გიორგი თავდგირიძე: ოქრუაშვილი დანაშაულობების დამგეგმავიც იყო და შემსრულებელიც

გიორგი თავდგირიძე: ოქრუაშვილი დანაშაულობების დამგეგმავიც იყო და შემსრულებელიც

სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი გიორგი თავდგირიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ამბიციებს შეეწირა. თავდგირიძე ჯერ სამხედრო აკადემიის რექტორობიდან გაათავისუფლეს და მერე, როგორც  თავად აცხადებს, შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს _ 8 თვე სრულიად უდანაშაულოდ იჯდა ციხეში. უახლოეს მომავალში გიორგი თავდგირიძე იმ სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს, რომლის ძალითაც ციხეში იჯდა და შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილსაც უჩივლოს.


"ივერიონს" ამ და სხვა საკითხებზე გიორგი თავდგირიძე ესაუბრება.


_ ბატონო გიორგი, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, რომელიც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმიანობას აკრიტიკებდით. თუ არ ვცდები, თქვენი განცხადებების გამო დაგაპატიმრეს.


_ ნამდვილად ასე იყო. ოქრუაშვილის სიტყვიერი ბრძანებით დამაპატიმრეს, მანამდე კი სამხედრო აკადემიის რექტორის პოსტი დამატოვებინეს. ოქრუაშვილს მრავალ უკანონობაში ვამხელდი, რომელთაც თავდაცვის სამინისტროში ადგილი ჰქონდა მისი მინისტრობისას. მაშინ ოქრუაშვილს ბევრი ვერ უბედავდა სიმართლის თქმას და დისკომფორტს ვუქმნიდი _ "რკინის კაცის" იმიჯს ვამსხვრევდი, რომელიც ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა შექმნეს ოქრუაშვილისგან.
_ კონკრეტულად რას გედავებოდათ პროკურატურა?


_ ორი მუხლით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ _ ძალაუფლების გადამეტება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.  საქმე ეხებოდა მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობას. აკადემიაში 13 სამოქალაქო პირთან გავაფორმე კონტრაქტი, კანონის ყოველგვარი დაცვით. ბრალი დამდეს, თითქოს იმ დროს არსებობდა თავდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, სამხედრო აკადემიაში სამოქალაქო პირების კონტრაქტებზე აკადემიის რექტორი კი არა, სამინისტროს  კადრების სამმართველოს უფროსი იყო მხოლოდ უფლებამოსილი.


_ მართლა არ არსებობდა ასეთი ბრძანება?


_ გაირკვა, რომ ბრძანება არსებობდა, მაგრამ ის სამინისტროს კანცელარიას არ გასცილებია. არც მე, არც სხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელს ის არ ენახა თვალით, კურიერს ეს ბრძანება ჩემამდე არ მოუტანია და საიდან უნდა მცოდნოდა, რომ მე აღარ ვიყავი უფლებამოსილი, პედაგოგებთან კონტრაქტი გამეფორმებინა? მე არ დამირღვევია შრომითი ხელშეკრულება და ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთე.


_ თუმცა, მაინც ციხეში აღმოჩნდით. თვლით, რომ თქვენ ოქრუაშვილის პირადი პატიმარი იყავით?


_ ცხადია, მისი მითითებით დამიჭირეს და მისივე პირადი პატიმარი გახლდით. სხვათა შორის, როცა ოქრუაშვილმა ჩემი დაჭერის სიტყვიერი ბრძანება გასცა, ისევ მისი გარემოცვი წევრებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა უთხრეს, რომ ხელი აეღო ჩემს დაპატიმრებაზე, რადგან საამისო სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, თავისი არ დაიშალა და მაინც ჩამსვეს ციხეში.


_ თუ 2 მუხლით იყავით ბრალდებული, მხოლოდ 8 თვე რატომ იჯექით ციხეში?


_ 8 თვე წინასწარ პატიმრობაში ვიყავი. შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლომ გირაო შემიფარდა, მაგრამ პროკურატურამ გაასაჩივრა და მაშინდელმა საქალაქო სასამართლომ 8 თვე მომისაჯა ანუ ის ვადა, რაც ციხეში უკვე გატარებული მქონდა. რასაც მაბრალებდნენ იმ საქმეში თუ მართლა დამნაშავე ვიყავი, გამოდის ძალიან ლმობიერად მომექცა სასამართლო, თუ უდანაშაულო ვიყავი, მაშინ მკაცრად მომქცევიან _ 8 თვე ტყუილად ვიჯექი.


_ აპირებთ, რომ უჩივლოთ ოქრუაშვილს?


_ ვაპირებ, რომ გადაიხედოს ჩემი საქმე, ჩემი გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ გავივლი კონსულტაციებს იურისტებთან და თუ იურიდიულად ხელმოსაჭიდი საფუძველი მექნება _ დანაშაული დავუმტკიცო ოქრუაშვილს, რა თქმა უნდა, უკან არ დავიხევ და ვუჩივლებ.


_ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება საზოგადოების ერთმა ნაწილმა გმირობად აღიქვა, არადა, თავდაცვის მინისტრად მისი მუშაობის პერიოდში, თავის დროზე, უამრავი კანონდარღვევის ფაქტებზე აკეთებდით განცხადებებს თქვენ, სხვა ექსპერტები და პოლიტიკოსებიც.  თუნდაც, უკრაინასა და ჩეხეთში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შეძენის გახმაურებული ამბავი გავიხსენოთ.


_ კი, ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში ბევრი საეჭვო შესყიდვა დაფიქსირდა. ეს, თუ არ ვცდები, 2006 წლის პერიოდია, 1.7 მილიარდი იყო მაშინ სამხედრო ბიუჯეტი და დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როცა შესყიდულ იარაღსა და მის რეალურ ფასს შორის, აშკარად დიდი დისბალანსი იყო. ეს საქმეები შესასწავლია.


_ ოქრუაშვილს ედავებოდნენ სენაკისა და გორის ბაზების მშენებლობების დროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. თქვენც აცხადებდით, რომ ეს ბაზები არ შეესაბამებოდა ნატო-ს სტანდარტებს და ამ მშენებლობებში დახარჯული თანხების მართებულობის გამოძიებას ითხოვდიოთ.


_ დღესაც იმავე აზრზე ვრჩები, რომ ეს ბაზები არ არის ნატო-ს სტანდარტების და სულ მცირე, ფული უყაირათოდ დაიხარჯა, ანდა უარესიც _ ვიღაც-ვიღაცეებმა მიითვისეს ფული ამ მშენებლობიდან. ცხადია, ეს საქმეც უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. საერთოდ, შესასწავლია არა მხოლოდ ოქრუაშვილის, არამედ თავდაცვის ყველა მინისტრის საქმიანობა. ბოლო 8 წელიწადში 10 მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული თავდაცვის სფეროში. ამას დაამატეთ ოქრუაშვილის მინისტრობის დროს თავდაცვის ფინდიდან დახარჯული რამდენიმე ასეული მილიონი ლარიც. ეს თანხა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას რომ მოხმარებოდა, მაშინ ჩვენი თავდაცვის სისტემა გაცილებით ძლიერი უნდა იყოს!


_ ეს შეუსაბამობა 2008 წლის ომმაც დაადასტურა.


_ სამწუხაროდ, ასეა. ამიტომ საჭიროა, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის ბოლო 8 წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტროში არსებულ ფინანსურ და სხვა სახის კანონდარღვევებს. დარღვევები რომ იყო, თანაც მრავალი, ეს სადაო არ არის ჩემთვის და სამხედრო სფეროში ჩახედული მრავალი კომპეტენტური ადამიანისთვის.


_ ირაკლი ოქრუაშვილს 11 წელი აქვს მისჯილი და გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ 6 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არა მგონია ოქრუაშვილი იმისთვის დაბრუნებულიყო, რომ ქართულ ციხეში 11 წელი გაატაროს. რეალურად, რა არის მისი ჩამოსვლის მიზანი?


_ ოქრუაშვილი არის პოლიტიკური ავანტიურისტი, მისი შესაძლო ქმედებები ხშირად გაუთვლელია. სავარაუდოდ, ის შეეცდება გაიმართლოს თავი, ციხიდან გამოვიდეს და მერე ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდეს. ამის შემდეგ კი ეცდება სახელისუფლებო ვერტიკალისკენ გაიკვლიოს გზა. მას საამისო პირადი ფინანსური რესურსიც აქვს და არც სხვა ფინანსური რესურსების მობილიზება გაუჭორდება. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შეძლებს ამას.


_ ბევრი თვლის, რომ ირაკლი ოქრუაშვილს იმედი აქვს ახალი ხელისუფლება პოლიტპატიმრის სტატუსს მიანიჭებს, ციხიდან გამოუშვებს და ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში.


_ ირაკლი ოქრუაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ის სახელისუფლებო კლანებს შორის ბრძოლას გადაჰყვა, შიდაკლანურ დაპირისპირებას შეეწირა და ამიტომ მოიშორეს ხელისუფლებიდან, მერე კი _ ციხეში ჩასვეს. ოქრუაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს საქმეები უნდა გამოიძიონ. რანაირი პოლიტპატიმარია ოქრუაშვილი, როცა დაიჭირეს, 2 დღე იჯდა ციხეში და მერე, ისევ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცილეს უცხოეთში. ის არც საფრანგეთში ყოფნისას ყოფილა პოლიტიკური დევნილი და არც ახლაა პოლიტიკური პატიმარი. როცა ადამიანის წინააღმდეგ 7 მუხლითაა საქმე აღძრული, მას საპროცესო გარიგებით არ უშვებენ ციხიდან და მერე აეროპორტის ტრაპამდე არ აცილებენ ჩინოვნიკები.


_ ოქრუაშვილი უკვე შერაცხეს "ოქროს მოწმედ". ბევრს იმედი აქვს, რომ ის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის, მათ შორის ისეთსაც, რომლითაც სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის ბრალეულობას დაადასტურებენ ამ საქმეში. ოქრუაშვილი კიდევ უამრავ კომპრომატს ფლობს ამ და სხვა მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ის "ოქროს მოწმის" სტატუსს?


_ არა მგონია, ოქრუაშვილმა რაიმე ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს პროკურატურას. 2004-07 წლებში, როცა ის ხელისუფლებაში იყო, მართლა მრავალი დანაშაული დაიგეგმა და შესრულდა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. ოქრუაშვილი იმ 4-5 კაცში შედიოდა, ვინც ამ დანაშაულებებს გეგმავდა, ზოგჯერ ასრულებდა კიდეც. ოქრუაშვილი ამ საქმეების შესახებ არ ილაპარაკებს _ საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ მისცემს ჩვენებს? გახსოვთ, ალბათ, 2007 წლის ოქტომბერში მან ტელეეთერით განაცხადა, რომ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა და მან ეს არ შეასრულა. ახლაც,  მაქსიმუმ, შესაძლოა რაღაც ამდაგვარი თქვას _ რომ ვიღაცის მკვლელობა დაუკვეთეს, ვიღაცის აფეთქება და არ შეასრულა, შესაძლოა, სააკაშვილიც დაადანაშაულოს ამგვარ საქმეებში. თუმცა, სადაც თავად არის გარეული, მათ შესახებ, არაფერს არ იტყვის. ოქრუაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, მიხეილ სააკაშვილი არც ერთ სერიოზულ გადაწყვეტილებას არ იღებდა მის გარეშე, მეტიც, ოქრუაშვილი რეალურად, მეორე კაცი იყო ხელისუფლებაში. ამდენად, გამორიცხულია მან სააკაშვილის დანაშაულების შესახებ ფაქტები დადოს, რადგან სადაც სააკაშვილია დამნაშავე, იქაც ოქრუაშვილი იქნება თანამონაწილე.


ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: