Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (3)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
5-01-2016, 11:11
ნანახია: 845

კვარცხლბეკიდან საკუთარი ნებით „დაცურებული“ პრემიერ-მინისტრები!

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, „ფორუმელმა“ გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ასეთი განცხადება გააკეთა: სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა მიზეზით გადადგა თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი!

 

ჭეშმარიტად, ეს კითხვა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს. სწორედ ამიტომაც ბევრი ინტერესით ელოდა ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20/30“-ში - იქნებ, მას მაინც აეხსნა, თუ რამ აიძულა ღარიბაშვილი ასე უჩუმრად დაეტოვებინა თანამდებობა, მითუმეტეს, მთავრობის სამწლიანი „მიღწევების“ აფიშირების ფონზე.

 

ივანიშვილის წინასაახალწლო ლექცია ფართო საუბრის თემაა. ამჯერად საინტერესოა მისი მოსაზრება, თუ რატომ ტოვებენ მთავრობის მეთაურები „წარმატების პიკზე“ თანამდებობას...

 

ის, ვინც დღემდე ივანიშვილს ვადაზე ადრე (უფრო სწორად, ნაადრევად) პოლიტიკიდან წასვლას საყვედურობდა (თუმცა, არსადაც არ წასულა - ის ისევ „იქ“ არის და არც აპირებს წასვლას), ექსპრემიერმა ცივი წყალი გადაასხა - თუ სწორად გავიგეთ, თავისი გადაწყვეტილებით მას ევროპისთვის მიცემული პირობა შეუსრულებია, ანუ ევროპა „ქართული დემოკრატიით“ გაუოცებია. ირაკლი ღარიბაშვილის ემოციური გადაწყვეტილება კი ამ „ქართული დემოკრატიის“ გაგრძელება ყოფილა.

 

სწორად ბრძანებს ბატონი ბიძინა, როდის იყო წარმატებული ადამიანები ტოვებდნენ თანამდებობას, მითუმეტეს, ქართულ რეალობაში, მითუმეტეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდეგ?

 

აბა გავიხსენოთ, როგორ იყვნენ ჩაბღაუჭებული ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელს (შევარდნაძემ, როცა „მისი დრო“ მოვიდა, ჩათრევას, ჩაყოლა ამჯობინა და ასპარეზი თავის „წიწილებს“ დაუთმო, რაც ძვირად დაუჯდა საქართველოს) და როგორ არ ეთმობოდათ თანამდებობა!

 

თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში რთულ, სამუცნობიან განტოლებასთან გვაქვს საქმე, რომლის ამოხსნა ძალიან, ან საერთოდ გაგვიჭირდება, ირაკლი ღარიბაშვილის უხმაურო გაუჩინარება (ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება) არა მარტო კითხვის ნიშნებს ბადებს, არამედ არასტაბილურობის განცდასაც გვიტოვებს!

 

სხვათაშორის, „ქართული პლატფორმის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა საკუთარ სტატიაში „ღარიბაშვილის უწესო წასვლა“ ზედმიწევნით გაშიფრა ის უხერხულობა, თუ უპასუხისმგებლობა, რომელიც ღარიბაშვილის დემონსტრაციულმა გადადგომამ გამოიწვია.

 

მთელი უბედურება იმაშია, რომ პრემიერის გადადგომის არათუ მიზეზები, არამედ გადადგომის გადაწყვეტილებაც კი, თურმე, საკუთარი გუნდის წევრებმაც არ იცოდნენ. ასეთ რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს!..

 

ახლა ისევ GDS-სა და ბიძინა ივანიშვილს დავუბრუნდეთ. ვინ, ვინ და მან ნამდვილად უნდა იცოდეს, თუ რატომ წავიდა (თუ გაუშვა) ღარიბაშვილი თანამდებობიდან „წარმატების პიკზე“ ყოფნის პერიოდში (ეს მისი სიტყვებია!) ნაცვლად იმისა, რომ ბ-ნ ექსპრემიერს საზოგადოების მზარდი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, მხოლოდ მისთვის ჩვეული რებუსებით შემოიფარგლა და დაახლოებით ასეთი ფორმულა ჩამოაყალიბა - „წასვლა წასვლისთვის“.

 

ივანიშვილმა უარყო მოარული ხმები, რომ ღარიბაშვილის წინასაახალწლო ტრიუკი, თითქოს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, უფრო სწორად, ღარიბაშვილის საარჩევნო სიის სათავეში მოქცევას უკავშირდებოდეს. იგი ექს-პრემიერს არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და არც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელად მოიაზრებს.

 

თუმცა, საკმაოდ დამაფიქრებელია ივანიშვილის განცხადება, რომ ღარიბაშვილს იმის რესურსები ნამდვილად გააჩნია, საკუთარ პოლიტიკურ პარტიაზე იფიქროს და დარწმუნებულია, რომ აქაც წარმატებული იქნება.

 

მილიარდერი არ აკონკრეტებს, დაგროვილი რესურსების გამოყენების შემთხვევაში რა იდეოლოგიური მიმართულების იქნება ღარიბაშვილის პარტია - ჩამოყალიბდება როგორც „ქართული ოცნების“ სატელიტი, თუ მისი საპირწონე პოლიტიკური ძალა!

 

სამწუხაროდ, ბატონი ივანიშვილი ხშირად ეწინააღმდეგება საკუთარ პოზიციას და  ცდილობს საზოგადოებას კითხვის ნიშნები დაუტოვოს. ასე იყო ღარიბაშვილთან მიმართებაშიც - ხან ამბობს, რომ შესაძლოა ექს-პრემიერმა ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს, ხან კი არ გამორიცხავს (საჭიროების შემთხვევაში) საკუთარ გუნდს - „ქართულ ოცნებას“  დაუბრუნდეს...

 

საზოგადოებას მართლაც აინტერესებს ღარიბაშვილის მოულოდნელი გაუჩინარების მიზეზები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექს-პრემიერში ამომავალ პოლიტიკურ ვარსკვლავს ხედავდეს. არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, პირადად მე სულაც არ მგონია, რომ ღარიბაშვილი სერიოზულ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდა და მის ერთ დაძახებაზე ხალხი სუროსავით შემოეხვევა. მიუხედავად „ნაციონალების“ მიმართ ხისტი გამონათქვამებისა და ხანდახან გულისამაჩუყებელი განცხადებებისა (რომელიც ერთი შეხედვით, ეროვნული მუხტით იყო გაზავებული), მის კისერზეა ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყბადაღებული საყდრისის თემაც.

 

ამასთან, სხვა ბევრი ხელოვნური, თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟის პროვოცირებაც, რომელიც მთავრობის საქმიანობას არც თუ ღირსეულად წარმოაჩენდა (უპირველესად, პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული ფუნქციების ხელოვნურად შეკვეცა, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსახლების მცდელობა, ორმაგი საერთაშორისო ვოიაჟები და ა.შ.). რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ღარიბაშვილი არ იყო დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც ნებისმიერ მის გადაწყვეტილებაში მჟღავნდებოდა.

 

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი ვერც საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნის შემთხვევაში იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე.

 

დამაფიქრებელია ერთი ნიუანსიც: ივანიშვილმა „20/30“-ში სტუმრობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია მთლიანად გაკოტრებულია (თუმცა, არ დაუფიქსირებია, რომ ოპოზიციის კასტრირებაში ლომის წილი თვითონაც შეიტანა) და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ნიშა თავისუფალია. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თავისუფალი ოპოზიციური ნიშა (როგორც ივანიშვილმა ბრძანა) ღარიბაშვილმა უნდა დაიკავოს და გუნდიდან დაუმსახურებლად გაგდებულის იმიტირებით საზოგადოება დააბოლოს?!

 

ასეა, თუ ისე, ღარიბაშვილის პოლიტიკური დივიდენდები იმდენად მწირია, რომ ვერც საკუთარი წარმატებული პარტიის ჩამოყალიბებას და ვერც „ქართული ოცნების“ შერყეული ავტორიტეტის რეაბილიტაციას ეყოფა. მითუმეტეს, მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზღაპარია - ღარიბაშვილი დღესაც და მომავალშიც ივანიშვილის კეთილი ნების გარეშე პოლიტიკურ კარიერას ვერ გააგრძელებს!!!

 

რაც შეეხება მის მოულოდნელ წასვლას, არ მინდა საზოგადოებაში მოარულ ხმებს ავყვე და ეს წინასაახალწლო სიურპრიზი ამერიკის ელჩს დავაბრალო - ღარიბაშვილი ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა, იმანვე წაიყვანა!

 

ზაურ ნაჭყებია,

„ქართული პლატფორმა“

 

 

მინაწერი: მიუხედავად, იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიაში სტუმრობისას ბევრი რებუსები დატოვა, ერთი რამ დღესავით ნათელია: - ვისაც უნდა იმას მოიყვანს ხელისუფლებაში და ვისაც უნდა იმას გაუშვებს. აკი შეგვპირდა კიდეც, რომ თვითონ ჩერთვება წინასაარჩევნო ბატალიებში და „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოიგებს. მოიგებს, აბა რას იზამს, როცა სხვა ძალები წაქცეულია და ფეხზე ადგომას არ აპირებენ. სამწუხაროდ, არც ახალი ძალა ჩანს ქართული პოლიტიკური ცის კაბადონზე!