როდის იმსჯელებს პარლამენტი მთავრობის საკითხზე?

როდის იმსჯელებს პარლამენტი მთავრობის საკითხზე?

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 28-29 დეკემბერს იმსჯელებს.

 

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობის დამტკიცების კონსტიტუციური პროცედურები განმარტა.

 

უსუფაშვილის ცნობით, პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება დააკისრა. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ჰყავს, რომლებიც მუშაობას სრულფასოვნად გააგრძელებენ.

 

„სანამ პარლამენტი ახლა მთავრობას არ დაამტკიცებს, უფლებამოსილებას მოქმედი მინისტრები შეასრულებენ. შვიდი დღის განმავლობაში, უმრავლესობამ მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა გამოკვეთოს და ის პრეზიდენტს წარუდგინოს, რომელიც ამ კანდიდატს წამოაყენებს. შემდგომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას დაიწყებს და სამთავრობო პროგრამის წარადგენს“, - აცხადებს უსუფაშვილი.

 

სპიკერის ინფორმაციით, მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციები და კომიტეტები მოუსმენენ, ბიუროს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე სესიაზე იმსჯელებენ.

 

„წინასწარი ვარაუდით, ამ რეჟიმში, შეიძლება, 28-29 დეკემბერს ვიმუშავებთ. ეს ყველაზე ოპტიმალურია, თუმცა, ვადები გვაქვს და შეგვიძლია, 14-15 იანვრამდე ამ რეჟიმში ვიყოთ“, - განაცხადა სპიკერმა.

 

უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ 28 დეკემბერს, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო და ფრაქციების ფორმატში მოუსმინონ, ხოლო 29 დეკემბერს, ქუთაისში პლენარული სხდომა გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: