებით - გამუდმებით ძერწავდა პოეტურ სტრიქონებს, მაგრამ მის გამოქვეყნებას არ ჩქარობდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნამდვილ პოეზიასთან წილნაყარობაში დარწმუნებული იყო.

 

„ხან მარტვილია, ხანაც - მესია,

თან წერტილია, თანაც - ანთარი

პოეტი მაინც - ერთი ლექსია -

ობლის ცრემლივით ცამდე მართალი.“

 

წერს ლაშა გახარია ერთ-ერთ ლექსში „პოეტი“.

 

რამდენი „ობლის ცრემლივით ცამდე მართალი“ ლექსია მის პოეზიაში.

 

კითხულობ ლაშას ლექსებს და რწმუნდები, რომ მისი სახით საქმე გვაქვს თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტთან, რომელმაც კარგად იცის, როგორ „მოიქნიოს“ სტრიქონები და ჭეშმარიტი პოეზიით დაგატყვევოს!

 

სწორედ ლაშას თვითნაბადი პოეზიის აღიარება იყო მისი სახლ-მუზეუმის გახსნაც. ამაში უდაოდ დასაფასებელია რაიონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა გამგებლის ბატონ დავით გოგუას ძალისხმევა, რომელიც ბევრი, საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების ინიციატორადაც გვევლინება. სწორედ დავით გოგუას უშუალო მხარდაჭერით შეესხა ხორცი ამ მეტად საშვილიშვილო საქმეს - ამიერიდან ლაშას სახლ-მუზეუმი ჭეშმარიტი პოეზიის თაყვანისმცემლებს გულთბილად უმასპინძლებს!

 

გუშინდელი დღე ნამდვილად იყო ერთგვარი ზეიმი ჩხოროწყუელებისთვის და სახელდახელოდ ჩამოსული სტუმრებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმის გახსნის პარალელურად ჩხოროწყუს ცენტრში ზეიმობდნენ ჩხოროწყუობას, რომლის დასკვნითი ნაწილი საპატიო ჩხოროწყუელების არჩევით დაგვირგვინდა.

 

 

სასიხარულოა, რომ ეს საპატიო ტიტული, სხვა გამორჩეულ პიროვნებებთან ერთად, ლაშა გახარიას მეუღლეს - ქალბატონ როზა ბერიკაშვილსაც მიენიჭა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: