როგორ აღწევს ვახტანგ დავითაია სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას!

როგორ აღწევს ვახტანგ დავითაია სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“ რუსთაველის პრემიის ლაურეატმა არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ წარმოადგინა „ხსოვნის  მემორიალის“ იდეა-პროექტი.

 

პრეზენტაციას, რომელმაც ცხოველი ინტერესი გამოიწვია, ესწრებოდნენ ქართული არქიტექტურული სკოლების სტუდენტები, მაგისტრანტები, პროფესორ-მასწავლებლები, მხატვრები, მოქანდაკეები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. გთავაზობთ გამომსვლელთა შეფასებას.

 

გოჩა მიქიაშვილი, სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი. ბატონი ვახტანგის მიერ საზოგადოების  წინაშე  წარმოდგენილი  „ხსოვნის მემორიალი“, არა რომელიმე კონკრეტულ მოვლენას, არამედ, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეძღვნება. ავტორი მკაფიო არქიტექტურული რეჟისურით აღწევს ძირითად მიზანს – სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას.

 

კომპლექსის სცენოგრაფიით, სამრეკლოს ზარებით, გამწვანებულ სივრცეებში მოთამაშე ბავშვების, დანაწევრებული ქიმერების (ურჩხულების) უძრავი ნაშთების ჩართვით, მუსიკით, ღამის განათებით, რიტუალით ქმნის სასურველ ატმოსფეროს. საყურადღებოა მზიურის ტერიტორიაზე არსებულ გზაგასაყართან შემოთავაზებული მემორიალის დისლოკაცია, რომელიც წარმატებით წყვეტს როგორც ქვეითი, ასევე ტრანსპორტით ვიზიტორთა პრობლემას - იმ დისკომფორტს, რომელიც ასე ძლიერ იგრძნობა სხვადასხვა დელეგაციების მიერ მსგავსი ადგილების მონახულებისას.

 

სოსო ქოიავა, მოქანდაკე. „ხსოვნის მემორიალის“ არქიტექტურული ფორმები თითქოს დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ ანსამბლი საოცრად მთლიანი და ორგანულია. „სამრეკლო“ საინტერესოა აზრობრივად, ფორმით, შთამბეჭდავია „რიტუალების მოედანი“, ემოციურია ბოროტების „ნაგავსაყრელი“. სრული ინფორმაცია დაღუპულების შესახებ დავანებულია „ხსოვნის ტაძარში“. პროექტი სცილდება დედაქალაქის კომპეტენციას და ითხოვს ქვეყნის ხელისუფლების აქტიურ მოქმედებას.

 

ვალერი ასათიანი, ასოციაცია კულტურათა დიალოგი XXI - ხელმძღვანელი, პროფესორი. რაც ვნახეთ უაღრესად შთამბეჭდავია. ხსოვნა წარმოდგენილია როგორც პროცესი, მარადიული, უწყვეტი, კონტინუიტეტი, სულიერების სივრცე, ახალგაზრდებისთვის დამაფიქრებელი.

 

მემორიალი ზოგადიცაა და იმავდროულად კონკრეტული. არავინ არ არის დავიწყებული.

 

პირველი, რაც გავიფიქრე, ისეთ სულიერების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ხსოვნა ეროვნული გენეტიკაა, როგორ მოხდა აქამდე რომ არ გვქონდა ასეთი რამ.

 

ეს მემორიალი – ისტორიაა, აქ შეიძლება ნახო და შეიგრძნო რაც გადახდა ამ პატარა ქვეყანას და ადამიანებს. მემორიალი გვინერგავს რწმენას, რომ ხსოვნა, ქვეყნისთვის თავგანწირვა მარადიული სიცოცხლეა. ამას ვამბობ მთელი გულწრფელობით!

 

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი. ეს ეროვნული ღირსების საქმეა, ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ღირსების საკითხები მიჩქმალულია. კიდევ მეტი, ზოგიერთებისთვის „ეროვნული“ ირონიულად ჟღერს. ჩვენც და კაცობრიობაც „ვარსებობთ“ მეხსიერების და ხსოვნის ხარჯზე. ხსოვნა კი ცოცხლების ვალია. აქ „გასარჩევი“ არაფერია, პროექტი დიდოსტატურადაა შექმნილი. იმედი მაქვს ის განხორციელდება. ბრავო, ძვირფასო მეგობარო!

 

თამაზ სანიკიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ყველამ კარგად ვიცით, ათეული წლების მანძილზე, ბატონი ვახტანგი თუ როგორი ტკივილით და სიყვარულით ქმნის ქვეყნის ისტორიას მემორიალებით. ეს მემორიალი, მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი გზის მასშტაბური დაგვირგვინებაა!

 

არ შეიძლება ჩვენს ერს ასეთი განზოგადოებული, – ისტორიული წარსულის და დღევანდელობის ამსახველი მემორიალი არ ჰქონდეს.

 

ადგილი ზუსტადაა შერჩეული. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ის რაც დღეს აქ ვნახეთ, რეალობად იქცეს. ეს, ალბათ, ყველა აქ მყოფის სურვილია. ეს სურვილი-თხოვნა უნდა მიწვდეთ იმათ, ვისაც შეუძლია პროექტის რეალობად ქცევა.

 

გივი ჯაფარიძე, არქიტექტორი. დღეს აქ უნდა ყოფილიყვნენ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები. არ გამიკვირდება, რომ ამ კარგ, ნათელ იდეას დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს - ჩვენს ქვეყანაში ხომ არა ერთი ეროვნული ძეგლი დაანგრიეს!

 

ოცი წელი საქართველოში არ ვიყავი, ნიუ იორკში ვნახე ქუთაისის მემორიალის აფეთქების კადრები, ვიფიქრე, ვის დასჭირდა ასეთი ხუმრობა მეთქი! რეალობა აღმოჩდა. აუცილებელია დაინგრეს ეროვნულობის მომძლავრებული ნიჰილიზმის კედელი. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამისთვის. ვახტანგი ყოველთვის იყო ახალი და ლამაზი იდეების შემქმნელი. მახსოვს 9 აპრილის საკონკურსო პროექტი, შუაზე გახერხილი ვენერა მილოსელი. მაშინ ის ვერ შეამჩნიეს, ბევრი სხვაც. მინდა მოგილოცოთ ეს პროექტი.

 

გია ჯაფარიძე, მოქანდაკე. ერი, რომელიც უარს ამბობს იცოდეს თავისი ისტორია, ერი, რომელსაც არ სურს ჩაწვდეს თავის ფესვებს, ერი, რომელიც ღირსეულად არ ინახავს ქვეყნისთვის დაღუპული შვილების ხსოვნას, ასეთ ერს მომავალი არა აქვს. საბედნიეროდ ქართველებს წინაპართა ხსოვნის დეფიციტი არასდროს გვქონია და არც მომავალში უნდა გვქონდეს!

 

ეს პროექტიც ამის დადასტურებაა - ხსოვნა არ არის რომელიმე ერთი თაობის საქმე, ის ყველა თაობის საქმეა, ყველა თაობის ვალდებულებაა, ეს ცხოვრების წესია.

 

ბატონმა ვახტანგმა არა მარტო პროექტი შემოგვთავაზა, არამედ მოგვიწოდა, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, გავაკეთოთ დღეს!

 

აქ არის არა მხოლოდ წარსული და დღევანდელობა, არამედ მომავალიც. პროექტი შთამბეჭდავია. მინდა დავულოცო გზა ამ იდეას.

 

თამაზ დოგრაშვილი, არქიტექტორი. შემთხვევითი და შეუფერებელია სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნის და პატივმიგების ის ადგილი, რომელიც გმირთა მოედანზე „ფიქრის გორას“ ძირში მდებარეობს. ბოლო წლებში მოედნის ცენტრში აღიმართა მაღლივი უსახურობა – ობელისკი. იქ ადამიანი მისვლას ვერ ახერხებს. ეს ცინიზმია!

 

ჩემის ღრმა რწმენით, ამ გაუგებრობამ განაპირობა წარმოდგენილი „ხსოვნის მემორიალის“ შექმნა. აქ პროფესიონალები ბრძანდებიან და დამერწმუნებიან, რომ ეს არ არის ერთი დღის თუ ერთი თვის შრომის შედეგი. ეს ხანგრძლივი ფიქრის, დიდი ტკივილის და მაღალი მოქალაქეობრივი მრწამსის შედეგია. სივრცის ორგანიზების ოსტატური რეჟისურა, მოულოდნელი კადრები, გმირებისადმი პატივის მიგების უჩვეულო ამაღლებულ განწყობილებას გვიქმნის. აქ ხსოვნა უწყვეტი პროცესია, მარადიულია, სიცოცხლის გაგრძელებაა. წარმოდგენილი საპროექტო წინადადება დროული განხორციელების დიდ სურვილს იწვევს...

 

ერი ვალდებულია ეს გააკეთოს!

 

გიული გეგელია, არქიტექტორი. საქართველოში ცალკეული ისტორიული ფაქტის აღმნიშვნელი არა ერთი საინტერესო მემორიალია შექმნილი. მაგრამ ვახტანგ დავითაიას მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული კონცეფცია სრულიად ახალი, საინტერესო და უჩვეულოა.

 

გმირთა მოედანზე ესტაკადებში აღმართული უაზრო „ობელისკი“ და მივარდნილ კუთხეში არსებული „მემორიალური კედელი“ გვარებით, ხსოვნის იმიტაციაა!

 

საქართველოსთვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნის მემორიალი „ხსოვნის ტაძრით“, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. იდეისა და სივრცობრივ-მოცულობით გადაწყვეტის სიახლე, თავისთავადობა, საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევს.

 

დავით აბულაძე, არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. ამ წარდგინებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ბატონი ვახტანგის მოქალაქეობრივი მრწამსი - პროექტი სიტყვიერი ახსნა-განმარტებების გარეშე ამბობს მის არსზე, მნიშვნელობაზე.

 

რაც ვნახეთ, შთამბეჭდავია. დღევანდელი დღე ამ დიდი საქმის დასაწყისია, მას მრავალი მომხრე და თანმდგომი გამოუჩნდება. უნდა ვიზრუნოთ პროექტი ქაღალდზე არ დარჩეს, ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც იქნება რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული. თბილისის და ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს ამ პროექტით.

 

ვლადიმერ ცინცაძე, არქიტექტორი. ეს მემორიალი თავისებური შეჯამებაა ბატონი ვახტანგის მემორიალურ-მონუმენტალური ძიებების, რეალიზაციების და საკონკურსო მოღვაწეობის. ისევ და ისევ პირადი ინიციატივა. არა და ყველა წანამძღვარი არსებობს იმისათვის, რომ ოსტატს სთხოვდნენ რაიმე ობიექტის დაპროექტებას. ამ მემორიალის განხორციელება იქნება არა მხოლოდ ცოცხალთა მოქალაქეობრივი ვალის აღსრულება, არამედ, მნიშვნელოვანი შენაძენი არქიტექტურისა.

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: