შიში, რომელიც არ მასვენებს, ანუ ჯერ მხოლოდ სურათი იყო, ელოდეთ საზარელ კინოს!

შიში, რომელიც არ მასვენებს, ანუ ჯერ მხოლოდ სურათი იყო, ელოდეთ საზარელ კინოს!

ამ ორიოდე დღის წინ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთმა ოდიოზურმა ფიგურამ, ექსთავდაცვის მინისტრმა და ექს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა ფრიად საგანგაშო თემა შემოაგდო _ მისი განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმი მაკომპრომიტირებელ მასალებს აგროვებდა სამღვდელოებაზე (საუბარია გაუკუღმართებულ სექსუალურ ვიდეოკადრებზე).

 

ძნელი სათქმელია, რა იმალება ოქრუაშვილის ამ მწვავე და პროვოკაციული განცხადების მიღმა - ეს საზოგადოების (მრევლის) წინასწარ შემზადებას ისახავს მიზნად თუ ხელისუფლებას პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს?!

 

ასეა თუ ისე, თემა გახსნილია!

 

სხვათაშორის, „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში კულუარებში საუბრობდნენ იმაზე, რომ რეჟიმის შენარჩუნების მთავარი კოზირი სწორედ მათ მიერ გადაღებული გაუკუღმართებული სექსუალური კადრები იქნებოდა - პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟის გზით ისინი შეეცდებოდნენ მაქსიმალურად დაეთრგუნათ საზოგადოება, ხოლო, თუ ეს არ გახდებოდა საკმარისი, შემდეგი ნაბიჯი დედაეკლესიის კომპრომეტირება უნდა ყოფილიყო!

 

მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით საქმე აქამდე არ მისულა, მაგრამ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრევენციული ზომების იმ დონეზე გატარება მოხერხდეს, პროვოკაციულმა (ამაზრზენმა) კადრებმა საჯარო სივრცეში არ გაჟონოს!

 

დღემდე ოლიმპიური სიმშვიდით ვადევნებდი თვალყურს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მავანთა ცდამ მიზანს მიაღწია - პირველივე კადრებმა სრულად გააშიშვლა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მორალური სახე, ხოლო, მეორე ნაწილში გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობის და ასევე, გადაჭარბებული ემოციის სურვილი აღძრა.

 

მეტიც, იმდენად დაბინძურდა სოციალური სივრცე, რომ ადამიანები თავს კონტროლს ვეღარ უწევდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სექსუალური ორგიების თავისებურად შეფასებაში...

 

პროსტიტუცია უძველესი პროფესიაა - იგი მითაჟამიდან (დასაბამიდან) იღებს სათავეს, მაგრამ დღეს საგანგაშოა მისი მასშტაბები და ამ სოდომ-გომორისეული ცოდვისადმი თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულებაც - თუ ადრე მრუშობა სირცხვილად ითვლებოდა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მის მიმართ სწორი დამოკიდებულება ჰქონდა, დღეს ქართული „ბომონდი“ - პრეზიდენტით დაწყებული და ანგაჟირებული ძალადჟურნალისტებით დამთავრებული, ამაყად აცხადებენ, რომ აქვთ „ მდიდრული სექსი“, ჰყავთ საყვარელი (თანამედროვე გაგებით „მეგობარი“) და მომავალშიც ეყოლებათ!

 

ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გარყვნილი ცხოვრება ჩვენი საქმე არ არის და შესაბამისად, არც აინტერესებთ, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას!..

 

მავანთა აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება-ტირაჟირება „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულია და დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, დროზე პრევენციული ზომები რომ არ გაატარა დამნაშავე რეჟიმის მიმართ. თუმცა, ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ „ნაციონალებმა“ რეალური კადრები გადაიღეს არა რიგით ადამიანებზე, არამედ, საზოგადოების განსაკუთრებულად ანგაჟირებულ ნაწილზე - სწორედ იმ ნაწილზე, ვინც ყოველდღე მორალს გვიკითხავდა და დღესაც გვიკითხავს, ვინც ქვეყნის ბედს წყვეტდა ან მომავალში აპირებს გადაწყვიტოს!

 

მე პირადად არ მაინტერესებს სხვისი საცვლების ქექვა (სექსუალური ორგიების ყურება) მიმაჩნია, რომ ამის გაძლიერებული სურვილი საზოგადოების ავადმყოფური მენტალობის ნიშანია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს იმ ე.წ. „ინტელიგენტების“ მორალური სახე, ვინც პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის „ბატონ-პატრონობაზე“, ანუ მაიძულებს სწორება მასზე გავაკეთო.

 

კატეგორიულად არ ვეთანხმები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციას, რომ „პირადი ცხოვრების“ (სექსუალური ორგიების) ამსახველი კადრების გასაჯაროება დანაშაულია.

 

ამ შემთხვევაში სიტყვა „გასაჯაროებაში“ არ ვგულისხმობ ბინძური კადრების საჯარო სივრცეში დემონსტრირებას - საზოგადოებამ უნდა იცოდეს (ზოგადად, არაფერია დამალულ, რაიცა არა გაცხადდების!)  ვინ ვინ არის და აქვს თუ არა მავანს და მავანს მორალური უფლება პრეტენზია ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეობაზე!..

 

ოჯახური სიწმინდის დაცვა ქრისტიანული მორალის უპირველესი მოთხოვნაა. აქსიომაა, ადამიანი, რომელიც საკუთარ ოჯახს ღალატობს, ქვეყანასაც ადვილად უღალატებს!

 

ამ გადასახედიდან ძალიან ცუდად გვაქვს ქვეყანაში საქმე, მაგრამ ამას კიდევ ავიტანდით, წინ უფრო საშიში და ამაზრზენი კადრების მოლოდინში რომ არ ვიყოთ!

 

დიახ, რაც ვნახეთ (ვინც ნახა) და რასაც აანონსებენ, მხოლოდ სურათია - ბინძური და შოკისმომგვრელი კინო წინ გველოდება - საუბარია გაუკუღმართებულ სექსუალურ ორგიებზე, ანუ სოდომ-გომორის ცოდვის „ქართულ“ პრაქტიკაზე, რომელიც თურმე დასტობით აქვთ გადაღებული „ნაციონალური“ რეჟიმის მამამთავრებს!

 

სწორედ ეს იქნება ის შოკი, რომელსაც საზოგადოება ადვილად ვერ გადაიტანს - ვფიქრობ, რაც არ უნდა მოინდომონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, დღევანდელი ტექნიკურ-ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში (ინტერნეტის თანამედროვე შესაძლებლობებს ვგულისხმობ), ალბათ, გაჭირდება ამის პრევენცია და შოკისმომგვრელი კადრები საჯარო სივრცეში მაინც გაჟონავს!..

 

რა მოჰყვება ამას? საზოგადოების სრული აპათია და ზნეობრივი საყრდენების მოშლა, რომელიც ერის საბოლოოდ დაცემის ტოლფასია!

 

თუმცა, ყველაფერზე მეტად მე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება მაფიქრებს - მხედველობაშია ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომელიც ჩვენში ისედაც მინავლებულ რწმენას საბოლოოდ გაანადგურებს.

 

ოქრუაშვილის პროვოკაციული მინიშნება კიდევ ერთხელ ადასტურებს კულუარულ ვერსიებს ქართულ ეკლესიაში არსებულ არაჯანსაღ რეალობაზე!

 

ეს არის სწორედ ის კოზირი, რომელიც ლიბერასტებს უჭირავთ ხელში თავიანთი ბინძური ზრახვების სისრულეში მოსაყვანად, ანუ საზოგადოების ბოლომდე დემორალიზებისთვის!

 

თუმცა, ამ სიბინძურის დემონსტრირებასაც საზოგადოება წინასწარ მომზადებული უნდა შეხვდეს - ეკლესია ქრისტეს სხეულია და არა ცალკეული გადაგვარებული სასულიერო პირების ნავსაყუდელი. ეტყობა, ესეც ჩვენი სულიერი გამოცდისთვის კეთდება, რომელსაც უნდა გავუძლოთ!!!

 

P.S. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, კარგა ხანია საუბრობენ რუის-ურბნისის ახალი კრების აუცილებლობაზე. ყველა თანხმდება, რომ საეკლესიო რეფორმები აუცილებელია, თუმცა, ამას ახალი დავით აღმაშენებელი სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. თუ ერი იმსახურებს, დარწმუნებული ვარ, აღმაშენებელიც აუცილებლად გამოჩნდება!

 

ინებოს უფალმა!

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: