გია ხუხაშვილი: გაცილებით მეტი სპეციფიკურობა ახასიათებს ავლაბრის რეზიდენციას

გია ხუხაშვილი: გაცილებით მეტი სპეციფიკურობა ახასიათებს ავლაბრის რეზიდენციას

ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის იძულებითი გამოსახლების შემთხვევაში მთავრობა საკუთარ თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას  გამოეხმაურა.

 

ხუხაშვილის თქმით, ვერც კი წარმოუდგენია, რა ლეგალური მიქანიზმით შეიძლება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს მოახერხოს.

 

"ბიძინა ივანიშვილს, როგორც მოქალაქეს, შეუძლია, რადიკალური პოზიცია გამოთქვას. ამაში მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პრობლემას იქედან გამომდინარე, რომ მას არ აქვს არანაირი ფორმალური სტატუსი. რაც შეეხება მთავრობას, შესაძლებელია, ივანიშვილს ბევრი ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს, მაგრამ მთავარი საკითხია, როგორ შეიძლება ეს ქმედებებში აისახოს. ვფიქრობ, აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის მცირე შანსი აქვს, რადგან თავადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს. ისედაც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და არა მაგონია, ასეთი შეცდომის დასაშვებად მზად იყოს. ასევე, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რა ლეგალური მექანიზმით შეიძლება, მთავრობამ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან გამოასახლოს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს მთავრობის მხრიდან პრაქტიკული ქმედება ვერანაირი ვერ მოყვება და თუ მოყვება, თვითონ ის დაზარალდება. რა უნდა ქნან? – ავლაბრის რეზიდენციას წყალი გადაუკეტოს, შუქი გაუთიშოს და, თუ პრეზიდენტი მაინც არ გამოვა, სპეცრაზმით გამოიყვანოს? მერე პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, ტანკები უნდა გამოიყვანოს? აი, რა უნდა მოხდეს? სერიოზულად ამაზე ვეღარც გელაპარაკებით", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

რაც შეეხება მთავრობის წევრთა განცხადებას, რომ ათონელზე მდებარე რეზიდენცია სპეციფიკური ელემენტების გამოყენებით გარემონტდა, რის გამოც მისი სხვა დანიშნულებისთვის გამოყენება რთულია, ხუხაშვილის აზრით, გაცილებით მეტი სპეციფიკურობა ახასიათებს ავლაბრის სასახლეს. 

 

"ხარჯების ნაწილში ორ რეზიდენციას შორის მხოლოდ მიზერული სხვაობა შეიძლება არსებობდეს, რადგან შენობების ფართი არ არის მაინცდამაინც განსხვავებული. ავლაბრის სასახლეში უბრალოდ უფრო დიდი ეზოა და პროტოკოლური შეხვედრების იქ გამართვა უფრო საინტერესო. ქვეყნისთვის არის კარგი, მაღალი დონის აუდიენციები რაც უფრო უკეთეს სივრცეში შედგება და სწორედ ესაა ავლაბრის რეზიდენციის უპირატესობა, თორემ კომუნალურ ხარჯებში შეიძლება მიზერული განსხვავება იყოს. ბიძინა ივანიშვილმა ახსენა "10 მილიონი". სიმართლე გითხრათ, ეს რა ციფრია, ვერ ვხვდები. 10 მილიონი ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთელი ბიუჯეტია ვიზიტების ჩათვლით და ა.შ. ათონელზე რომ გადავა, ეს ხარჯები აღარ იქნება? ანუ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა დაჯდა ან ჯდება ავლაბარში მდებარე შენობა, არამედ იმაზე, რა განსხვავებაა ხარჯებში. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რაში ხედავს რადიკალურ სხვაობას",- აღნიშნა ხუხაშვილმა. 

 

რაც შეეხება ათონელზე მდებარე სასახლის სპეციფიკურობას, როგროც პოლიტოლოგი ამბობს, სპეციფიკურადაა გაკეთებული ავლაბრის რეზიდენციაც. 

 

"ღრმად არასერიოზულია, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მას კვადრატული მეტრობით გააქირავებს ან ა.შ. ანუ იგივე პრობლემა დგას ავლაბრის რეზიდენციასთან მიმართებაშიც, რაზეც ათონელზე მდებარე შენობასთან დაკავშირებით საუბრობენ და შეიძლება, ეს სპეციფიკურობა უფრო მეტადაც კი ახასიათებს ავლაბრის რეზიდენციას. ამ შენობის სხვა ფუნქციით დტვირთვა შეუძლებელი იქნება, ისეა აშენებული და ამას მიხვდება, ვინც ერთხელ მაინცაა იქ ნამყოფი. ასე რომ, ათონელზე იქნება პრეზიდენტი თუ ავლაბარში, ერთ-ერთი შენობისთვის ფუნქციის გამოძებნა მაინც იქნება მთავრობის თავის ტკივილი", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით "ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ" აფასებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, "ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს". 

 

 

"ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ. მაგრამ, მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

წყარო: IPN

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: