რა "რეცეპტი" ჩამოაქვს ჯორჯ სოროსს "ნაციონალებისთვის"

რა "რეცეპტი" ჩამოაქვს ჯორჯ სოროსს "ნაციონალებისთვის"

ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი თბილისს კერძო ვიზიტით ეწვევა.


სტუმარი ღვთისაა! მით უმეტეს ისეთი სტუმარი, როგორიც ჯორჯ სოროსია, რომელსაც საქართველოში "ვარდების რევოლუციის" არქიტექტორად და დამფინანსებლად იცნობენ.


ბატონი ჯორჯი არა მარტო სუპერმილიარდერი, არამედ სწორუპოვარი პროგნოზისტიცაა _ მან მსოფლიოს ბოლო ეკონომიკური კრიზისი უწინასწარმეტყველა და აუხდინა კიდეც!
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მისი ფონდის უმთავრესი დანიშნულება არა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, არამედ "სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ადვოკატირებაა".


მივყვეთ თანმიმდევრობით: სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება და მისი გაძლიერება ნებისმიერი სახელმწიფოს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის რომ აუცილებელი მოთხოვნაა, სადავო არ არის. თუ საქართველოს მაგალითზე ვიტყვით, არასამათავრობოების დეფიციტს ნაკლებად განვიცდით, მაგრამ საკითხავია, რას და ვის ემსახურებიან ისინი. ბუნებრივია, მეორე კითხვაც: რაში იღებენ ისინი სოლიდურ დაფინანსებებს და რა ხეირი მოაქვთ საკუთარი ქვეყნისთვის და თავიანთი პატრონებისთვის? ჩემი პირადი დაკვირვებით, ენჯეოები უფრო ფასადური სექტორის ფუნქციას ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმრავლითა და სიჭრელით შეგვიძლია ვიტრაბახოთ, მათი როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში საკმაოდ სუსტია, სხვანაირად არც შეიძლება იყოს _ არ მესმის, რატომ ჩადებს ფულს ბატონი სოროსი საქართველოს ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ადამიანის (მოქალაქოს) უფლებები და რატომ შეუწყობს ხელს ეროვნული ხელისუფლების არსებობას ქვეყანაში?!


ჩემს ერთ-ერთ წერილში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება საკუთარ წიაღში, საკუთარივე რესურსებით უნდა იშვას. ამის შანსი ნამდვილად აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუ რა თქმა უნდა, ამის პოლიტიკური ნებაც ექნება. ასე რომ, ჩემო ქართველო "სოროსელებო": ვერ დაგიჯერებთ, რომ თქვენი ფონდი საქართველოში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის იბრძვის. ერთი რამის თქმა კი დაბეჯითებით შემიძლია _ სოროსი ბევრ ჩვენს თანამემამულეს ნოყიერ ლუკმას აწვდის და სანაცვლოდ, რას იბრუნებს უკან, ნამდვილად არ ვიცი. არც იმის უთქმელობა ეგების, რომ ზოგიერთი პროექტი მართლაც, საჭირო და სასარგებლოა, მაგრამ ეს სწორედ იმ ფასადის გასალამაზებლად კეთდება, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი!..


რაც შეეხება დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობას, მოდით, ჯერ გავარკვიოთ, როგორ გვესმის დამოუკიდებელი ქართული მედია და რამდენად დგას იგი საზოგადოების სამსახურში. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მედია-ბიზნესის განვითარება კითხვის ნიშნებს აჩენს. საერთოდ, ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი სახელმწიფოები ყველანაირად ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ მედია-საშუალებები და თავიანთ სამსახურში ჩააყენონ ისინი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ქვეყნებში ბიზნესიც ვერ ასრულებს მედიის პარტნიორის ფუნქციას, რაც ასე აუცილებელია დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის. განსაკუთრებით ამის ნათელი მაგალითია "ნაციონალური" საქართველო, სადაც მართალი სიტყვის თქმა ლამის გმირობად გვეთვლებოდა!


სხვათა შორის, დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის მარტო ფინანსური რესურსები არ არის საკმარისი, ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნებაც სჭირდება.


თუ ობიექტურად შევაფასებთ, ქართული "ნაციონალური" მედია თავის ფუნქციას არ, ან ვერ ასრულებდა (ამ შემთხვევაში მარტო "ნაციონალების" რუპორებს არ ვგულისხმობ), ის იძულებული იყო ხარკი გადაეხადა გარკვეული პოლიტიკური კლანებისთვის, რომელიც მას დამოუკიდებლობის ხარისხს აცლიდა.


აქედან გამომდინარე, ძნელი გასარკვევია, რამდენად უწყობდა ხელს ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" (იგივე, სოროსის ფონდი) დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. რაც შეეხება "გრანტიჭამია" მედია-საშუალებებს, რომლებიც წლების მანძილზე სოროსის ფულით იკვებებოდნენ, არა მგონია, რაიმე განსაკუთრებული სარგებლობა მოეტანოთ საზოგადოებისთვის და მათი ინტერესების ხმალამოღებული დამცველნი ყოფილიყვნენ.


სამწუხაროდ, ვერც იმას დავიჯერებ, რომ ბატონი სოროსი ძალიან შეწუხებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით საქართველოში. არ ვიცი, ისეთი რა ინსტიტუტები შექმნა ბატონმა ჯორჯმა, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ყველანაირი უფლებები რომ წართმეული ჰქონდათ მისივე მოვლინებული "ვარდოსნების" მიერ, თვითონაც მშვენივრად მოეხსენება. მართალია, ენჯეოების სახით ათასი ჯურის "უფლებადამცველები" დარბიან ქვეყანაში (მე ნამდვილ უფლებადამცველებს არ ვგულისხმობ), მაგრამ მათ მიერ დაცული ძალიან ცოტა თუ მინახავს. რას ვიზამთ, ესეც ფასადური დემოკრატიის მანიშნებელია.


მე ვერ დავამტკიცებ და ვერც უარვყოფ, აფინანსებს თუ არა სოროსი "ნაციონალებს", მაგრამ წლების მანძილზე ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ "ვარდების რევოლუცია" სწორედ მან დააფინანსა. რამდენადაც მახსოვს, იგი ამაყობდა კიდევ "ახალგაზრდა რეფორმატორების" "ორიგინალური" ნაბიჯებით და საქართველოში ფერადი რევოლუციის წარმატებით.


აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, მისი მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში "ვარდების რევოლუციის" კრახს უკავშირდებოდეს _ ეტყობა, თავისი ხელდასხმულების განსაცდელში დატოვებას არ აპირებს!


საინტერესოა, ამჯერად რა "რეცეპტი" ჩამოაქვს მას "ნაციონალებისთვის"!


ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: