თეიმურაზ ქორიძე: სისასტიკის ფილოსოფია

თეიმურაზ ქორიძე: სისასტიკის ფილოსოფია

ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, იგი წვრილმანი პოლიტიკური ვნებებით შეპყრობილ საზოგადოებას არ დააინტერესებს. დღეს ხომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საინტერესო რომელიმე მესამეხარისხოვანი „მოღვაწის“ პოლიტიკაში დამკვიდრებისათვის ბრძოლის პერიპეტიები და შეუსრულებლობისთვის განწირული დაპირებები, ვინმე საეჭვო ყოფაქცევის „ცნობადი სახის“ პიკანტური თავგადასავლები, ან, სულაც, აჭარის ტყიდან დენდროლოგიურ პარკში გადარგული ხის „ტანჯული მოგზაურობაა“.

ერთი თბილისელი უმამო ბიჭის სევდიანი ისტორია მინდა გიამბოთ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო ქართული ციხის საშინელებათა საკუთარ თავზე გამოცდა. 18 წლისა ყაჩაღობისთვის გაასამართლეს - თანატოლს ქუჩაში პლასტმასის ბრჭყვიალა სამაჯური წაართვა. დაახლოებით ხუთ ლარად შეფასებული სამკაული კი არ შეეხარბა და მისით კეკლუცობა გადაწყვიტა, უბრალოდ, ტრადიციული ქართულ-პლეხანოვური მენტალიტეტის გულუბრყვილოდ პატივისმცემელმა საეჭვოდ შემკულ-დაპუდრული თანატოლის დაჩაგვრა მოინდომა.

არ ვამტკიცებ, რომ ეს უმანკო საქციელია და არ უნდა დაისაჯოს. სასამართლოს შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ ეს იყო ერთი, იქნებ უსაფუძვლოდ ამბიციური თბილისელი ბიჭის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის, ბურუსიანი მომავლისა და უიმედობისგან გაქცევის მცდელობა, ჩვეულებრივი წვრილმანი ხულიგნობა და მეტი არაფერი. ამის გამო 18 წლის ბიჭის ყაჩაღობის მუხლით გასამართლება და მისი ექვსი წლით სააკაშვილ-მერაბიშვილის ციხეში გამოკეტვა, ვფიქრობ, არაადამიანური საქციელია. თუმცა რას ვამბობ, ეს ხომ „ნულოვანი ტოლერანტობის“ გარიჟრაჟზე მოხდა. ეს ის ეპოქაა, როცა საქართველოში მძვინვარებს პოლიციური დაუნდობლობა - „ყველანი ციხეში“!

ნურავის ეგონება, რომ ნაცმოძრაობის მიერ მისივე მარადიული მმართველობის დასამკვიდრებლად შექმნილი საზოგადოების დაშინების ეს მაკიაველისტური თეორია ნაცმოძრაობის მეორე პლანზე გადანაცვლებისთანავე უკვალოდ გაქრა და თავს აღარასოდეს შეგვახსენებს. მისგან გათავისუფლება დიდ დროს, საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა ღრმა ცოდნას, დიდ სიმამაცეს და პროფესიულ პატიოსნებას მოითხოვს. აღარაფერს ვამბობ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და ნიკოლო მაკიაველის ბრმა მიმდევრებისგან მის გაწმენდაზე.

დაუნდობლობა, დანაშაულის მიღმა მისი გამომწვევი მიზეზების პრინციპული დაუნახაობა, სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებების გაუთვალისწინებლობა, საბოლოოდ, ქვეყნის მომავალზე ხელის ჩაქნევა თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების შავი ჭირია. პროკურორიც, მოსამართლეც, განსასჯელიც, ყველა ჩვენგანი ამ საზოგადოების წევრები ვართ და ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანის თავს ტრიალებს.

მგონი, შორს წავედი.

ახალი საქმე, რომელიც უკვე 27 წლის ლადო ჭიღლაძეს პოლიციის მონდომებით „შეუკერეს“, მეტი რომ არ იქნება ისეთი გამჭვირვალედ ბრიყვული და შურისმაძიებლურია. ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მეტისმეტად სამარცხვინოცაა. ასეთი შთაბეჭდილება დარჩება ყველა ჭკუათმყოფელს, ვინც ამ პრიმიტიულ „საქმეს“ გაეცნობა. თანაც, სულ ოციოდე გვერდს. ძალიან მოკლედ, იგი ეხება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს!).

შარშან, 8-დან 9 სექტემბრის ღამეს, დაახლოებით 2 საათისა და 30 წუთიდან ვარკეთილში, მაღაზია „ორი ნაბიჯიდან“ ორ ნაბიჯზე ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფსა (დავარქვათ მას პირობითად „სვანური ჯგუფი“) და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც პოლიცია ამტკიცებს, ახალგაზრდები ხმაურობდნენ, ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ, ერთი სიტყვით, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციამ მათი იზოლირება და პოლიციაში გადაყვანა მოინდომა, მაგრამ ამისთვის მისი ძალები აშკარად უკმარი აღმოჩნდა. საჭირო გახდა დამატებით ორი სამკაციანი ეკიპაჟის გამოძახება.

ამავე პერიოდში შინ დაბრუნებას აპირებს იქვე მცხოვრებ მეგობართან სტუმრად მისული ლადო ჭიღლაძე. მას მასპინძელიც აცილებს. ლადო და მისი მეგობარი დათუნა გოცირიძე „სვანური ჯგუფის“ წევრებს არ იცნობენ, არც კონფლიქტში მონაწილეობენ.

ვინაიდან სტუმრის გასაცილებლად გასულ შვილს შეაგვიანდა, გარეთ დათუნას მამა, ირაკლი გოცირიძეც გადის.

საბოლოოდ, ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც კეთილ საბჭოთა მილიციურ ზღაპარში - თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს გმირმა პოლიციელებმა თავგასული წესრიგის დამრღვევები ძალის გამოყენებით დააპატიმრეს და „პოლიციაში წარმოადგინეს“. მათ შორის, ლადო ჭიღლაძე და მამა-შვილი გოცირიძეებიც. რაიმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, რომ პოლიციელების მტკიცებით, ოპერაციის მიმდინარეობისას ორ მათგანს მაისური შემოახიეს. ორივეს ერთნაირად - მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ. რაც მთავარია, ამ მომაკვდინებელი ცოდვის შემოქმედები ლადო ჭიღლაძე და მამა-შვილი გოცირიძეები იყვნენ. საქმეში არის ამის დამამტკიცებელი ნივთმტკიცებები და პოლიციელების ჩვენებებიც.

ყველაზე საინტერესო მოვლენები ამ კრიმინალურ ისტორიაში სწორედ ამის შემდეგ ვითარდება. „სვანების ჯგუფიც“ და ჭიღლაძე-გოცირიძეებიც ამტკიცებენ, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და ერთადაც არ ყოფილან. უბრალოდ, იმ ნაშუაღამევს „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთის შორიახლოს მისი უდიდებულესობა შემთხვევის წყალობით აღმოჩნდნენ; რომ საერთო აყალმაყალში და გაწევ-გამოწევაში ჭიღლაძე-გოცირიძეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. სხვათა შორის, ამასვე ირიბად ამტკიცებს სასამართლოს გადაწყვეტილებაც: მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი ფინანსური გარიგების საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიებისგან გაათავისუფლა „სვანების ჯგუფი“. ლადო ჭიღლაძემ კატეგორიული უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე და უკვე რვა თვეზე მეტია, პრინციპულად თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. სამწუხაროდ, ზოგჯერ კორექტულობაც ღალატობს.

პროკურატურის ლოგიკა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია - თუ ეს ერთი ჯგუფი იყო, მაშინ ყველა ერთნაირად უნდა დაესაჯათ. თუ ლადო ჭიღლაძის პოლიციისტვის გაუგებარი პრინციპულობის გამო მამა-შვილ გოცირიძეებს მეცხრე თვეა წინასწარი პატიმრობის საკანში აყურყუტებენ, მეორე, მთავარ ჯგუფს რაღაზე გაურიგდნენ?
არ მინდა, პოლიციელების მიმართ კიდევ რაიმე საყვედური წამომცდეს. მე ყურადღებით შევისწავლე მათი ჩვენებები. სასამართლო სხდომებზე მათ დაკითხვებსაც დავესწარი. გულწრფელად რომ ვაღიარო, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია მათი გონებრივი უსუსურობისა და პროკურატურისადმი მონური დამოკიდებულების გამო. მეტს ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი. ხოლო თუ ვინმე არაკორექტულობასა და არაობიექტურობაში დამადანაშაულებს (თუმცა, მეეჭვება ჩვენს პოლიციაში ასეთი თავზეხელაღებულიც გამოჩნდეს), მწარე სიმართლის დამამტკიცებელ მათივე ხელით შემნილ დოკუმენტებს მაშინ მოვიშველიებ.

ახლა რაც შეეხება პროცესში მონაწილე პროკურორს, ვისი კატეგორიული მოთხოვნითაც სამი ადამიანი (ლადო ჭიღლაძე, ირაკლი და დათუნა გოცირიძეები) უკვე რვა თვეზე მეტია სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხის საკანში ელოდება. მისი საქციელი არც გონებასუსტობაზე მიუთითებს და არც სამარცხვინო რამ საქციელზე. ეს არის ბევრად უარესი - საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აშკარად ანტისაზოგადოებრივი ქმედება. ხაზს ვუსვამ - ეს გახლავთ სრულიად შეგნებულად ჩადენილი ქმედება, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დისკრეტიზაციის მიზნით. მადლობა უფალს, რომ დიადი პოლიტიკური ინტრიგებით გართულმა „ენჯეოებმა“ ჯერჯერობით ასეთი „წვრილმანისთვის“ ვერ მოიცალეს.

ლადო ჭიღლაძეს (და მისი „ხათრით“ მამა-შვილ გოცირიძეებსაც) პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს დამთავრებამდე აღმკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას თურმე სხვა აღმკვეთი ღონისძიებით იმიტომ არ უცვლიან, რომ მან (ლადო ჭიღლაძემ!) თურმე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მოწმეებზე (იგულისხმება ბრალდების მხარდამჭერი „მოწმე“ პოლიციელები, ვინაიდან სხვა მოწმეები მის კონფლიქტში მონაწილეობას არ ან ვერ ადასტურებენ!); ან, შესაძლოა, სადმე უცხოეთში გადაიხვეწოს და ამით სასამართლოს სამართლიან განაჩენს თავი აარიდოს. იგი ხომ უკვე ერთხელ ნასამართლევია საშინელი დანაშაულის, ყაჩაღობის გამო - ოდესღაც უბნელ ბიჭს პლასტმასის „ბრასლეტი“ „შეაწერა“!

რაც მთავარია, პროკურატურის უაზრო „პრინციპულობა“ აშკარად ხელს უშლის სასამართლოს ლოგიკური განაჩენის დადგენაში.

სისასტიკის ფილოსოფია სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობის“ სახით საქართველოში ისევ მძლავრობს. ქართული მართლმსაჯულება მისი გავლენიდან ვერა და ვერ თავისუფლდება - სამართლიანობა და მიმტევებლობა, იცოცხლეთ, კარგია, მაგრამ „მერე მე არაფერი მამივა?!“

და სხედან ციხეში უდანაშაულო, ბოდიში ბატონებო, ახალგაზრდა საქართველოს ახალგაზრდა ბრალდაუმტკიცებელი მოქალაქეები. მათთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს, დასჯიან თუ გაამართლებენ - მათ უკვე აღარც ქვეყნისა სჯერათ, აღარც სამართლიანობისა, აღარც აწმყოსი და აღარც მომავლისა.

ძალიან მინდა მათ ჩვენი ხმაც მივაწვდინო - ნუ გაბოროტდებით, ბიჭებო, ეს მაინც ჩვენი სამშობლოა!

საქართველოს რესპუბლიკა, 17. 05. 2016

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: