დღეს გიორგობაა!

დღეს გიორგობაა!

23 ნოემბრეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდანვე წირვა-ლოცვა აღევლინება.


სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ ვდღესასწაულობთ: 23 აპრილს (ახ. სტ. 6 მაისს) წმინდანის აღსრულების დღეს და 10 ნოემბერს (ახ. სტ. 23 ნოემბერს) ბორბალზე წამების დღეს. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 29-მდე ეკლესია არსებობს. რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მომლოცველებს ვეღარ იტევენ. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.


წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდანი რომის ლაშქარში, იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის, ბორბალზე გაკვრა. წმინდა გიორგის მიერ უამრავი სასწაული აღსრულებულა, მისი თხოვნით, უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა და ა.შ. მაგრამ უკეთურებით აღვსილმა იმპერატორმა დიოკლეტიანემ მაინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება და სიკვლიდით დასაჯა.


დასჯის წინ წმინდანი მთელი გულით შესთხოვდა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არ უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვდა ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი. შემდეგ კი მშვიდად და მორჩილებით მიუშვირა ქედი ჯალათის მახვილს. წმინდა გიორგი 30 წლის აღესრულა.


წმინდანის ანდერძით, მისი სხეული ქრისტიანებმა პალესტინის ქალაქ რამალაში დაკრძალეს და "იქმნა იგი წყაროდ კურნებათა და სასწაულთა". კონსტანტინე დიდის მეფობის დროს იერუსალიმის მახლობლად ქალაქ ლიდიაში წმინდანის სახელზე აშენდა დიდი ტაძარი და მისი ნეშტი ზეიმით იქ გადაასვენეს. ხოლო, გადმოცემის მიხედვით, ბორბალი, რომელზეც წმინდანი აწამეს, ეგვიპტეში მისივე სახელობის ტაძარში ინახება. 

წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. ასევე, მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველადაც ითვლება. მას აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნისთვის ევედრებიან. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისთვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: "გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო. ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."


გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!


თეონა ახალაია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: