ვანო მერაბიშვილს შსს უჩივის

ვანო მერაბიშვილს შსს უჩივის

შს სამინისტრო მთავარ პროკურატურას ყოფილი შს მინისტრის,  ვანო მერაბიშვილის შესახებ მასალებს უგზავნის. 

 

ამასთან დაკავშირებით დღეს შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტებას. 

როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა  სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, საქმე ეხება 2006-2008 წლებში ვანო მერაბიშვილის მიერ განხორციელებულ უკანონობას. კერძოდ, გიორგობიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

 

გიორგობიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სასამხურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შს მინისტრის ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს და გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაეკმაყოფილებინათ საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

"სინამდვილეში, ახალაია და სანოძე, თითქმის 2 წლის განმავლობაში, სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. 

 

მოგვიანებით,  2008 წლის აგვისტოში, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე. 

 

"შესაბამისად საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც, შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. მისი თქმით, შემოწმებული მასალები რეაგირებისთვის დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: