როდის იკლებდა და იმატებდა თანხები მერიის სარეზერვო ფონდში?

როდის იკლებდა და იმატებდა თანხები მერიის სარეზერვო ფონდში?

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხმების გაუმჭვირვალედ ხარჯვის თაობაზე დოკუმენტაცია გააცნო.


გაბუნიას თქმით, მან თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან 2010, 2011, 2012 წლებში თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ის არასრული სახით მიიღო.


"ჩემს მოთხოვნაზე გამოგზავნილ  დოკუმეტაციაში სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობის მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილის ხარჯვის შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების მიზნით თანხის გადარიცხვას ეხება. 2010-11-12 წლებში მერის სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობა 17 მილიონ 500 000 ლარი იყო, ხოლო მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 6 მილიონ 710 ათას 374 ლარის ხარჯვაზე საუბრობს. ჩნდება კითხვა: სად დაიხარჯა 10 მილიონზე მეტი ლარი?" _ განაცხადა გაბუნიამ.


ზაზა გაბუნია წინადადებით მიმართავს პარლამენტს, რომ განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სარეზერვო ფონდებში არსებული თანხების ხარჯვა წინასწარ გაწერილი და დასახელებული მიზნობრიობის  მიხედვით იქნება შესაძლებელი.


როგორც მან განაცხადა, სარეზერვო ფონდში თანხა სწორედ ფორს-მაჟორული და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის უნდა იქნას რეზერვირებული.  2012 წლის მაისში, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ ფონდში თანხები არ აღმოჩნდა, რადგან გახარჯული იყო.


ზაზა გაბუნიას თქმით, მერის სარეზერვო ფონდში თანხები იკლებდა და იმატებდა იმის მიხედვით, იყო თუ არა საარჩევნო წელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: