ავთანდილ სილაგაძე: თსუ-ს ადმინსტრაცია უნდა შეიცვალოს

ავთანდილ სილაგაძე: თსუ-ს ადმინსტრაცია უნდა შეიცვალოს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა დაცვის საინიციატივო ჯგუფსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობა კვლავ გრძელდება.


უკანონოდ დათხოვილი პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ 2012 წელს უნივერსიტეტში კონკურსი დარღვევებით ჩატარდა და მათი გათავისუფლება სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით "ივერიონმა" კომენტარი სთხოვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტს,  თსუ-ს ყოფილ პრორექტორს ავთანდილ სილაგაძეს. 


_ ბატონო ავთანდილ, რამდენადაც ვიცით, თსუ-ში პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა დაცვის საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფის წევრი თქვენც ბრძანდებით. რას ფიქრობთ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე?


_ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრ ღირსეულ ადამიანს შეგნებულად ხელს უშლიან ლექციების წაკითხვაში. უნივერსიტეტში კონკურსები დარღვევებით ტარდებოდა. წლეულს ივლისში ჩატარებული ბოლო კონკურსიც, სამწუხაროდ, არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ძალიან ბევრი სპეციალისტი, რომელიც მიმაჩნია, რომ თავისი პროფესიონალიზმით და საქმისადმი მიდგომით ლექციებს უნდა კითხულობდეს, სამწუხაროდ, უნივერსიტეტის გარეთ დარჩა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კონკურსებს ატარებენ და წინასწარ იციან, ვინ უნდა გაიმარჯვოს და ვინ არა.


_ რა დგას ყოველივე ამის უკან, რატომ იჩაგრებიან დღემდე ღირსეული პროფესორ-მასწავლებლები?


_ სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტში პოლიტიკური ნიშნით, ან პირადი სიმპათიების გათვალისწინებით არჩევენ პროფესორ-მასწავლებლებს.  მე 20 წელზე მეტია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, მაგრამ 2006 წელს წამოვედი უნივერსიტეტიდან, რადგან იქ მიმდინარე პროცესებს არ ვეთანხმებოდი. თუმცა ამ ზაფხულს გადავწყვიტე, კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და უნივერსიტეტში დავბრუნებულიყავი.  როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ამის მიზეზი ჩემთვის გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდი სარჩელი შემეტანა სასამართლოში.


_ ბატონო ავთანდილ, გარდა იმისა, რომ მოითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, ხომ არ აპირებთ პროკურატურას უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოთ?


_ მე მოვითხოვე დოკუმენტაცია კონკურსში ჩემი მონაწილეობის შესახებ. უკვე მე-4 თვეა, რაც ამ მოთხოვნით მივმართე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მაგრამ, რატომღაც, დოკუმენტაციის გადმოცემას არ ჩქარობენ. სწორედ ამიტომ, იძულებული გავხდი, სასამართლოსთვის მიმემართა. მსგავსი მდგომარეობაა კონკურსში მონაწილე სხვა პირებთან დაკავშირებითაც.  როცა მე გავეცნობი საკონკურსო დოკუმენტაციას, ამის შემდეგ შეიძლება აღნიშნულ საქმეს სხვა განვითარება მოჰყვეს.


_ უნივერსიტეტში არსებული დაძაბული მდგომარეობის გათვალისწინებით, ლექტორებსა და ადმინისტრაციას შორის უახლოეს პერიოდში ალბათ, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ჩატარდება. მიიღებთ თუ არა თქვენ არჩევნებში მონაწილეობას, როგორც რექტორობის კანდიდატი?


_ ადრე მე ვიყავი უნივერსიტეტის პრორექტორი, მაგრამ პროტესტის ნიშნად დავტოვე უნივერსიტეტი.  თუ გამოცხადდება კონკურსი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მივიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ საქართველოში ბევრი  ცნობილი მეცნიერი და პედაგოგია, რომელსაც აქვს მენეჯერული უნარი. დარწმუნებული ვარ, სხვები ბევრად უკეთ წაუძღვებიან უნივერსიტეტის მართვას, ვიდრე დღეს ამას დღევანდელი ადმინისტრაცია ახერხებს.


_ ცოტა ხნის წინ ანგაჟირებულმა ეკონომისტმა ბატონმა გია მაისაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე საზოგადოებას საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. რამდენად რეალურია მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე და როგორ ფიქრობთ, რა აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დედა-უნივერსიტეტის რექტორი?


_ გია მაისაშვილი ცნობილი პიროვნებაა, იგი ჩემი სტუდენტი იყო, თან კარგი სტუდენტი. თუ კონკურსი გამოცხადდება, ყველა ღირსეულ კანდიდატურას მივესალმები. ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში "გია დვალის კონცეფციაზე" მუშაობა მიმდინარეობს. უნდა ჩამოყალიბდეს უნივერსიტეტის მართვის სისტემა. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს რექტორი. მთავარია, ღირსეული პიროვნება ავირჩიოთ.


_ და ბოლოს, როგორ შეაფასებდით განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს?


_ ჯერ არ გასულა საკმარისი დრო, რომ ახალი ხელისუფლებისგან კონკრეტული შედეგები მოვითხოვოთ.  თუმცა ბევრი რამე კეთდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა კარგი ცოდნა მისცეს სტუდენტს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი უმაღლეს განათლებაში. ჩვენ უფრო მჭიდროდ უნდა დავუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. უნდა დაიწყოს ჩვენი დიპლომების აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, ამისთვის აუცილებელია სწავლის პირობების გაუმჯობესება. ამასთან, საკანონმდებლო დონეზე, უნდა დამტკიცდეს სწავლის სტანდარტები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხებზე მთავრობის დონეზე განათლების ახალი კონცეფცია გია დვალის ხელმძღვანელობით მზადდება.


ირმა ჭარაქაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: