საქართველოს ერთი კვირის პოლიტეკონომია (7.01.2016-13.01.2016)

საქართველოს ერთი კვირის პოლიტეკონომია (7.01.2016-13.01.2016)

მიხეილ ჯიბუტი,

„ქართული პლატფორმა“

 

2016 წლიდან გაიზარდა აქციზი თამბაქოს ნაწარმზე, რასაც ბუნებრივია უნდა მოჰყოლოდა ფასების ზრდაც, თუმცა, რეალურად ადგილი ჰქონდა ფასების მოსალოდნელზე რამდენიმეჯერ მეტ მომატებას. ეს გამოიწვია ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის მიწოდების შეფერხებამ - სპეკულაციური, თუ ტექნიკური მიზეზით- ოფიციალურად ეს არ არის ცნობილი. ფაქტი ერთია, ეს აჟიოტაჟური ფასი ამ კვირაში ჩაქრა და მასთან შედარებით აქციზის მატებით გამოწვეული ფასები  უკვე „ბედნიერებაა“, თუმცა ფასების  ეს მატება აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე მისი გაზრდის მიმართულებით.

 

8.01.2016 - ჩატარდა მთავრობის სხდომა. მთავრობის სხდომაზე განიხილეს 38 საკითხი.

მიმოხილვა არ გამოქვეყნებულა. 

 

იმ ფონზე, როდესაც კოალიცია  „ქართული ოცნების“ მიერ წინა ხელისუფლებისადმი წაყენებულ, რბილად რომ ვთქვათ, შენიშვნებში მიუთითებდა პირდაპირი მიყიდვით პრივატიზების ფორმის საეჭვოდ გადაჭარბებულად გამოყენებაზე, რამაც საზოგადოებაში ამ ფორმით პრივატიზებაზე ჩამოაყალიბა ნეგატიური აზრი, მისი გამოყენების ყველა ფაქტი ითხოვს ხელისუფლების მხრიდან პროცესის ღიაობასა და ახსნა-განმარტებას. მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება წინა ხელისუფლების დაწყებული საქმეების გაგრძელებას.

 

რატომ არ უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვეტილების მომენტში  და არა კატასტროფული შედეგის შემდეგ, რას და რატომ ყიდის საქართველოს მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით?

 

მაგალითად, რა მოტივები დგას მთავრობის სხდომაზე განხილული ისეთი საკითხების უკან, როგორიცაა:

 

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ (საკითხი 5)?

 

- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა+”-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის N05/07/04 განკარგულებისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ლომსა+“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“(საკითხი 3)? ( http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=437).

 

11.01.2016 - კარგი ამბავი.

 

თბილისში, ოქროყანაში, 10 063 კვ. მ. ფართობზე  საქართველოში პირველი ტექნოპარკი - ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა. ის მოიცავს  ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო  და რეკრეაციულ სივრცეებს.პროექტის ღირებულებაა 5 მილიონი ლარი. (http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=53351). უკმარისობის გრძნობას აქ აჩენს ის, რომ ცნობილი არაა ეს კარგი ამბავი თუ როგორ ეწერება ქვეყნის სტრატეგიული განვითარების სამთავრობო კალენდარში - იმ მარტივი მიზეზით, რომ ქვეყანას სტრატეგიული განვითარების კანონმდებლობა არ გააჩნია.

 

ერთადერთი ფორმა საქართველოსთვის ინოვაციური განვითარებაა, რომლის საფუძველზე შეიძლება მივაღწიოთ ქვეყნის დეგრადაციის დაძლევისთვის საჭირო 7 და მეტი პროცენტით წლიურ ზრდას. 2 და 3 პროცენტიანი ზრდა საქართველოსთვის კატასტროფაა- ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მშპ 25-30 წლის შემდეგ გაორმაგდება. მაგრამ ამ ხნის მანძილზე როგორ გაიზრდება ვალები, რა ბედი ეწევა ძირითად ფონდებს, საცხოვრებელ სახლებს? რამდენი ქართველი დარჩება ცოცხალი საქართველოში?

 

ისე, დღეს რამდენი ვართ საქართველოს მოქალაქეები?

 

საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მიერ ოპტიმალურად მიჩნეული 10 წლიანი ციკლის დარღვევით ჩატარდა. უნდა ჩატარებულიყო 2012 წელს და ჩატარდა 2014 წლის 5 ნოემბერს. აღმოჩნდა,  საქართველოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემით, მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელს თუ შეადგენდა 4 490,5 ათას კაცს, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ის უდრიდა 3 729,6 ათას კაცს. (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=geo, ბოლო ნახვა 10.04.2015) საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა 761 ათასით (16,9%).

 

საქართველო შემცირდა 761 000 კაცით!

 

მოსახლეობა შემცირდა 761 000 კაცით!

 

მართალია, ეს შემცირება ერთ წელიწადში ვერ მოხდებოდა, მაგრამ ხელისუფლება ხომ ღონისძიებას დაწყებული არჩევნებითა და დამთავრებული ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, ამ რაოდენობაზე გეგმავდა, ამ რაოდენობით ითვლიდა ხმებს და ხარჯავდა ბიუჯეტის ფულს? 

 

საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 761 000 კაცით!

 

ქვეყანაში არსებული პოლიტეკონომიური უწესრიგობის მაგალითია ის, რომ მოსახლეობის აღწერის შედეგები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა - ამისთვის კი მილიონობით თანხა დაიხარჯა.  ხელისუფლება პროგრამებს-ბიუჯეტს ადგენს სავარაუდო მონაცემებით!!!

 

კიდევ უფრო დიდი პოლიტეკონომიური უწესრიგობის გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის, რამდენი კაცი ცხოვრობს საქართველოში.

 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 4 630, 8 ათას კაცს (https://www.president.gov.ge/ge/Georgia/AboutGeorgia/). (ნახვის თარიღი 13.01.2016). გთხოვთ, მკითხველო თქვენც გადაამოწმოთ, როდის წაიკითხავს პრეზიდენტი თავის ვებ-გვერდს? 

 

სხვათა შორის, ამ გვერდზე საქართველოს თანამედროვე ისტორია მთავრდება იმით, რომ „2004 წლის 4 იანვარს გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 96 პროცენტით გაიმარჯვა“ (https://www.president.gov.ge/ge/Georgia/AboutGeorgia ნახვის თარიღი 13.01.2016).

 

უახლესი ისტორია მთავრობის საიტზეც 2003 წლის 23 ნოემბრით მთავრდება:

 

„2003 წლის 23 ნოემბერს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, ედუარდ შევარდნაძემ პრესის წინაშე გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ“.(http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=193 .ნახვის თარიღი 13.01.2016). გთხოვთ, მკითხველო თქვენც გადაამოწმოთ, როდის წაიკითხავს პრემიერი თავის ვებ-გვერდს?

 

ეს კატასტროფაა-სახელმწიფო მანქანა არ მუშაობს! 

 

საქსტატი მოსახლეობის ისეთ რიცხოვნობას, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა, არ  ადასტურებს 2006 წლის შემდეგ (იხ.http://www.geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=geo).

 

8.01.2016. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებით გამართა ბრიფინგი.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც 2020 წლიდან ყველა უჭერს მხარს პროპორციულ არჩევნებს, რატომ უნდა ველოდოთ კიდევ ოთხი წელი: „რატომ უნდა გადავდოთ საკითხი კიდევ 4 წლით, რომელზეც ვთანხმდებით, რომ კარგია და მისაღებია, ბოლომდე გაუგებარია ჩემთვის“, „მეტიც, საქართველოს 240 ათასზე მეტი მოქალაქე პეტიციით მხარს უჭერს იმას, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე. ხოლო განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ კოალიციას, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს“- აღნიშნა მან (https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/News?p=10011&i=1).

 

მეც ვერ ვგებულობდი  ამ „განვადების“, უფლებამოსილების შემდგომი პერიოდისთვის, სამომავლოდ კანონების მიღების საიდუმლოს. რატომ უნდა ვიცხოვროთ ცუდი ნორმით, როდესაც იცი, რომ უკეთესი არსებობს? და ერთმა მეეზოვემ (ვიტოვებ უფლებას არ დავასახელო) ამიხსნა: „ეს იმიტომ ხდებაო, რომ პარლამენტარები ვინმეს სულელები არ ვეგონოთო და ვერ გვითხრან, რომ თქვენ მომავალზე არ ზრუნავთო. ხოლო არსებულ ნორმას იმიტომ ვღებულობთ, რომ 73 მაჟორიტარი დეპუტატი ყველა სახელისუფლო კანდიდატი გახდესო“.

 

ჩემი მხრივ დავამატებ - ისე, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და შენი ხალხი, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა და ისეთი ტერიტორიული კომბინაცია შესთავაზო, როგორც ეს ხელისუფლებამ გააკეთა.  ამაზე კიდევ ვიტყვი სხვა დროს  დეტალურად, თუმცა პრეზიდენტის ნამდვილად გამკვირვებია: თუ თვლის, რომ კანონი არ ვარგა- ხელი რატომ მოაწერა? ვეტოს უფლება რატომ არ გამოიყენა? ბრიფინგზე გაცხადებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი შემოთავაზებული საარჩევნო ცვლილებების ყველაზე მეტი ავტორია!

 

ფორმალური უმაღლესი ხელისუფლის - პრეზიდენტის  აღნიშნული განცხადებებით მიღებულმა შოკმა ვერ გადააჭარბა  საზოგადოებისთვის  საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე ყველაზე გავლენიანი პირის - ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ბატონ მურუსიძესთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა  გადაცემაში 20/30. 

 

“გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი“, “სამი წელი  მურუსიძე საბჭოს მდივანია და არაფერი კატასტროფა არ გვინახავს, ის რომ გირგვლიანთან მისი ასოცირება, ის რომ ის იყო ყველაზე მძიმე თემა საქართველოს ისტორიაში და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში ყველაზე დიდი ტრაგედია, რა თქმა უნდა, ლამაზი არ არის.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. კვირის ყველაზე განხილვადი საკითხი საზოგადოებასთან ჩემი შეხების არეალში. ჩემი ემპირიული დაკვირვებით, კვლავ ეს პოზიცია იყო. 2013 წლის 1 ოქტომბერს ლევან მურუსიძის იუსტიციის საბჭოს მდივნად დანიშვნასა და დღეს მის მოსამართლედ განწესების დროს რატომ გაიზარდა ასე მკვეთრად  საზოგადოების კრიტიკული აზრი? თანაც ეს აზრი პერსონიფიცირებულია ივანიშვილით. მაშინ საზოგადოებამ ძირითადად  ჩათვალა (კრიტიკული პიზიცია მაშინაც იყო, თუმცა მას არ ჰქონდა ისეთი მასობრივი ხასიათი), რომ სასამართლოს სისტემაში ობიექტურობა მკვიდრდება, დღეს კი თვლის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდისკენ არაა ეს ნაბიჯი მიმართული. უფრო მეტიც - არის ვარაუდი, რომ მას შემდეგ რაც ივანიშვილი ფლობს ერთპიროვნულ გავლენას საპარლამენტო უმრავლესობაზე, საქართველოს მთავრობაზე, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოებზე, ეს არის ამ გავლენის ქვეშ სასამართლოს მოქცევის გეგმის ნაწილი. 

 

საზოგადოებამ მშვიდად და გაგებით მიიღო „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში მსახიობებისა და სპორტსმენების სიჭარბის შემცირების შესახებ. პოლიტიკოსებს შორის კი ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რა თქმა უნდა, უშუალოდ იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც დასახელებული პროფესიისანი არიან - ეს უხეში გამონათქვამი იყო და კობახიძისაგან ბოდიშს იმსახურებენ. მე ამას საჯაროდ ვურჩევ ბატონ ირაკლის. უფრო მეტიც, მე იმ ზომით, რა ზომითაც მას პატივს ვცემ, ჩემის მხრივ ვუხდი ამ ადამიანებს ბოდიშს. თუმცა, პოლიტიკოსების გამოსვლებში - ამ პიროვნებათა ქომაგობაზე უფრო განგაში ჩანდა. თითქოს წყალი გადაასხესო-ყველა მიხვდა, რომ მთავრდება ოთხწლიანი სიამტკბილობა დუმილის ფასად და ალაპარაკდნენ. მათ კვლავ უნდათ თავიანთ ლაპარაკი გაყიდონ - დუმილი პირდაპირი მნიშვნელობით აქციონ ოქროდ. მე მგონი პროფესიით „არამსახიობებმა“ უფრო თავის თავზე მიიღეს ეს გამონათქვამი. კობახიძეს, რომ ეთქვა „პოლიტიკური მსახიობების“ შესახებ , ძალიან დროული და კორექტული იქნებოდა!

 

ფაქტია, რომ პოლიტიკაში უნდა შემცირდეს არა პროფესიით, არამედ პოლიტიკურ სპექტაკლებში დასაქმებული მსახიობების, მარიონეტი პოლიტიკოსებისა და  მათთან ერთად ყველა პროფესიის წარმომადგენლების (აქ კი უკვე ნამდვილ მსახიობებისაც, მეცნიერების, მწერლების, მომღერლების და სხვათა გვერდით), თორემ, მათმა საქმიანობამ უკვე მთელი საქართველო აქცია მარიონეტ და სამასხარაო ქვეყნად.

 

გასულ კვირას თოვლი კვლავ გამოცდას უწყობდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველოში კვლავ არის არა მარტო მოწყვეტილი სოფლების, ან რეგიონების (თუშეთი) პრობლემა დიდთოვლობის დროს, არამედ ჩაკეტილია საქართველოს სამხრეთ საზღვრის პარალელური მთავარი  გზა გოდერძის უღელტეხილზე. მინისტრი ჯავახიშვილი ბოდიშს იხდის, რომ ეს ასე გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე!

 

„გოდერძის უღელტეხილი ჩაკეტილია და ეს ალბათ, თებერვლის ბოლომდე იქნება“-გვაიმედებს მინისტრი.( http://reportiori.ge/?menuid=2&id=85955). 

 

ასეა-გასაგებია, მაგრამ თებერვლის ბოლომდე  სამინისტრო თუ იმსჯელებს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ მომავალ ზამთარშიც უღელტეხილის ჩაკეტვის თავიდან ასაშორებლად?  მინისტრი იქვე აგრძელებს, რომ „გუდაურში ძალიან მაღალი ყინვების გამო წყალმომარაგების პრობლემები იყო, მაგრამ იმავე დღეს მოიხსნა. ...სამწუხაროდ, მილები ჩაწყობილია ზედაპირულად და რომ არ გაიყინოს, წყალი მოშვებულია.“. კვლავ უწესრიგობა და უწესრიგობისადმი შემგუებლობა. მილები მიწაში ჩიტის მოტანილი თესლით ხომ არ ამოსულა? ვიღაცამ ჩააწყო. იმ ვიღაცას ბიუჯეტის- ანუ ჩვენი-ფული მისცეს. შენ-მინისტრს ეს საკითხი გაბარია. დღემდე არ იცოდი, რომ მილები არ იყო ჩაწყობილი სტანდარტის დაცვით. შენი წუხილი უშველის ამ საქმეს?  საზოგადოებას უნდა უთხრა, რას აკეთებ ამ უმსგავსოების აღმოსაფხვრელად? მიშვებულ ონკანზე წყლის გადასახადს როგორ იღებთ?

 

შთაბეჭდილება ისეთია, რომ  მაიმუნის წელი სიმბოლური რამ კი არა,  არამედ მაიმუნობა, ჩვენი გარემოსთვის, რეალობის შინაარსობრივი გამოხატულებაა. 

 

გილოცავთ, ახალ წელს!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: