დავით სალია: როდემდე იქნებით მშიშარა და არაკოლეგიალური პედაგოგებო?

დავით სალია: როდემდე იქნებით მშიშარა და არაკოლეგიალური პედაგოგებო?

ვადევნებ თვალს მოვლენებს საზღვარგარეთიდან და მიკვირს ასეთი ინერტულობა, ასეთი პანიკური შიში, რასაც პედაგოგიური საზოგადოება შეუპყრია.  

 

ძალიან კარგად მახსოვს, სანამ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი აქციას დაიწყებდა, მთელი წინა პერიოდი სოციალური ქსელები აკლებელი ჰქონდათ პედაგოგებს - ერთი კაცი მაინც რომ გავიდეს საპროტესტოდ, ყველა გავალთო,  აგერ, ბატონო, გასულია ერთიც და ორიც მაგრამ, ცხვირი ვერ გამოყო ვერავინ. მერე იმით დაიწყეს თავის მართლება, გაკვეთილების დროს არის აქცია და ვერ გავაცდენთო. გაკვეთილების მერე ამბის შესატყობად მაინც გაგევლოთ?

 

ისე, სიმართლე გითხრათ, ის უფრო გამიკვირდებოდა რომელიმე მოქმედი მასწავლებელი პირველივე დღეს რომ შეერთებოდა პროტესტს, მაგრამ საერთოდ თუ ვერ გაბედავდნენ მიკარებას, ესეც ძნელი წარმოსადგენია. განა რა გახდა ერთი-ორი საათი გამონახოთ დრო მიხვიდეთ ამ აქციაზე?

 

რამ შეგაშინათ, რამ დაგაპანიკათ ასე?

 

მე დარწმუნებული ვარა დავით ფერაძის ინიციატივით წამოწყებული „სინდისის აქცია“ სანიკიძიადას დაასრულებს, მაგრამ ეს უფრო მალე მოხდება, თუ მასწავლებლებიც შეუერთდებით!

 

რა გამოდის თქვენი, პედაგოგების უმოქმედობით?

 

ისედაც გაქნილი მინისტრი ამას თავის სასრაგებლოდ იყენებს და აცხადებს, თითქოსდა ფერაძეს მხარდამჭერები არ ჰყავს.

 

არადა, ეს ხომ სრული სიცრუეა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მოქმედ მასწავლებელთა უმეტესობა ცალსახად იზიარებს დავით ფერაძის პოზიციას. ყველასთავის ცალსახად საძულველია ამჟამად მოქმედი „პროფესიული განვითარების სქემა“, ცალსახად საძულველია მინისტრი სანიკიძე, ცალსახად მიუღებელია მისი პოლიტიკა, ცალსახად მიუღებელია სანიკიძის ინიცირებული და პრემიერის მხარდაჭერილი გარყვნილების დანერგვის მცდელობა... რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

 

„სანიკიძიადა“ სრულიად მიუღებელია მეცნიერთა და სხვა მოღვაწეთათვის, მიუღებელია სტუდენტებისთვის.

 

მაშ, რა ხდება? რამ დაადუმა პედაგოგები?

 

ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილად აუხსნელი ფენომენია. რომ მსგავსი ინერტული, მსგავსი მორჩილი სოციუმი სხვა არ მოძებნება საქართველოში. მძღოლებიდან, მაღაროელებიდან, მეტროპოლიტენის მუშაკებიდან, გნებავთ ბაგა-ბაღების თანამშრომლებიდან და ა.შ.

 

საკმარისია ერთს საპროტესტო სიტყვა დასცდეს და ყველა ფეხზე დგება. მასწავლებლებში კი რაღა  უედურება ხდება ასეთი? ყველაფერი საათივითაა აწყობილი და მხოლოდ ერთი-ორი კაცის ახირებაა ეს პროტესტი?

 

არა, ეს ასე არ არის?

 

შეიძლება 60 ათასზე მეტი კოლეგის უფლებებისთვის ერთმა კაცმა დაუღლელად, თავჩაუხრელად იბრძოლოს, იომოს, დაეტაკოს ამხელა ბიუროკრატიულ სისტემას და დანარჩენი მდუმარედ ადევნებდეს თვალს მოვლენების განვითარებას?!

 

თქვენი გულისთვის ამ კაცს, მის ოჯახს  არნახული ტერორი დაატეხა თავს ცივსისხლიანმა და ადამიანთა გაუბედურებას მოწყურებულმა სანიკიძემ და მისმა რეჟიმმა, ახლაც არანაკლებ დევნაში, ისეთ პირობებს უქმნიან, რომ გაიქცეს ქვეყნიდან, მაგრამ მაინც იბრძვის!

 

თქვენ ოდნავადაც არ შეგაშფოთათ სისხლმოწყურებული სანიკიძის აღვირახსნილობამ და ფერაძეზე თავდასხმამ?

 

ვერ ბედავთ იმიტომ, რომ ოჯახებს უფრთხილდებით? როგორ ფიქრობთ, ფერაძე არ უფრთხილდება ოჯახს?

 

სოციალურ ქსელში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი პედაგოგის გამოხმაურებასაც კი წავაწყდი, ფერაძის მისამართით, ხო ხედავთ, მარტო ხართ და დაანებეთ თავი ბრძოლასო! სირცხვილია ეს. სირცხვილია ასეთი აზროვნება. ამას თუ ფიქრობს, არ თქვას მაინც, რადგან ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

 

რა უნდა თქვან თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა?! სამსახურის დაკარგვის შიშით მათთვის მებრძოლ ადამიანს გვერდში არ დაუდგნენო?! და ამით იამაყებენ?!

 

უკეთესი განათლებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, მასწავლებელთა უკეთესი პირობებისთვის ბრძოლის გამო სამსახურიდან გაუშვეს დავით ფერაძე. არც მისი მაღალი პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება, პრესტიჟი გაითვალისწინეს და გაუშვეს მაინც. მასწავლებლები კი ამ დროს ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარიყოს!

 

პედაგოგებიდან, შესაძლოა,  ზოგს არც მოსწონს ეს ადამიანი, არ მოსწონს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი, არ მოვწონვართ ჩვენ, ვინც ვაქტიურობთ,  ეს სრულიად ნორმალურია,  მაგრამ არანორმალურია მასწავლებლების წარმოუდგენელი არაკოლეგიალობა, სოლიდარობის არქონა.  ეს წარმოუდგენელიცაა და სამარცხვინო საქციელი. პედაგოგს მითუმეტეს არ ეკადრება ასეთი რამ.

 

ნუთუ ეს არ გააწუხებთ მასწავლებლებო?! თუ მომავლის ბედი არ გაღელვებთ, თუ თქვენთვის სულერთია როგორი იქნება ჩენი ქვეყანა ხვალ, როგორ განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, მაშინ რაღა ფასეულობებზე ელაპარაკებით მოსწავლეებს, რას ასწავლით მათ? გვერდში დგომის, უფლებებისა და თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის, ბოროტების დამარცხებისთვის ბრძოლაზე უკეთესს რას ასწავლით?

 

კანცელარიასთან ორი თუ სამი კაცია პროტესტზე.  დანარჩენს ქვეყანა ფეხზე კიდია?! იქნებ ცდებიან ის „პროტესტანტები“? იქნებ არასწორად იქცევიან. მიდით და უთხარით.  ამბის გასაგებად მაინც გაუარეთ. კარგები არიან თუ ცუდები, მაინც ხომ თქვენი კოლეგები არიან.

 

ვიცი, რა პასუხიც აქვთ მასწავლებლებს. ზოგს სამსახურიდან გაშვების ეშინია, ზოგი დირექტორს უფრთხილდება, ზოგი იმას შიშობს, კრედიტქულებს აღარ მომცემენო. ზოგი ბედავს, ცდილობს და ბოლომდე ვერ ბედავს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, მასწავლებლებს, რაც ცხოვრებაში ხელფასი აგიღიათ,ისიც რომ უკან მოგატანინონ, ხმისამომღები არ ხართ.

 

ასე არ გამოვა საქმე. ნებისმიერი მიზეზი,რამაც შეიძლება სოლიდარობა გადაგაფიქრებინოს, არის სრულიად გაუმართლებელი და სრულიად არაპედაგოგიური.

 

რა დროს კრედიტქულებია, რა დროს აქტივობებია? რას წვალობთ ? ნუთუ ვერავინ ხვდებით, რომ სქემამ კრახი განიცადა და შემდეგ წლებში ის საერთოდ შეჩერდება?

 

საინტერესოა, პროტესტის გამო,  როგორ უნდა გაგიშვან სამსახურიდან? ამის რა მექანიზმი აქვს მინისტრს? დირექტორზე თუ იმოქმედებენ, თქვენც ადექით და დირექტორი დაიცავით! დირექტორი თუ გეუბნებათ, შემიბრალეთო, იქნებ გაიხსენოთ მისი და თქვენი ანაზღაურება რამდენით განსხვავდება?

 

კანონი თქვენს მხარეზეა. დაწერეთ განცხადება და ოფიციალურად გაიიფიცეთ, დასჯის ყოველი მექანიზმი გამოირიცხება ამით, ან შეენაცვლეთ ერთმანეთს გაკვეთილებზე და მორიგეობით იარეთ აქციაზე. მოკლედ, როგორც ნათქვამია, გული გულობდეს და...

 

ისე, ამ  ყბადაღებული ლიტონი სიტყვების ჭეშმარიტებაც საეჭვოდ მიმაჩნია:

 

„მოსწავლეებს გაკვეთილებს ვერ გავუცდენთო, მათ ვერ ჩავრთავთ ამ პროცესებშიო“ კი მაგრამ, იმაზე უკეთესს რაღას გაიგებს მაგ გაკვეთილზე მოსწავლე,  ვიდრე თქვენი სიმამაცე და გამბედაობაა?

 

რა უფრო ღირებულია: იყოთ თავისუფალი  და ამით გამოჩნდეთ სამაგალითო მოსწავლეებისთვის, თუ ის, რომ იმ მოსწავლემ თქვენში მშიშარა და არაკოლეგიალური ადამიანი დაინახოს?

 

ამ გამოცდებით, ამ სქემით მთავრობისგან თუ საზოგადოებისგან დასაცინი და აბუჩად ასაგდები რომ გახდით, ესეც არაფერია? ქირქილებენ ისინი, ღირსება აყარეს მასწავლებლებს და ხმას მაინც ვერ იღებენო.  ახლა გაქვთ პრესტიჟის დაბრუნების შანსი. რეაბილიტაციის და თქვენი პრესტიჟის საქმე გადაწყდება მთავრობის კანცელარიასთან აქციებზე შეერთებით.

 

გამოდით სიხრცხვილიდან,  მოერიეთ ყოველი სახის შიშსა და დაზაფვრას, ორჭოფობას! დადექით მოწოდების სიმაღლეზე!  შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი და ღვთისგან დაკისრებული ვალი! ნუ შესცოდავთ ნურც ღმერთს და ნურც მომავალს! ხატებით და სანთლებით მორთული სახლები და საკლასო ოთახები ფარისევლური საქციელი უფროა, თუ ქმედით ნაბიჯზე არ გადადიხართ!  გამოდით, გამოდით, გადაარჩინეთ თქვენი ღირსებაც, და მომავალიც!

 

თუ ეს მოწოდებაც არ გამოგაფხიზლებთ, თუ არ დაგაფიქრებთ, მაშინ სამომავლოდ ხმა აღარ ამოგეღებათ!  მაშინ უარესის ღირსებიც იქნებით და მთავრობაც კარგად გამოიყენებს ამას. უფრო  უარეს დღეში ჩაგყრით!

 

დავით სალია,

პედაგოგი, ისტორიკოსი.

მოსკოვი. 16 აპრილი. 2016 წ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: