საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაძლოა, აფხაზეთიდან გააძევონ

საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაძლოა, აფხაზეთიდან გააძევონ

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მყიფე ხდება. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ღაიდ აცხადებს, რომ მათ თავიანთი ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ და მხოლოდ გალის რაიონზე უნდა მოახდინონ. ამის გაგრძელებად კი საერთაშორისო ორგანიზაციების აფხაზეთიდან სრული გაძევება შეიძლება იქცეს. ამ ინფორმაციას აფხაზურ პრესაზე დაყრდნობით საინფორმაცია სააგენტო GHN ავრცელებს.


აფხაზეთში გამომავალი გაზეთის "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი აცხადებს, რომ მომდევნო წლიდან, უკიდურესი გამონაკლისის გარდა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენის სფერო მხოლოდ და მხოლოდ გალის რაიონზე გავრცელდება და ყველა მათი პროგრამა მხოლოდ გალის რაიონში იქნება რეალიზებული. გამონაკლისები იქნებიან: საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" და "ექიმები საზღვრების გარეშე" .


ხაშიგი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას დროს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მოითხოვდა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, რომ მათი მოქმედების არეალი გალის რაიონით არ შემოფარგლულიყო და აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. მაშინ ისინი მხოლოდ გალის რაიონში მოქმედებდნენ. ახლა კი ხაშიგის აზრით ყველაფერი პირიქით ხდება - მაშინ როდესაც მათ აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაიწყეს მოქმედება, მათ კვლავ გალის რაიონისაკენ მიუთითებენ.


"მიმაჩნია, რომ შემდეგი სტადია იქნება საერთოდ გაძევება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა აფხაზეთის ტერიტორიიდან. ეს ერთგვარი კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც თვითიზოლაციისკენ არის გადადგმული. ჩემი აზრით, ოფიციალური სოხუმი ამას მოსკოვის თხოვნით აკეთებს. სხვა განმარტების მიცემა ამისათვის ძალიან რთულია",_ აცხადებს ხაშიგი და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ომისშემდგომი აფხაზეთისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ახლა მათი გაძევება და მათი ლანძღვა ძალიან უმადური საქმეა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: