სოზარ სუბარი: საქართველო სირიელ მიგრანტებს უკვე იღებს!

სოზარ სუბარი: საქართველო სირიელ მიგრანტებს უკვე იღებს!

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველო სირიელ მიგრანტებს უკვე იღებს. კომენტარი სუბარმა ევროპარლამენტის დეპუტატის, ანდრეს მამიკინსის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. სუბარის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო სირიაში, ერაყსა და უკრაინაში, საქართველომ გაამარტივა და დააჩქარა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მიცემის პროცედურები და უმრავლეს შემთხვევაში უარს არ ეუბნება მიგრანტებს ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე, თუ ძალიან სერიოზული ეჭვები არ არსებობს.

 

"ჩვენმა მეგობარმა ევროპარლამენტარმა გამოხატა თავისი სურვილი, რის საპასუხოდაც ვიტყვი, რომ ამას უკვე ვაკეთებთ. ამის შესახებ გუშინ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ბატონ მუჟნიევსკის როდესაც მივაწოდე ინფორმაცია, გაოცებული იყო ამ ციფრების ნახვით და თქვა, რომ გაცილებით განვითარებული ქვეყნები ამ ციფრებზე ვერ გადის და არ გადის. ჩვენ ცხადია, ამას ვაკეთებთ ყოველგვარი ორმხრივი ვალდებულების გარეშე, ჩვენი ადამიანური ვალდებულებებიდან გამომდინარე, მაგრამ დიდი სიამოვნებით გვექნება დიალოგი ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რათა გავაცნოთ ის, რასაც ვაკეთებთ და ის, რასაც ვაპირებთ.

 

4 ათასზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა. მათგან უმრავლესობამ საქართველო თვითონ დატოვა ანუ არ მოინდომა აქ სტატუსის მიღება, ხოლო ვინც დარჩა, იქიდან 1038-მა უკვე მიიღო თავშესაფარი შესაბამისი სტატუსით. უარი ეთქვა მხოლოდ 327-ს და 296 საქმე ამ წუთში არის განხილვაში. ამ 1038-დან, ვინც მიიღო თანხმობა, ერაყელი არის 387, ესენი არიან იეზიდები და ქურთები. უკრაინიდან არის 273 ლტოლვილი, სირიიდან კი 49. სირიელების უმრავლესობამ თვითონ თქვა უარი სტატუსის მიღებაზე, რადგან მათ გეზი ჰქონდათ მაინც ევროპისკენ და საქართველოში როცა ჩამოდიოდნენ, გათვლა ჰქონდათ, რომ აქედან თავისუფლად მოხვდებოდნენ ევროპაში. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყანად და აქ დამკვიდრების შემთხვევაში არ ეძლევათ მესამე ქვეყანაში თავისუფლად გადასვლის საშუალება. ამის შემდეგ მათ თვითონ დატოვეს ქვეყანა", - განაცხადა სუბარმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: