მანანა ნაჭყებია: ლევან მურუსიძის მხარდაჭერა სააპელაციო სასამართლოში, თანაც უვადოდ, საზოგადოების შეურაცხყოფაა!

მანანა ნაჭყებია: ლევან მურუსიძის მხარდაჭერა სააპელაციო სასამართლოში, თანაც უვადოდ, საზოგადოების შეურაცხყოფაა!

„ივერიონს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ესაუბრა.


-გუშინ სოციალურ ქსელში წერდით, რომ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა იქნება, არა მარტო, ქალბატონ ირინა ენუქიძის ხსოვნის შეურაცხყოფა, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების უპატივცემულობაც.


იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობდით ამ სიტყვებში?


თქვენი აზრით, რატომ ივიწყებს დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის იმ ჩინოვნიკების ნამოქმედარს, რომლებმაც საზოგადოებას თავი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიადამიანური გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს?


-საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ აღშფოთდა მთელი საქართველო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც სანდრო გირგვლიანს და მის ოჯახს შეემთხვა. პრაქტიკულად, ამ ტრაგედიამ ოჯახი გაანადგურა.


მაშინ ყველანი, მათ შორის დრევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ,  სოლიდარულნი ვიყავით. პრაქტიკულად, მთელი ქართული საზოგადოება სწორედ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ გააერთიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.


ამიტომ, ვფიქრობ, რომ ლევან მურუსიძის მხარდაჭერა სააპელაციო სასამართლოში თანაც უვადოდ, ბუნებრივია არის საზოგადოების შეურაცხყოფა და მათი აზრის გაუთვალისწინებლობა.


მით უმეტეს, თუკი ეს თემა ასეთი მტკივნეული იყო მთელი საზოგადოებისთვის, არანაკლებ მტკივნეული უნდა იყოს ახლაც! ეს სულ უნდა გვახსოვდეს.


ირინა ენუქუძე, როგორც დედა და როგორც მოქალაქე იყო გამორჩეული ამ ბრძოლაში, რომელსაც ვეწეოდით „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. მან არაერთხელ თქვა, რომ ამას აკეთებს არა მარტო შვილისთვის, რომელიც უკვე გარდაიცვალა და მის სიცოცხლეს ვერავინ დაუბრუნებს, არამედ ჩვენი შვილებისთვისაც, რათა მომავალშიც არ განმეორდეს მსგავსი რამ.


ამიტომ, ბუნებრივია, ხელისუფლებამ პატივი არ სცა არც საზოგადოების აზრს და შეურაცხყო ირინა ენუქუძის ხსოვნაც, იმით რომ მხარს უჭერს ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოში!


მინდა ყველას გავახსენო საქართველოს პარლამენტის პირველი სამუშაო დღე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი აირჩიეს. მან პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ პარლამენტის წევრებს მოუწოდა ფეხზე ამდგარიყვნენ და პატივი მიეგოთ ირინა ენუქიძის ხსოვნისთვის.


თუ ხელისუფლება ასე მიაგებდა პატივს მის ხსოვნას, ვთვლი, რომ დღევანდელი მათი ქმედება დიდი შეცდომაა.


რაც შეეხება, იმას, თუ რატომ ივიწყებს დღევანდელი ხელისუფლება წინა რეჟიმის ქმედებებს, ვერ გეტყვით. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი არალოგიკური ქმედება აქვს, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში და ეს საქმეც სწორედ ამ არალოგიკურ ქმედებათა ჩამონათვალში უნდა იგულისხმებოდეს!

               ესაუბრა კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: