დავით უსუფაშვილის საბოლოო გამოცდა

დავით უსუფაშვილის საბოლოო გამოცდა

დავით უსუფაშვილი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, საია-ს მე-19 ყრილობის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც ხელისუფლებაში მყოფს, იურისტთა ასოციაციის წინაშე ბოლო გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

 

"იურისტთა ასოციაციიდან გამოსულ ძალიან ბევრ ახალგაზრდას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნერვები ეშლებოდა, რომ იურისტთა ასოციაცია კვლავ სიმართლეს ლაპარაკობდა და პრინციპული იყო, ასე რომ, მე ახლა, ხელისუფლებაში მყოფს, შესაძლოა ბოლო გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი ამ ორგანიზაციის წინაშე და ვპირდები მის ყველა წევრს, რომ კრიტიკა და მწვავე პოზიციები სათანადოდ იყოს აღქმული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

იგი ფიქრობს, რომ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მეგობრობა არ შეიძლება და აუცილებელია თანამშრომლობა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ამაყობს საია-ს მანდატით.

 

"არა მგონია, პარლამენტში ვინმე გაბრაზდეს თუ ვიტყვი, რომ ეს მანდატი უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, რაც ერთი თვის წინ მოგვანიჭა ქართველმა ხალხმა. ძალიან ბევრმა ინსტიტუტმა ვერ გაუძლო იმ გამოცდებს, რაც ბედმა გვარგუნა, განსხვავებით იურისტთა ასოციაციისაგან. ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი მრავალრიცხოვან წევრებზე დაფუძნებული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც უმწვავეს თემებზე მუდმივად აქტიურობს. მათ მოახერხეს და დაიმკვიდრეს თავი, როგორც მართლა დამოუკიდებელმა პროფესიონალმა ორგანიზაციამ. ასაკის გამო მე აღარ მაქვს უფლება ვიყო ამ ორგანიზაციის მმართველ ორგანოში, მაგრამ ვარ წევრი და ვამაყობ ამით", -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: