"ნაციონალური" ბაცილა თუ მონოპოლიური მეტასტაზები

"ნაციონალური" ბაცილა თუ მონოპოლიური მეტასტაზები

"ნაციონალურმა" პარლამენტმა სასესიო ვადის მიწურულს საფუძვლიანი განხილვისა და სათანადო რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მიიღო კანონი "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ". კანონი ძალაში შედის 2013 წლის 1 იანვრიდან.


მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ ორგანიზაციებს საკმაოდ სერიოზული შენიშვნები ჰქონდათ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. დაინტერესებულ პირთა ლობირების შედეგად კანონი ფორსირებული წესით მაინც მიიღეს.


პროფესიული ორგანიზაციები თვლიან, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, კანონის ამოქმედება დაუშვებელია ორი პრინციპული საკითხის გამო _ კანონი არ ითვალისწინებს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას (ეს მიმართულება თვითრეგულირებაზე გადადის) და თანაბარ პირობებს არ უქმნის პროფესიულ ორგანიზაციებს პროფესიული ორგანიზაციების აკრედიტაციისათვის.


არათანაბარ მდგომარეობაში დარჩენილი პროფესიული ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონში ისეთი ნორმა ჩაიდო, რომლის მიხედვითაც, ერთადერთი პროფესიული ორგანიზაცია აღმოჩნდა მონოპოლიურ მდგომარებაში. იგულისხმება "ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაცია", ანუ ბაფ-ი, რომელიც თავის დროზე USAID-ის ხელშეწყობით გახდა საერთაშორისო ფედერაციის IFAC-ის წევრი. აღნიშნული კანონის მიხედვით, IFAC-ის წევრობა უფლებას აძლევს ბაფ-ს იყოს აკრედიტირებული. ამით ბევრ სხვა პრივილეგიებთან ერთად უფლებამოსილია თარგმნოს და გამოსცეს სხვადასხვა სახის პროფესიული სტანდარტები.


მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულმა ორგანიზაციებმა, კერძოდ "აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციამ" და "დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოებამ" ოფიციალური წერილით მიმართეს  პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს _ გადაიდოს კანონის ამოქმედება გონივრული ვადით, მოხდეს მისი საფუძვლიანი განხილვა-გადამუშავება და მიყვანილ იქნას იგი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, სრული მხარდაჭერა არ მოჰყოლია.


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თვლის, რომ კანონის ამოქმედების გადავადება აუცილებელი არ არის. ეს გარდა ტექნიკური პრობლემებისა, ფინანსურ ვალდებულებებთანაც არის დაკავშირებული. უფრო მიზანშეწონილი იქნება პრინციპული ხასიათის მოთხოვნები და რეკომენდაციები ჩაიდოს კანონის გარდამავალ დებულებებში, ხოლო არსებითი ხასიათის ცვლილებები შეტანილ იქნას 2013 წლის 1 იანვრამდე, ანუ ამოქმედებამდე.


თუმცა, ეს შეთანხმება, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დიდი ძალისხმევით იქნა მიღწეული, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოში ჩატარებული ე.წ. "მომრიგებელი სხდომა" უძღოდა წინ.


მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები კოლეგიალობაზე და მეგობრობაზე აპელირებდნენ, შეხვედრა იმდენად ემოციური და ხშირ შემთხვევაში უხეში გამონათქვამებით იყო გაჯერებული, საღი აზრის გამოტანა ნამდვილად გაგიჭირდებოდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ე.წ. ბაზრის მონოპოლისტები "მონაპოვრის" დათმობას არ აპირებდნენ, ხოლო "დაჩაგრულები" თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვისთვის იბრძოდნენ.


არათანაბარ მდგომარეობაში დარჩენილი პროფესიული ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა იყო კანონი ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოსულიყო, რაც უპირველესად სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს არსებობას ითვალისწინებს. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ფუნქცია თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს, არ ნიშნავს იმას, რომ "ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ", ანუ, საერთოდ უარი ვთქვათ მარეგულირებელ ორგანოზე. ერთია, როცა სტრუქტურის გაუქმება იქ მომუშავე თანამშრომელთა ბედზე აისახება, მაგრამ მეორეა, როცა ადვილად შესაძლებელია იგივე სტრუქტურის რეორგანიზაცია და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა.


პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ბევრია ისეთი მუხლები და რეგულაციები, რომელიც სერიოზულ განხილვას და დახვეწას საჭიროებს _ აქედან გამომდინარე, მისი ამოქმედება რამდენიმე თვით უნდა გადაიდოს!


საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონის ამოქმედებამდე დარჩენილ დროში შეიძლება შევიტანოთ, რადგან მისი გადავადება გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის.


რა შეიძლება შეიცვალოს კანონის ამოქმედების რამდენიმე თვით გადავადებით? _ კითხულობს ბატონი ებანოიძე და თვითონვე პასუხობს: მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის პოზიცია აღნიშნულ კანონთან მიმართებაში ნეიტრალურია, მისი ამოქმედება მაინც არ უნდა გადაიდოს, თუმცა, რატომ, ამისთვის კონკრეტული არგუმენტები არა აქვს _ იგი ვერ ასაბუთებს გარდა ფინანსური ვალდებულებებისა (აუდიტორული საქმიანობის თანამშრომელთა შენახვის ხარჯები) რას უშლის ხელს კანონის ხელახლა განხილვა-გადამუშავებას და მის საბოლოო სრულყოფას.


არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს ინტერესთა შეუთავსებლობა, მაგრამ ბატონი ებანოიძე ყოფილი აუდიტორი და დღესაც ბაფ-ის გამგეობის წევრია, იმ პროფესიული ორგანიზაციისა, რომელსაც ზემოთხსენებული კანონი სრული მონოპოლიის უფლებას აძლევს. აქედან გამომდინარე, ბაფ-ის ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ როგორც წინა ხელისუფლების დროს, დღესაც მათ სერიოზული ლობი ჰყავთ ახალ მთავრობაში!


თავად ბაფ-ის გამგეობის თავმჯდომარე, ბატონი ზურაბ ლალაზაშვილი კანონის ძირითად პრინციპებს იზიარებს. იგი აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრები და მსჯელობები ჰქონდათ, მაგრამ ზოგიერთი შენიშვნა არ გაუთვალისწინებიათ. თუმცა, არ აკონკრეტებს, რომელ შენიშვნებზეა საუბარი და ის ფორმულირებები, რომელიც მისი აზრით არ გაუთვალისწინებიათ, ჩააყენებდა თუ არა სხვა პროფესიულ ორგანიზაციებს თანაბარ მდგომარეობაში?


მათი მსჯელობიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რადგან ბაფ-ს ბაზარზე არსებობის 16-წლიანი პრაქტიკა დაუგროვდა, სხვა "ახალშექმნილებს" არსებობის უფლება არა აქვთ! ამ შემთხვევაში, "ახალშექმნილებში" "აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია" იგულისხმება, რომელიც მართლა 1 წლის წინ დაფუძნდა, მაგრამ პროფესიული და ორგანიზაციული თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება.


ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი იური პაპასქუა წინააღმდეგია კანონი მიღებული ფორმით ამოქმედდეს _ იგი აცხადებს, რომ შეხვედრები და მსჯელობები მართლაც იყო, მაგრამ არსებითი ხასიათის შენიშვნები არ გაუთვალისწინებიათ. "ჩვენ გვახსოვს, როგორ ხდებოდა კანონის ინიცირება და მიღება, ეს კანონიც გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. სულ ცოტა კანონი ორ პრობლემას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს: 1. ყველა პროფესიულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს თანაბარი სასტარტო პირობები; 2 _ სახელმწიფო მარეგულირებელი (საზედამხედველო) ორგანო უნდა არსებობდეს", _ აცხადებს იგი.


იგივე აზრისაა "დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების თავმჯდომარე" გიორგი ხმალაძეც.


მისი აზრით, კანონში ძირითადი პრინციები უნდა დაკონკრეტდეს _ უპირველესად ეს არის საზედამხედველო ორგანოს შექმნა და აკრედიტაციის საკითხი. ხმალაძეც მიიჩნევს, რომ IFAC-ის (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია) წევრობა არ უნდა იყოს აკრედიტაციის განმსაზღვრელი ფაქტორი. ეს არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა პროფესიულ ორგანიზაციებს. რაც შეეხება საზედამხედველო ორგანოს შექმნას, მის გარეშე ბუღალტერთა და აუდიტორთა საქმიანობის რეგულირება შეუძლებელია, ამას სხვა ქვეყნების პრაქტიკაც მოწმობს.


რადგან აკრედიტაციის საკითხს შევეხეთ, აქვე ვიტყვით, რომ ბაფ-მა ისარგებლა რა კანონში ჩადებული ექსკლუზიური უფლებით, ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ინდივიდუალურ აუდიტორებს და აუდიტორულ კომპანიებს, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს თავის უპირატესობას და ავალდებულებს მათ "სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულმა აუდიტორებმა, აუდიტორულმა ფირმებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ მხოლოდ ბაფ-ს" აგრეთვე ბაფ-ი მოუწოდებს აუდიტორებს და აუდიტორულ კომპანიებს დროულად მიმართონ ბაფ-ის საწევრო კომიტეტს ბაფის წევრად მიღების განცხადებით. სწორედ ამას ჰქვია, "მე ვარ და ჩემი ნაბადი"-ო


ბაფ-ი თავისი "შეუცვლელობით" ყოველთვის იქცევდა ყურადღებას და ახლაც ჩვეულ გზას მიმართა. ეტყობა, ვერ გათვალა, რომ ამჯერად არ აპატიებდნენ!


სწორედ "ამ სავალდებულობამ" გააღიზიანა საგადასახადო ექსპერტი ვალერი ხანიშვილი, რომელმაც შეხვედრაზე ემოციები ვერ დამალა და პირდაპირ განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონთან მიმართებაში ადგილი აქვს ლობირებას. "რას ნიშნავს სავალდებულო გაწევრიანება მხოლოდ ერთ კომპანიაში (იგულისხმება ბაფ-ი) მონოპოლია უნდა მოისპოს" _ აცხადებს ხანიშვილი.


პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ელგუჯა აფრიდონიძე  კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარეგულირებელი ორგანოს ერთი ხელის მოსმით გაუქმებას. იგი მიიჩნევს, რომ თუ საბჭო თავის ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს, ეს არ ნიშნავს, რომ მარეგულირებელი არ გვჭირდება (სწორია: თუ უნაგირი არ ვარგა, ცხენი რატომ უნდა მოვკლათ _ არ აჯობებს უნაგირი "სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ?!).


აფრიდონიძე დარწმუნებულია, რომ თვითრეგულირება აღრიცხვასა და აუდიტში ქაოტურ სიტუაციას შექმნის და ამის უარყოფით შედეგებს ქვეყანა უახლოეს ხანებში მოიმკის. ამასთან, პრინციპულად მოითხოვს აკრედიტაციის პირობებიც შეიცვალოს. იგი კანონის ამოქმედების მინიმუმ 3 თვით გადადებას ითხოვს, რაც გონივრული ვადა იქნება მისი სრულყოფისა და პრინციპული ხასიათის ცვლილებების შეტანისთვის.


ბ-ნი ნოდარ ებანოიძე, რომელიც შეხვედრაზე პარლამენტის პოზიციების დაცვას ცდილობდა, დაპირებას არ იძლევა, რომ კანონის გადავადება მოხდება _ მისი აზრით, უმჯობესი იქნება პრინციპული ხასიათის ცვლილებების შეტანა 2013 წლის იანვრამდე მოესწროს. თუმცა, არ აკონკრეტებს, რა ფორმით ჩამოყალიბდება სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო და როდის დაიწყებს იგი ფუნქციონირებას.


ვნახოთ, როგორ დაგვის "ახალი ცოცხი" ბუღალტრებთან და აუდიტორებთან მიმართებაში!"


P.S. ვიდრე სტატია მზის სინათლეს იხილავდა, გაირკვა, რომ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება _ პროფესიულ ორგანიზაციებს ჰქონოდათ თანაბარი სასტარტო პირობები და IFAC-ის ან მისი რეგიონული ორგანიზაციის წევრობა არ იქნებოდა უპირატესობა აკრედიტაციისთვის, ამასთან შეიქმნებოდა სახელმწიფო მარეგულირებელი (საზედამხედველო) ორგანო, დაირღვა. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ბაფ-ის ისევ მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას ცდილობს. როგორც ჩანს, ისევ მყარადაა გამჯდარი "ნაციონალური" ბაცილა და ისევ ბობოქრობს მონოპოლიური მეტასტაზები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: