რატომ ვერ ბედავს პროკურატურა მერაბიშვილის და უგულავას დაკავებას?!

რატომ ვერ ბედავს პროკურატურა მერაბიშვილის და უგულავას დაკავებას?!

წინა ხელისუფლების საშუალო დონის ჩინოვნიკთა დაპატიმრებების შემდეგ ჯერი უკვე მერაბიშვილზეც მიდგა. პროკურატურა მას დათა ახალაიასა და ვასილ სანოძისთვის უფლებამოსილების უკანონოდ აღდგენის საკითხს ედავება.


ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიბარებენ მერაბიშვილს პროკურატურაში, თუმცა ცნობილია, რომ მის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.


"ნაციონალები" მთავარი პროკურორის ყველა ინიციატივას პოლიტიკურ დევნად ნათლავენ. ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, საქმე გვაქვს წინა ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთან, რომელსაც არცთუ უსაფუძვლოდ სააკაშვილის ხელისუფლების "ხერხემალს" უწოდებდნენ.


თუ მერაბიშვილს დაპატიმრება ელოდება და მას უგულავასაც გვერდით მიუსვამენ, ცხადია, "ნაცმოძრაობა" ხერხემალში ნამდვილად გადატყდება _ თან ისე გადატყდება, რომ ფეხზე დადგომას ვერასოდეს მოახერხებს. თუმცა, ყველაფერი არა საკმარისი მტკიცებულებების ქონა-არქონაზე, არამედ ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ უგულავა-მერაბიშვილი ადეიშვილთან და ბოკერიასთან ერთად "ნაციონალების" ყველაზე ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ და საეჭვო არ არის, წინა ხელისუფლების ლობისტების მხრიდან მათი საზოგადოებისგან იზოლაციას პოლიტიკური სკანდალიც მოჰყვეს.


ზოგიერთი ექსპერტი წინა ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა დაპატიმრებას საქართველოსთვის საფრთხის შემცველ მოვლენად მიიჩნევს და შიშობს, რომ ასეთი ნაბიჯი დასავლეთის (საერთაშორისო ორგანიზაციების) გაღიზიანებას გამოიწვევს. ისინი ვარაუდობენ, რომ ამით საფრთხე შეექმნება საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯს.


"საქართველოს არა აქვს ფუფუნება, რომ დასავლეთის კრიტიკა ერთ ყურში შეუშვას და მეორე ყურიდან გამოუშვას. რადგან კრიტიკა არსებობს, ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ პროცესები სწორი კუთხით ვერ განვითარდეს!" _ აცხადებს ექსპერტი კორნელი კაკაჩია.


გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი გავიგე. ერთი ქართული ფრთიანი გამოთქმისა არ იყოს, "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო" _ იმის შიშით, რომ დასავლეთი კანონიერი ქმედებების გამო "ყურს აგვიწევს", სახელმწიფო დონის დანაშაულებზე თვალი დავხუჭოთ და გზა ისევ ხელისუფლებისადმი (ახალი ხელისუფლებისადმი) ნიჰილიზმსა და უნდობლობას უნდა დავუთმოთ?! მართლა ვერ გავიგე, სადაური წესია: ვიღაცას შენს მეგობრად თვლიდე და იმ მეგობარმა დაგამუნათოს _ შენს (ხალხის) მტრებს ხელი არ ახლო, იმიტომ, რომ მე ასე მინდაო!


არავის აქვს უფლება (უფრო სწორად, არ უნდა მივცეთ), რომ ხელი აფათუროს საქართველოს საშინაო საქმეებში. ჩვენ დასავლელ მეგობრებს მტკიცედ, ოღონდ დიპლომატიურ ენაზე უნდა ვაგრძნობინოთ, რომ პატივს ვცემთ დასავლურ ღირებულებებს, ვიზიარებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ქვეყნის განვითარებას წინ წაადგება და საქართველოს საერთაშორისო არენაზე გასვლაში დაეხმარება, მაგრამ ვერ დავეთანხმებით იმ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ სახელმწიფო დონის დანაშაული არ გამოვიძიოთ, ვისთანაც არ უნდა მიდიოდეს მისი კვალი!


იქნებ გვიპასუხონ, ბატონმა ექსპერტებმა: რას ნიშნავს, თუ დასავლეთს ანგარიში არ გავუწიეთ, საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო არ შედგებაო? თუ დემოკრატია მონურ მორჩილებას და უსამართლობასთან შეგუებას გულისხმობს, მაშინ  რად გვინდა ასეთი დემოკრატია?


კარგი იქნება ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, რაში მდგომარეობს დემოკრატიის ხიბლი და რატომ გვზღუდავს ჩვენ _ საზოგადოებას საკუთარი დამოკიდებულება გვქონდეს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. თუ მყარი დემოკრატიული რეცეპტი არსებობს, გამოგვიწერონ ბატონო, წავიკითხავთ, განვიხილავთ და დავრწმუნდებით _ რამდენად სასარგებლოა იგი "ჩვენი ჯანმრთელობისთვის".


სიტყვამ მოიტანა და ერთ კითხვაზეც უნდა გაგვცენ პასუხი ღრმადპატივცემულმა ექსპერტებმა, რომლებმაც კარგად იციან, რას ატენიან საზოგადოებას და ამით შეგნებულად წინა ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს _ სად იყვნენ მაშინ დემოკრატიის "შუქურა სახელმწიფოები და ის საერთაშორისო ბოსები, როცა მთელი 9 წლის მანძილზე ფეხქვეშ ითელებოდა საქართველოში ადამიანის უფლებები და ხალხს საკუთარი აზრის არა მარტო ხმამაღლა გამოთქმის, არამედ გაფიქრების საშუალებაც არ ჰქონდა? აბა, რისთვის იყო შემოტანილი მილიონობით ღირებული სუპერთანამედროვე მოსასმენი აპარატურები, რომელიც ლამის ჩვენს საძინებლებამდეც "შემოიპარა". ნუთუ, ეს არ იყო დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა?! აღარ მახსენდება, ამის გამო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ვინმეს "ყური აეწიოს!"


ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთი ე.წ. ექსპერტის მსგავსი ხასიათის კომენტარები ხალხში დეზორგანიზაციის შეტანას და "ნაციონალური" ხელისუფლების რევანშისტული განწყობის გამართლებას ემსახურება, რასაც დროულად და პირდაპირ უნდა გაეცეს პასუხი...


ახლა ისევ ბატონ ვანო მერაბიშვილს დავუბრუნდეთ, რომელმაც "ნაცმოძრაობის" გენმდივნის პოზიციებიდან ამაყად და "დამაჯერებლად" განაცხადა, რომ "რეფორმირებული" "ნაცმოძრაობა" მზად არის, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ორი თვის "თოთო ბავშვი", ანუ "ქართული ოცნება" დაამარცხოს! სამწუხაროდ, "სააკაშვილის ხერხემალს" არ დაუკონკრეტებია, ისეთი რა მეტამორფოზა განიცადა ამ ორი თვის მანძილზე "ნაცმოძრაობამ", რომ მზად არის ისევ ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არა მარტო სილის გაწნაა საზოგადოებისთვის, არამედ უფრო მეტიც _ ღირსების აყრა! ასეთ გამოხტომებს თავად საზოგადოებამ უნდა გასცეს მტკიცე და შეუვალი პასუხი და ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ითქვას სიძულვილსა და ძალადობაზე!


ცხადია, ვინმეს დაპატიმრება თვითმიზანი არ უნდა იყოს ახალი ხელისუფლებისთვის, მაგრამ თუ სამართლიანობის დამკვიდრებაზეა საუბარი, არც შერჩევითი სამართალი უნდა არსებობდეს _ რაც არ უნდა იძახონ "ნაცების" ლობისტებმა დაჭერებს და პოლიტიკური ოპონენტების დევნას თავი დაანებეთო, მართლმსაჯულებამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ უნდა აკეთოს პროფესიონალურად _ სათანადო მტკიცებულებების გაჯერებით და არა თითიდან გამოწოვილი, სასაცილომდე დასული ბრალდებებით!


მახსოვს მაშინდელი ოპოზიცია, იგივე დღევანდელი უმრავლესობა საზოგადოებას რიხიანად ეუბნებოდა, რომ იმდენად მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ხელისუფლებას, მის პროფესიონალურად გამოძიებას სტაჟიორი იურისტებიც შეძლებდნენ. თავი დავანებოთ სტაჟიორებს, სად არიან პროფესიონალი გამომძიებლები და რატომ ვაძლევთ საშუალებას დამნაშავეთა არმიას სამართალდამცავი სტრუქტურების უსუსურობაზე გააკეთონ აპელირება?!


მართალია, დამნაშავეთა დასჯა წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია, მაგრამ აჩქარება და ფასადური დაჭერები ახალი ხელისუფლების უუნარობას უსვამს ხაზს. აქედან გამომდინარე, უნდა ვისარგებლოთ ფორმულით _ ვიჩქაროთ ნელა!


სამართლიანობის განცდა სამართლიანი გადაწყვეტილებებით მკვიდრდება საზოგადოებაში და არა ზედაპირული, მოჩვენებითი ღონისძიებებით. კულუარული ინფორმაციით, სამართალდამცავ ორგანოებში (განსაკუთრებით პროკურატურაში) საკვანძო თანამდებობებს ისევ "ნაციონალების" მიერ დაგეშილი ადამიანები იკავებენ. საზოგადოებას აქვს ეჭვი, რაიმე სახის საბოტაჟთან გვაქვს საქმე პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან თუ ასეთი უსუსურია ქართული მართლმსაჯულება?


სხვათაშორის, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო გიგი უგულავას  გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმაც. ბევრი ფიქრობდა, რომ მერიის მაღალჩინოსნების დაკავებით კვალი უგულავამდე მივიდოდა. თუმცა, ამ გამოწვევას უგულავამ საკმაოდ ცინიკურად უპასუხა და პირდაპირ მიმართა პრემიერ-მინისტრს _ "დამაკავეთ შეთითხნილი ბრალდებითო". შემდეგ ესეც არ იკმარა და საქართველოს მთავარ პროკურორს ბ-ნ არჩილ კბილაშვილს არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი. "მერის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ეჭვს ბადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებით გავრცელებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. თქვენს მიმართვაში მითითებულიც კი არ არის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება". ახია პროკურატურაზე _ ჯერ იყო და "შეთითხნილი ბრალდებით" დაკავებას ითხოვდა ბატონი უგულავა, ახლა აინტერესებს, სისხლის სამართლის რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება(?!)


როცა ასეთი სკანდალია ატეხილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომ "ნაცმოძრაობა" ახალი ხელისუფლებისგან იჩაგრება, რომ ადგილი აქვს ოპონენტების მიმართ პოლიტიკურ დევნას, პროკურატურას არ უნდა გაუჭირდეს სათანადო მტკიცებულებების მოძიება. თუ ასეთი რამ, ჯერჯერობით, ხელთ არა აქვს, მტკიცებულებებს უნდა დაელოდოს და მავანს და მავანს ცინიზმისა და უტიფრობის საშუალება არ უნდა მისცეს.


ის, რომ მერაბიშვილითა და უგულავათი პროკურატურა დაინტერესდა, საზოგადოებაში ახალი ხელისუფლების მიმართ დადებით (სამართლიან) ასოციაციებს იწვევს, მაგრამ ეს მხოლოდ ამ მიზნით არ უნდა კეთდებოდეს. თუ იცი, რომ დამნაშავეა, სათანადო არგუმენტები უნდა დადო და საქმე ბოლომდე მიიყვანო.


სხვანაირად, იგივე საზოგადოებაში ჩნდება საკმაოდ საფუძვლიანი კითხვა: რატომ ელაციცება პროკურატურა უგულავას და მერაბიშვილს?!


ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: