აურზაური საკრებულოში და საეჭვოდ "გაჩალიჩებული" ტენდერი

აურზაური საკრებულოში და საეჭვოდ "გაჩალიჩებული" ტენდერი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხს ერთ-ერთი ტენდერის გამო სთხოვენ. ამ ტენდერის ისტორია პირდაპირ უკავშირდება საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ბობოხიძეს. 


ადგილობრივები ამბობენ, რომ ხონის საკრებულოში ლევან ბობოხიძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის ამ "პრივილეგიით" იმიტომაც სარგებლობდა, რომ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმაა.


ლევან ბობოხიძის "პრივილეგიების" გამო კი, ახლა პასუხი საკრებულოს თავმჯდომარეს მოეთხოვება. ამის გამო გუშინ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ნაციონალებსა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც მოგიანებით ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.


შეგახსენებთ, რომ "ნაციონალებმა" გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გელენიძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.


მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ხონის საკრებულომ ავტომანქანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ორმა ფიზიკურმა პირმა მიიღო მონაწილეობა და მათგან ერთი სწორედ, ლევან ბობოხიძე იყო. მან საკუთარი მანქანა გაიყვანა ტენდერზე, თანაც სატენდერო პირობებში ცალსახად განასაზღვრინა მოთხოვნა: მანქანა აუცილებლად რუხი ფერის უნდა ყოფილიყო. ვინაიდან მეორე მანქანა შავი იყო, ბობოხიძე ტენდერის უპირობო გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება ფასს, საკრებულომ ბობოხიძის მანქანაში 20 ათასი დოლარი გადაიხადა, მაშინ, როცა მეორე, შავი მანქანის შეძენა 6 ათას დოლარად შეიძლებოდა. სწორედ თანხის გამო ჩაიდო სატენდერო პირობებში მოთხოვნა, რომ მანქანა აუცილებლად რუხი უნდა ყოფილიყო.


საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ბობოხიძემ საკუთარი მანქანა საკრებულოს მიჰყიდა, მასზე "უფლებები" მაინც არ დაუკარგავს, ანუ თავისი ყოფილი მანქანით ისევ თვითონ სარგებლობდა. არადა, ტენდერის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საკრებულოს სჭირდებოდა მანქანა, რომლითაც ყველა წევრს უნდა ესარგებლა.


არჩევნების შემდეგ აღნიშნული ტენდერი სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა და 20 ათასად შესყიდული მანქანა 8 ათასად შეაფასა. სწორედ ამის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გელენიძის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, სასამართლომ გელენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


"ივერიონი" ლევან ბობოხიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა: "ტენდერში ჩემს მეტი არავინ მონაწილეობდა და რადგან მანქანის საწყოსი ფასი 20 ათასი დოლარი იყო, ამ ფასად შეიძინეს ჩემგან ეს მანქანა. ტენდერში ჩაწყობა არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია ამ მოტივით ადამიანის დაკავება. შეიძლება ფასის გამო მართლაც გაჩნდა ეჭვის საფუძველი, მაგრამ ამ მოტივით ადამიანის დაკავება ჩემთვის გაუგებარია".


ვალერი ვახანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: