ირაკლი შიხიაშვილი:"გეორგია" 75 მილიონიანი სოფელი სახელმწიფოს დაფინანსებით

ირაკლი შიხიაშვილი:"გეორგია"  75 მილიონიანი სოფელი სახელმწიფოს დაფინანსებით

ქვეყანაში მიმდინარე პორცესებზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა ისაუბრა.

 

- საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისთვის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება იქმნება. ეკონომიკურმა საბჭომ  ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია მოიწონა. საიდან წამოვიდა ეს იდეა და რა არის პროექტის მიზანი?

 

-  იდეა წამოვიდა უწმინდესისგან. სამწუხაროდ,  საზღვრისპირა რეგიონებში ყველა მიმართულებით ძალიან შემცირდა მოსახლეობა, ამიტომ უწმინდესის იდეა იყო - მომხდარიყო საზღვრისპირა რეგიონებში ნაკლებად მძიმე დანაშაულის  ჩამდენი პირების ჩასახლებები. კონსულტაციების შემდეგ, ჩამოვყალიბდით, რომ საზღვრისპირა რეგიონებში დაგვესახლებინა ვეტერანები. ეს ჩემი იდეა იყო, მოიწონა უწმინდესმა, ეს საუბარი გაგრძელდა პრემიერ-მინისტრთან და მისი თანხმობით და თანადგომით გადაწყდა, რომ  დაგვეწყო მუშაობა ვეტერანების დასახლებების შექმნის პროგრამაზე.

 

ამის შემდგომ ვიყავით ვიზიტით ისრაელში, რადგან ისრაელია სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც გარშემორტყმულია ყველა მხრიდან არაკეთილადგანწყობილი მეზობლებით და მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდის პროცესი ამ ქვეყანაში არ ჩერდება.  ისინი იცავენ საკუთარი ქვეყნის  საზღვრებს, იქ ასეთი 320 სოფელია. ვეტერანები ომის მერეც აგრძელებენ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართულობას. თოფი, რომელიც გაიცვალა თოხზე, ისევე მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნისთვის, როგორც იარაღით საკუთარი სამშობლოს დაცვა.

 

-  ჩვენთან რამდენი იქნება ასეთი დასახლება და რომელ რეგიონებში ფიქრობთ ამის ჩამოყალიბებას?

 

-  როდესაც ჩვენ შევისწავლეთ სისტემა, თუ როგორ არის დაგეგმილი და განხორციელებული, გაგვიჩნდა სურვილი, ეს უზარმაზარი გამოცდილება გაგვეზიარებინა როგორც საზღვრის დაცვის კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის წარმოების მიმართულებით. ისრაელი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი ძლიერი ექსპორტიორი, მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე მეტეოპირობები, არ აქვს მიწა, მაგრამ დიდი შრომის, ახალი  ტექნოლოგიების ხარჯზე ახერხებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს.

 

ისრაელელ მეგობრებთან ერთად, რომლებსაც დიდი გამცოდილება აქვთ ამ მიმართულებით, დავდეთ ხელშეკრულება, საქართველოს ერთ-ერთ საზღვრისპირა რეგიონში შეგვექმნა ასეთი სოფელი. ისარელში ასეთ სოფლებს ჰქვია "მოშავი" და დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვერქმია "გეორგია".

 

პროექტის განსახორციელებლად დაგვჭირდა, დაგვედო ხელშეკრულება ებრაელების კომპანიასთან, რომელიც რეგისტრირებულია ჰოლანდიაში -"ფორტუნა ჰოლდინგთან". ეს კომპანია  ასეთ სოფლებს საკმაოდ წარმატებულად აშენებს აფრიკასა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

 

მათთან ერთად, გარდაბნის რაიონში მდებარე ყოფილ კოლმეურნეობა "პობედაში" ვგეგმავთ პირველი საპილოტე სოფლის განხორციელებას.  გავაკეთეთ  "ფიზიბილითი სტადი", ხელშეკრულება დაიდო ვეტერანთა სამსახურსა და "ფორტუნა ჰოლდინგს" შორის. დაფინანსება გამოყო საპარტნიორო ფონდმა - 200 ათასი დოლარი. დღეს უკვე გვაქვს სამუშაო და სამოქმედო დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე შეგვიძლია, არათუ ვივარაუდოთ, არამედ ვიყოთ მაქსიმალურად დარწმუნებულები იმაში, რომ ამ სოფლის აშენება წარმატებული იქნება. მთავრობამ მიიღო  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან მომხდარიყო  პირველი საპილოტე პროექტისთვის ფულის გამოყოფა, საუბარია 75 მილიონ დოლარზე. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ იყო მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ყველას ეგონა, რომ ეს არის სოციალური პროექტი, მაგრამ ეს არ არის მარტო სოციალური პროექტი - ეს ფული უკან უნდა დაბრუნდეს.

 

-   როგორ, რა სისტემით უნდა მოხდეს ამ ფულის დაბრუნება?

 

- სოფელში იქნება მესაქონლეობა, მერძევეობა, რძის გადამმუშავებელი ქარხანა, საქონლის კვების ცენტრი, სათბურები, ასევე იქნება ახალი სისტემები - ირიგაციის და მზის ენერგია იქნება გამოყენებული. ამ ყველაფრის დანერგვის შემდეგ სოფელში მოხდება 550 ვეტერანის ოჯახის ჩასახლება, რომლებიც ამ სფეროებში დატრენინგებული იქნებიან.  წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგებით, ისინი იქნებიან უნარიანი, გადაიხადონ სახელმწიფოსგან  სესხად მიღებული თანხა, ასევე განახორციელონ  ინვესტირება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რათა განვითარდეს სოფელი. ასევე ოჯახები, როგორც მეპაიეები, დივიდენდის სახით გაინაწილებენ მოგებას, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩებათ. ეს იქნება ერთი დიდი კოოპერატივი, სადაც ყველას ექნება თანაბარი წილი და თანაბარი უფლებები.

 

სანამ სახელმწიფოს დაუბრუნდება ვალი, ბუნებრივია, ზედამხედველობას განახორციელებს სახელმწიფო, სტრატეგიას განსაზღვრავს სახელმწიფო და მონიტორინგს განახორციელებენ ებრაელებიც, რომ არ მოხდეს  ამ პროექტის მთავარი ხაზიდან გადახვევა და არ იყოს შეფერხებები.

 

ტესტირება გამოაჩენს, ვინ მიიღებს მონაწილეობას პირველ საპილოტე პროექტში, თუმცა,  ეს არ ნიშნავს, რომ ამ 550 ვეტერანის დატრენინგებით, მათი სოფელში გაგზავნით წყდება ეს პროექტი.  ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ დაახლოებით 25 ასეთ სოფელს ავაშენებთ საზღვრისპირა რეგიონებში.

 

-  თქვენ ახსენეთ სესხი, როგორი იქნება სესხის პირობები? მაგალითად, დღეს გვაქვს "შეღავათიანი აგროკრედიტი", სადაც სესხის ნაწილს იხდის სახელმწიფო, ნაწილს ფერმერი. ყველა თანაბარ სესხს აიღებს?

 

-  ეს არის სოფლის სესხი და არა თითოეული ადამიანის ინდივიდუალურად. ყველა ერთად ქმნის დოვლათს და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით იხდის ვალს.

 

ეს არის უპროცენტო სესხი, სახელმწიფო აძლევს ამ თანხას, ავითარებს სოფელს და შემდეგ უკან იბრუნებს თანხას, რომ სხვა პროექტებში ჩადოს.

 

დღეს ეს ადამიანები იღებენ  სუბსიდიებს სახელმწიფოსაგან, სახელმწიფო ამ ფულს ყრის. ქვეყანაში, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს,  მარგინალური აზროვნება დამკვიდრდა, რადგან წახალისებული იყო სიღარიბე. ადამიანები მიდიან და იხვეწებიან: მინდა, ვიყო ღარიბი, რომ არ მოვკვდე მშიერი. ამ ფულს სახელმწიფო სესხულობს სხვა ქვეყნებში, მერე ამ ფულს ყრის, ოღონდ კმაყოფილებას ვერ იღებს. ჩვენი მიზანია, რომ იმ ფულით, რაც უნდა გადაიყაროს, შევქმნათ სოფელი, რომელიც აქეთ მოგვცემს ფულს. ანუ ვეტერანს, რომელსაც სახლი არ აქვს და ქირის ფულს აძლევს სახელმწიფო, მკურნალობის, სწავლის, კვების, მგზავრობის ფულს აძლევს სახელმწიფო- ეს  ტვირთი მოეხსნას სახელმწიფოს და ხელგამოწვდილ მდგომარეობაში ჩაყენებული მოქალაქე გახდეს დოვლათის შემტანი ბიუჯეტში.

 

შედეგად, ვიღებთ რას?- დაცულ და  დასახლებულ საზღვარს, მცოდნე გლეხს, მიღებული დოვლათის სწორ განაწილებას, ბიუჯეტში ფულს, მიწების არგაყიდვას, რადგან მიწა არ იყიდება და იჯარით გადაეცემა ამ სოფელს. საზღვრსიპირა რეგიონებში მიწების არგაყიდვა კი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის.

 

-  რამდენ ხანში დაიფარება სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხი? საპილოტე პროექტისთვის 75 მილიონია გამოყოფილი, ამ თანხას სრულად დაიბრუნებს სახელმწიფო?

 

-  რა თქმა უნდა. 15 წელია ამ პროექტის ხანგრძლივობა. თუ სახელმწიფოებრივად შევხედავთ ამ ყველაფერს, ეს არის ნორმალური დრო. თუმცა, სოფელი გადახდისუნარიანი ხდება წელიწად-ნახევარში. თავიდან, როდესაც სურვილი იყო ამისი და ცოდნა არ იყო,  ვერგანხორციელების შიში მეტად არსებობდა. მაგრამ რაც უფრო კარგად ერკვევი სისტემაში, დამიჯერეთ, შიში საერთოდ ქრება.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სოფლის გარშემო ვინც არიან დასახლებული, მათთვისაც  ეს პროექტი შემოსავლის მომტანი იქნება. ეს პროექტი ისე იქნება გაწერილი, რომ ისინიც იქნებიან თანამონაწილეები. უბრალოდ, მათ მისცემენ ცოდნას - როგორია სტანდარტები იმისა, თუ როგორ აწარმოონ ბოსტნეული, როგორი უნდა ჩააბარონ რძე ქარხანაში და ა.შ.

 

აქ იქნება შესაფუთი მასალაც და მაცივრებიც,  რომელიც პროდუქტის საღად შენახვის საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში მოგვცემს. დღეს ახალციხის რეგიონში ჩვენს მოყვანილ კარტოფილს ჩვენი მეზობელი სომხები ყიდულობენ და ინახავენ მაცივრებში, 4 თვის შემდეგ, ზამთარში კი, ოთხმაგ ფასად ყიდიან ჩვენზე. ჩვენ კი არ გვაქვს მაცივრები და ვერ ვინახავთ პროდუქციას, შედეგად, ჩვენი გლეხი მოტივირებულია, რაც შეიძლება სწრაფად გაყიდოს პროდუქტი, თან სეზონზე მასში დაბალ თანხას იღებენ.

 

-  რა  კრიტერიუმებით შეირჩევიან ვეტერანები?

 

- გამოცდილებიდან გამომდინარე ამ კრიტერიუმებს დააწესებენ ებრაელები. აქცენტი გაკეთდება იმ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი, რომლებიც ქირას იღებენ სახელმწიფოსგან, შემდეგი განმსაზღვრელი იქნება სოციალურად დაუცველობა და მაქსიმალურად დაბალი ქულები. შემდგომ დევნილი, ეკომიგრანტი ვეტერანები, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ სუბსიდიას.

 

პირველ ეტაპზე მინიმუმ ოთხსულიანი ოჯახები უნდა იყოს, რა განათლება აქვთ, რამდენად შრომისუნარიანები არიან და ა.შ.

 

მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები და ბოლოს ტესტირების შედეგად შეირჩევიან მონაწილეები.

 

-  დღეს რამდენი ვეტერანია საქართველოში და რა უჯდება სახელმწიფოს მათი შენახვა?

 

-  73 ათასი ადამიანია ქვეყნის მასშტაბით. თავისი სოციალური პროგრამებით ეს თანხა ცდება 100 მილიონ ლარს.

 

-   გასაგებია, რომ ეს გამოცდილება არსებობს ისრაელში, მაგრამ  რა გარანტიაა, რომ პროექტი გაამართლებს საქართველოში? პირველ ეტაპზე მაინც ეს პროექტიც წარმოადგენს სუბსიდიას. სახელმწიფო  დღესაც ძალიან ბევრ სუბსიდიას გასცემს, თუნდაც აგროდაზღვევის, შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით და ჩვენ ვხედავთ, რომ  არც ისე გრანდიოზულია შედეგები...

 

-  დიახ, სამწუხაროდ. მაგრამ, აი, მაგალითად სეტყვისგან დაზარალებულებისთვის რა თანხების გადახდაც მოხდა, აქედან სეტყვისგან დაცვის საშუალებები რომ შეგვეძინა, ჯობდა. ცაში სასროლ ტყვიებს არ ვგულისხმობ. ამისთვის ჭურვები არ არის საჭირო. ისრაელში სპეციალური მოწყობილობები აქვთ გადაფარებული - სადაც არის ხეხილი და ვენახი,  იქ აუცილებლად მოდის სეტყვა. მთელ ისრაელში 10-ათასობით ჰექტარია ასე გადახურული და შეფუთული. გარანტირებულად იციან, რა მოსავალი ექნებათ ყოველ წელს. მოკრეფილი არ აქვთ და უკვე გაყიდული აქვთ.

 

-  როდის დასრულდება ეს პროექტი, რამდენ წელში ფიქრობთ დაახლოებით 25 ასეთი სოფლის შექმნას, თუ საპილოტე პროექტმა გაამართლა?

 

-  მე მჯერა უწმინდესის ლოცვა-კურთხევის და მჯერა, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება.  ჩვენ თუ ნორმალური ტემპებით ვიშრომებთ და იქნება მონდომება, ამ შემთხვევაში 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში  რაღაც კუთხით კარგი, წარმატებული ცხოვრება დაიწყება. როცა "გეორგია" ბრენდად გადაიქცევა, მას ბაზრის ძიება აღარ დასჭირდება.

 

 

 

წყარო:  commersant.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: