რა გეგმები აქვს მთავრობას რეგიონების განვითარებისთვის?

რა გეგმები აქვს მთავრობას რეგიონების განვითარებისთვის?

„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით,“ - აღნიშნული განცხადება, საქართველო პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კონფერენცია "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

კოფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს განიხილავენ და სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 10 საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითთმართველ ორგანოს დააჯილდოვებენ.

 

პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

"მინდა მოკლედ შევახსენო ყველას თუ რა გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ თვითმმართველობის რეფორმას განვახორციელებდით. მოგეხსენებათ სულ რაღაც 2-3 წლის წინ საქართველოში იყო ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და შეცვალა ეს სისტემა, არსებული ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იყო ეფექტური შეგვეცვალა და წავსულიყავით დეცენტრალიზაციის გზით. ამის შედეგი არის ის, რომ ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ უპრეცენდენტო ადგილობრივი არჩევნები, ავიჩიეთ 59 გამგებელი და 12 მერი, პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ დავსახეთ საკმაოდ ამბიციური გეგმა, ბარიერი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ იყო მართლაც უპრეცენდენტო, ეს იყო 50 %-იანი ბარიერი, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი. მე ვიზიარებ იმ სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ამ რეფორმის განხორციელების შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაიწყო პროექტი "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის", რომელიც რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული.

 

"რამდენიმე თვის წინ დავიწყე პროგრამა "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის", რომელიც რეგიონების სტრატეგული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული. რეგიონების ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის მთავარი მიზანი, რომლის გამოც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ამ პროგრამაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას აქვს დეტალური სურათი და გეგმა და კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ესა თუ ის რეგიონი და რაიონი.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონების გაძლიერებას ასევე ხელს უწყობს გასულ წელს დაწყებული პროგრამა "აწარმოე საქართველოში" .

 

"ამ პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი მოქალაქეების დასაქმება იყო, დახურული საწარმოების ამოქმედება და რეგიონებში ეკონომიკის გამოცოცხლება. 130-მდე საწარმო ჯამში 350 მლნ ლარის ინვესტიციით დაფინანსდა და დღეისთვის 6700 ადამიანია დასაქმებული. ასეთი პროგრამები რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას წაახალისებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ- მინისტრის თქმით, პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრებლების ადგილზე დამაგრება და მათი დასაქმება. 

 

კონფერენციას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა,რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოკვეთილი ლიდერია ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმის გატარებაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: