რისი ეშინია ალეკო შალამბერიძეს?!

რისი ეშინია ალეკო შალამბერიძეს?!

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალეკო შალამბერიძე შეშინებულია იმის გამო, რომ შესაძლოა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს.

 

ამის შესახებ მან გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. შალამბერიძე აცხადებს, რომ მისი პარტია არჩევნებამდეც ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიანთა ქორწინებას და საქართველოში გეიაღლუმის ჩატარებას. სხვათა შორის, ამის გამო დაუპირისპირდნენ სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობოთა მიერ წარდგენილ კანდიდატს, ცნობილ უფლებადამცველს, დიმიტრი ლორთქიფანიძესაც, რომელიც მისი პარტიის წევრია.

 

"ჩვენ დაკანონებას და წაქეზებას ვეწინააღმდეგებით, თორემ ისე არავის ვუშლით დაქორწინებას", - აცხადებს შალამბერიძე, რომლის შეშფოთების მიზეზიც ის გახლავთ, რომ თუ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა, ეს ერის გამრავლებას ხელს შეუშლის, მით უმეტეს, ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისა. იგი დარწმუნებულია, რომ თუ საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო, შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, რაც  საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. 

ქვეყანაში ყველას უფლებები უნდა იქნეს დაცული, მათ შორის სექსუალური უმცირესობების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ქორწინების დაკანონება დაგვავალდებულონ.

 

"სექსუალური გადახრები ყოველთვის არსებობდა და, ალბათ, მომავალშიც იარსებებს, მაგრამ საქართველო, როგორც ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ქვეყანა, მის სტიმულირებას ვერ დაუშვებს", - აცხადებს შალამბერიძე და დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში მას საზოგადოებაც გვერდში დაუდგება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: