რატი აბულაძე: „ოდეერის“ ინსტიტუტი „ლუსტრაციის კანონმა“ უნდა ჩაანაცვლოს!

რატი აბულაძე: „ოდეერის“ ინსტიტუტი „ლუსტრაციის კანონმა“ უნდა ჩაანაცვლოს!

ქვეყნის განვითარება „ოდეერის“ ინსტიტუტის ფონზე რთულია. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი იქნება „ოდეერის ინსტიტუტის“ დამკვიდრების ნაცვლად ქვეყნის აღმავლობა „სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების“ ბაზაზე ხდებოდეს!

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „სახელმწიფო საკადრო პოლიტიკის“ გამოწვევის, ნეპოტიზმის, „ოდეერის ინსტიტუტის“ (ოფიცერი უშიშროების საკითხებში, ОДР), არაეფექტიანი მმართველების, ბუნდოვანი სტრატეგიებისა და სუსტი სამთავრობო პროგრამების ფონზე, ქვეყანა მხოლოდ ინერციით ვითარდება!..

 

შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ჯანსაღი და ეკონომიკურად ევროპული დონის ქვეყნის აშენება, საზოგადოებისთვის ნათელი და გამჭვირვალე უნდა გახდეს:

 

- ვინ აშენებს ქვეყანას (როგორია საკადრო რესურსი);

- ვინ მართავს სახელმწიფოს უწყებებს;

- რა მიზნებით არიან მმართველები მმართველობით სტრუქტურებში;

- როგორია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ბიოგრაფიული შტრიხები, პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკურად დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ფაქტორები;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულს რომ პასუხი გაეცეს, საჭიროა „ლუსტრაციის კანონის“ მიღება!

 

საზოგადოებაში პოპულარულია კითხვა: „გვეშველება რამე“?

საშველი მდგომარეობს:

- „ლუსტრაციის კანონის“ მიღებაში;

 

- სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა შრომის ნაყოფიერების სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფაში;

 

- აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის გამკაცრებაში. კერძოდ: მინისტრი მისი კომპეტენციისთვისმიკუთვნებული დარგის განვითარება-ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს (მაგალითად,მასწავლებლებისა თუ მოსაწავლეების ცოდნის დონეზეც);

 

- ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსების გამოყენებაში. ქვეყნის განვითარება ძირითად უნდა ეფუძნებოდეს სამთავრობო პროგრამებს, და არა ვალებს და რესურსის გადინებას; ასევე, აუთვისებელ ეკონომიკურ რესურსებზე კონცენტრირებას;

 

- ქვეყნის მმართველობაში მეცნიერ-მკვლევარების როლის ამაღლებაში; სახელმწიფო სტრატეგიების უზრუნველყოფაში ჩართული უნდა იქნას საქართველოს ინტელექტუალური რესურსი, კერძოდ, მეცნიერ-მკვლევარები;

 

- ქვეყნის მართვის წონასწორობა უნდა ეფუძნებოდეს სამივე სექტორის თანაბარუფლებიან მართვას (სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორი).

ფაქტია, რომ არსებული პოლიტიკური რესურსებისა და პოლიტიკური „ნდობის“ პირობებში, სახელმწიფოს განვითარების ტემპი დაბალია.

 

არსებითია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ათწლეულებია სახელმწიფო პოლიტიკას ქმნიან, ასევე ქმნიან „საკადრო პოლიტიკას“. საკადრო პოლიტიკის შედეგებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო საჭიროებს ახალ საკადრო რესურსს (რომელიც არ უნდა იყოს დაკომპლექტებული „არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან“). ასეთ რესურსს ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები წარმოადგენს.

 

დღეს მიმდინარე პოლიტიკური ქაოსის პირობებში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა საჭიროებს ახალ ენერგიასა და რესურსს. მსგავს ენერგიასა და რესურსს კი ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები ფლობენ!

 

რატომაა მნიშვნელოვანი ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების რესურსის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა?

 

- „ჭკუა თავშია და არა ხანში“ (ოტია იოსელიანი). თუ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი არაფერს ქმნის, მიუხედავად ასაკისა, ფაქტობრივად უმოქმედობით ქვეყანას ვნებს, დარგისა და ერის განვითარებას აფერხებს, სახელმწიფო სისტემის მდგრადობას აზიანებს. აღნიშნული კი გავლენას ახდენს სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილდღეობის პროცესზე.ახალგაზრდას გააჩნია მეტი რესურსი, ენერგია და მოტივაცია. სურს თავის დამკვიდრება და მშენებლობა. არის თამამი (რეფორმების გატარების პროცესში) და ტექნოლოგიების ამთვისებელი;

 

- სახელმწიფოს მშენებლობაში ჩაერთვება „პატრონის არმქონე პირები“. მსგავსი ახალგაზრდები თავისი შრომით, სწავლითა და რწმენით აღწევენ კარიერის „გარკვეულ საფეხურს“ (ნეპოტიზმის გარეშე); უძლებენ ყოველგვარ გამოწვევას; ამასთან, არსებული პირების პოლიტიკა, მიმართულია „ჯანსაღი საკადრო პოლიტიკის წარმოებასა და მძლავრი სახელმწიფოს მშენებლობაზე (რადგან ანგარიშვალდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოების გარდა, არცერთ პიროვნებასთან არ გააჩნიათ);

 

- საქართველო მდიდარია კეთილშობილი და ღირსეული მმართველების რესურსით, რომლის გამოყენება ვერ ხდება. აღნიშნული მმართველები ორიენტირებული არიან მძლავრი სახელმწიფოს სისტემის შექმნაზე;

 

- ახალგაზრდა მოტივირებულია შედეგებზე, განვითარებასა და მიღწევებზე. მაშინ, როდესაც დამკვიდრებული ტენდენციები გვიჩვენებს, თუ პირი რესურსამოწურულია, არც სხვას (ახალგაზრდას) აძლევს გასაქანს;

 

- შესაბამისად, სახელმწიფოს განვითარება საჭიროა ვანდოთ ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებს, ინოვატორ, სტრატეგიული აზროვნებისა და ქარიზმატული უნარების მქონე პირებს;

 

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური ქაოსის პირობებში, „მაღალი სტანდარტების“ საზომი გაურკვეველია. შესაბამისად, დროა უკვე პოლიტიკური საზოგადოება წარმოდგეს „ახალგაზრდა სამეცნიერო ჯგუფით“, რომელიც „ლუსტრაციის კანონის“ გატარებითა და ჯანსაღი საკადრო პოლიტიკის წარმოებით, ქვეყანას განავითარებს.

 

აღსანიშნავი ისიც, რომ ქვეყანას სჭირდება მძლავრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია (როგორც ფიზიკურ, ისე კიბერ სივრცეში).

 

ჩემი აზრით, ქვეყანა საჭიროებს საზოგადოებრივ კომისიას, რომელიც შეაფასებს სახელმწიფოს განვითარების პროცესს, შეაფასებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა შრომის ნაყოფიერებას, მონიტორინგს გაუწევს სამთავრობო პროგრამებისა და სტრატეგიების შესრულებას.

 

ჯამში, წინასაარჩევნო გარემო გვიჩვენებს, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნისა და საზოგადოების ნდობის მოპოვების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფებს.

 

P.S. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სურს, მოესწროს ეკონომიკურად ევროპული დონის ქვეყანაში ცხოვრებას, ხელი შეუწყოს თავისი შვილების პერმანენტულ განვითარებას, არ გადაიხვეწონ ემიგრაციაში, გაამართლონ განათლებაში ჩადებული ინვესტიციები, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება და საზოგადოებაში დამკვიდრება.

 

აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია იმ სახელმწიფო სისტემის პირობებში, რომლის მართვა დაეფუძნება „ლუსტრაციის კანონსა“ და ახალ პოლიტიკურ რესურსს - ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა პოლიტიკას.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: